Accessibility links

"ლოს-ანჯელესში, 2001 წლის საერთაშორისო კონკურსზე, 13 წლის მარიკა თხელიძემ


"ლოს-ანჯელესში, 2001 წლის საერთაშორისო კონკურსზე, 13 წლის მარიკა თხელიძემ,

ბრწყინვალედ წარმოადგინა თქვენი ხალხი და თქვენი ქვეყანა, მან ნამდვილად დაიმსახურა კონკურსის მთავარი პრიზი. გთხოვთ თქვენც და თქვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებსაც, გამოგზავნოთ უფრო ფართო დელეგაცია მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებაზე, რომელიც უკვე 2002 წელს გაიმართება."

ასეთი შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტმა გამოუგზავნა. ამ კონკურსზე მარიკა თხელიძე მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ბულგარეთში ჩატარებულ ფესტივალზე მისი სიმღერით ბევრი და, მათ შორის, ამ ფესტივალის ნაციონალური დირექტორიც მოიხიბლა. ლოს-ანჯელესის კონკურსზე მიწვევა პატარა მომღერლისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. იქ მოპოვებულმა აღიარებამ კი - კონკურსის გრან-პრიმ, 2- მა ოქროსა და 2 - მა ვერცხლის მედალმა - მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა. მარიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ არის მიწვეული.

[მარიკა თხელიძის ხმა] "ვიყავი კონკურსზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ხელოვნების ყველა დარგში, სადაც ბროდვეის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მომისმინა, ძალიან მოვეწონე. ბროდვეიმ მიმიწვია "Lion King"- ში ერთ-ერთ მიუზიკლში მონაწილეობის მისაღებად. შეერთებულ შტატებში გამოვა ჩემი CD - ც, გარდა ამისა, მომისმინა MTV-ის პროდიუსერმაც, შემიკვეთა კლიპი, ის უკვე გაგზავნილია და სულ მალე MTV-ზე გავა. "

["ქართული ხალხური საცეკვაო მელოდიების პოპური" - მარიკა თხელიძის შესრულებით.]

MTV -ის დაკვეთით გადაღებული მუსიკალური კლიპი, რომელიც რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო, მარიკას პირველი კლიპია. პატარა მომღერალს ის ძალიან მოსწონს, სხვა ყველაფერთან ერთად, იმ პატრიოტული დატვირთვის გამოც, რომელიც ამ ნამუშევარშია ჩადებული. "ქართული ხალხური საცეკვაო მელოდიების პოპურს" მარიკა იმ სამკერვალო ფაბრიკაში ასრულებს, სადაც საქართველოს ჯარისკაცებისთვის სამხედრო ფორმებს კერავენ. მარიკას სთხოვენ ჩუმად იყოს, მაგრამ, ის სიმღერის გარეშე ვერ გაძლებს. მუსიკალური კლიპის სიუჟეტისა არ იყოს, სიმღერას მის რეალურ ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. მარიკა თხელიძისთვის სიმღერა ყველაფერია. ის ჩვენმა საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით "ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს".

მარიკა თხელიძე 3 წლიდან მღერის. მისი პირველი პედაგოგი ლიზიკო ჭოხონელიძე იყო. 9 წლის ასაკიდან სიმღერაში სერიოზული მუშაობა რუსიკო ბახტაძესთან გააგრძელა. მარიკა თხელიძეს რეპერტუარს სწორედ რუსიკო ბახტაძე ურჩევს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მომღერალს მისთვის შერჩეული სიმღერა არ მოსწონებოდა. ქართული ხალხური მოტივების საკმაოდ რთულ ინტერპრეტაციებს ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით ასრულებს.

[მარიკა თხელიძის ხმა] "რეპერტუარს ჩემი ხელმძღვანელი მირჩევს, მას ბოლომდე ვენდობი. ამიტომ ჯერ არ ყოფილა ისეთი სიმღერა, რომელიც არ მომწონებოდა, თუმცა, თუ ასეთი იქნება, არ შევასრულებ. რაც შეეხება ხალხურ ინტერპრეტაციებს, აქამდე იყო ინტერპრეტაციები, ხოლო ბოლო - "ქართული ხალხური საცეკვაო მელოდიების პოპური" - ოთარ ყუფუნიას არანჟირებით, ხალხურია, "დაისია".

მარიკა ამბობს, რომ სცენაზე დაძაბულობას არასდროს განიცდის, მაყურებელთან კონტაქტში შედის და მთლიანად სიმღერაშია ჩართული. სცენის მიღმა ის ჩვეულებრივი ბავშვია და გული სწყდება, რომ გართობისთვის დრო არ რჩება. ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ყველაზე მეტად მოეწონა, იყო "დისნეი-ლენდი" და მისდამი საკუთარი კონკურენტების დამოკიდებულება. ერთ-ერთი კონკურენტის ნათქვამი: "ჩვენ შორის ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩემთვის გამარჯვებული მაინც შენ იქნები".

მარიკა თხელიძემ არ იცის ზუსტად, რა სამუშაო ელის შეერთებულ შტატებში. იცის მხოლოს ის, რომ ერთ-ერთ მიუზიკლში სიმბას როლი უნდა შეასრულოს და რომ სამუშო იოლი არ იქნება. ქართველი მომღერალი, რომელიც ჯერ მხოლოდ მე-8 კლასის მოსწავლეა, ამერიკელი პარტნიორების დაფინანსებით, სწავლას შეერთებული შტატების ერთ-ერთ კოლეჯში გააგრძელებს. ფიქრობს, რომ ამერიკელები 6 თვიანი კონტრაქტის გაგრძელებასაც შესთავაზებენ. ასე რომ, პატარა ვარსკვლავი გარკვეული ხნით გვტოვებს, თუმცა დებს პირობას, რომ სამშობლოში, სადაც ნიჭიერებისთვის ყველა გზა ხსნილი არ არის, აუცილებლად დაბრუნდება.

[მარიკა თხელიძის ხმა] "აქ ნიჭიერებს, ფაქტობრივად, უკან მალავენ და იქ, როგორც კი ნიჭიერი გამოჩნდება, მაშინვე ხელს ჰკიდებენ. იქ ნიჭიერი არ დაიკარგება. გარკვეული ხნით წავალ, მაგრამ სულ მთლიანად ნამდვილად არ წავალ."

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG