Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ტრადიციონალისტების მრავალსახეობა


ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალთა ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. პარტიების ერთმა ნაწილმა უკვე გაარკვია და გამოკვეთა საკუთარი ადგილი,

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კი არ ჩქარობს და ამ სიდინჯით საუკეთესო ფლანგის დასაკუთრებას ცდილობს. "დინჯ" პარტიებს შორის ყველაზე გამოცდილი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირია.

ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა თავისი კოლეგებიც და საზოგადოებაც მიაჩვია, რომ მისთვის საპატიოა ის, რაც სხვებისთვის მიუტევებელია. თუმცა, როდესაც გასული საპარლამენტო არჩევნების წინ მემარჯვენე და მედასავლეთე ტრადიციონალისტები ბათუმურ ბლოკში აღმოჩნდნენ, ამ ფაქტს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

1999 წლის 9 ივლისს "ახალ თაობაში" ვალერი კვარაცხელია წერდა: "კაკო ასათიანის პოზიცია არაფრით განსხვავდება შევარდნაძის, ჟვანიასა და მოქალაქეთა კავშირის პოზიციისგან. ისინიც და ესენიც ამბობენ, რომ რუსეთს უნდა ჩამოვცილდეთ და ერთმნიშვნელოვნად ვიყოთ ორიენტირებული დასავლეთზე. რატომ არ შეიძლება, მათ შორის ალიანსზე ვიფიქროთ? ვერ ვხედავ საფუძველს, რომელიც ამას გამომარიცხინებდა."

სულ საპირისპიროდ შეაფასა ბათუმურ ბლოკში ტრადიციონალისტების დამკვიდრება ივლიანე ხაინდრავამ. 1999 წლის 16 ივლისს "ახალ 7 დღეში" იგი წერდა: "აკაკი ასათიანი, რომელიც ფორმალურადაც და კონსტიტუციურადაც მეორე პირი იყო, ხელისუფლებისთვის კრიტიკულ მომენტში აჭარაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, აბაშიძე-ასათიანის ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მათ შორის ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. ამდენად, ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ "ტრადიციონალისტთა კავშირი" ბათუმური კოალიციის წევრია".

"ახლი 7 დღის" იმავე ნომერში ირაკლი წერეთელმა მკითხველს პოლიტიკური პროგნოზი შესთავაზა: "ბათუმთან მუდმივ ალიანსში ყოფნა "ტრადიციონალისტთა კავშირისთვის" გამორიცხულია. თუმცა პარტია აუცილებლად მიიღებს ადგილებს პარლამენტში და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასლან აბაშიძის ხელშეწყობით. მაგრამ რაკი აკაკი ასათიანის ხასიათში და მის პოლიტიკურ მრწამსში მუდმივი ურთიერთობები არ დევს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი ამ კავშირს დატოვებს".

1999 წელს პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო კონიუნქტურის შესაბამისად დალაგდა. ახლა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტიები თავიდან ეძებენ პოლიტიკურ პარტნიორებს. ტრადიციონალისტები ჩვეულ სიდინჯეს იჩენენ და ადგილის შერჩევას არ ჩქარობენ, თუმცა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სინჯავენ ნიადაგს.

მიმდინარე კვირის ორშაბათს "ახალ თაობაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ თედო პაატაშვილთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასთანხმდა თუ არა აკაკი ასათიანი ბიზნესმენთა შეთავაზებას, რომ მისი პარტია პრეზიდენტის ერთ-ერთ საყრდენ ძალად ჩამოყალიბდეს, თედო პაატაშვილმა უპასუხა: "ბიზნესმენებს ნამდვილად სურთ თანამშრომლობა ტრადიციონალისტებთან, როგორც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძალასთან. არ დაგიმალავთ, ბიზნესმენებთან, იმავე ნიკო ლეკიშვილთან, კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს".

მეორე დღეს, სამშაბათს, "ახალ თაობაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან - დავით ბერძენიშვილთან - სათაურით "სააკაშვილ-ასათიანი ბიზნესმენთა წინააღმდეგ". ამ ინტერვიუში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტრადიციონალისტები დემოკრატიულ ფრონტს შეუერთდებიან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იბრძოლებენ ბიზნესმენების, კანცელარიის ჩინოვნიკებისა და გუბერნატორების წინააღმდეგ.

ოთხშაბათის "ახალი თაობა" ბეჭდავს ინტერვიუს აკაკი ასათიანთან. ამ ინტერვიუში, სრულიად მოულოდნელად, ტრადიციონალისტთა ლიდერი უარყოფს კონსულტაციებს როგორც ნიკო ლეკიშვილთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა იქვე აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათიებს ორივე ძალის მიმართ. იმავდროულად, აკაკი ასათიანი რამდენიმე პოზიციიდან თავდადებით იცავს ასლან აბაშიძეს.

სამივე პუბლიკაციაში, მთავარ თემებთან ერთად, გამოსჭვივის ტრადიციონალისტების სიახლოვე მოქალაქეთა კავშირთან და, კერძოდ, ზურაბ ჟვანიასთან.

მოკლედ, ტრადიციონალისტებისთვის პოლიტიკური სპექტრი ჰგავს გაშლილ ზღვას, რომელშიც ცურვა დასაშვები და შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით. რთული მანევრებით ამომრჩევლის დამაბნეველი ტრადიციონალისტები თავად არ იბნევიან და პოლიტიკური სპექტრის მორიგ გადანაწილებაში აქტიურად მონაწილეობენ. მათი იმედი ნებისმიერ ძალას შეიძლება ჰქონდეს. გამოცდილ ადამიანებს არ აეჭვებთ, რომ აკაკი ასათიანი საკუთარ თავს და თავის პარტიულ მეგობრებს საიმედო "ორთქმავლის" გარეშე არც ამჯერად დატოვებს.
XS
SM
MD
LG