Accessibility links

logo-print

ქუთაისის ვიცე-მერი ქუთაისელი ჟურნალისტების წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 15 აპრილს ქართველი ჟურნალისტები კიდევ ერთხელ წარდგებიან სასამართლოს წინაშე. სარჩელის საგანი, ტრადიციულად, სახელმწიფო მოხელის შელახული პატივი და ღირსებაა,

მოსარჩელე – ქუთაისის ვიცე-მერი ონისე უგრეხელიძე, მოპასუხეები კი - გაზეთი “ქუთაისი P.S.-ი” და ჟურნალისტი თინათინ დვალიშვილი, რომელთაც საქალაქო სასამართლოში უკვე წააგეს პროცესი და 15 აპრილს საოლქო სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. პროცესის წაგება მოპასუხეთა ადვოკატის გიორგი ბოლქვაძის მოქმედებამ გამოიწვია, რომელმაც თავის მარწმუნებლებს აცნობა, პროცესი გადავადებინე და დღეს სასამართლოზე ნუ გამოცხადდებითო. სინამდვილეში, რამდენჯერმე გადადებული პროცესი სწორედ იმ დღეს, 2001 წლის 19 დეკემბერს, გაიმართა და მოსამართლემ ჟურნალისტების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ბატონმა ონისე უგრეხელიძემ საკუთარი პატივი და ღირსება მას შემდეგ მიიჩნია შელახულად, რაც გაზეთ “ქუთაისი P.S.”-ში გამოქვეყნდა თინათინ დვალიშვილის წერილი, სათაურით “ქუთაისში რაიმე რომ გააკეთო, მინიმუმ, ქალაქის მერის უფლებებით უნდა სარგებლობდე”. ვიცე-მერს შელახული თავმოყვარეობის გრძნობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც იმერეთის გუბერნატორის მხარდაჭერა იგრძნო. თემურ შაშიაშვილის თანადგომით გათამამებულმა ვიცე-მერმა სასწრაფოდ მიმართა სასამართლოს და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა მოითხოვა.

წერილის ერთ-ერთი რესპონდენტი, ქუთაისელი ბიზნესმენი დავით კოსტავა, აცხადებს, რომ მას სასტუმროს აშენებასა და 4-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაში ხელი შეუშალეს ბენზოგასამართი სადგურის მესვეურებმა, რომელთაც მერიის მაღალჩინოსნები მფარველობენ. კოსტავა წერს: “კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ნავთობის ბიზნესში ვინ არის ქალაქიდან ჩაბმული ვიცე-მერების დონეზე, ალბათ, იცით. ქუთაისში რაიმე რომ გააკეთო, მინიმუმ, ქალაქის მერის უფლებებით უნდა სარგებლობდე.”

თავად ვიცე-მერმა ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა, ხოლო ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამ განცხადებაში ონისე უგრეხელიძე ამოიცნო, რითაც, წერს ჟურნალისტი, ქალაქში მოარული ხმები კიდევ ერთხელ დაადასტურა. გაზეთის რედაქტორის ნატო გუბელაძის თქმით, ამ ხმების საფუძველი, სხვა რომ არაფერი, გუბერნატორის მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეიძლება გამხდარიყო. [ნატო გუბელაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ეს ხმები თუნდაც რომ ჭორი ყოფილიყო, მათი საბაბი მოდიოდა გუბერნატორის ლაპარაკიდან. თავის დროზე, როდესაც ეს ბენზოგასამართი სადგური შენდებოდა, გარკვეული სიტყვიერი გარიგება მოხდა ქალაქსა და ბენზოგასამართ სადგურს შორის ონისე უგრეხელიძის რეკომენდაციით, რომ იმ პირობით ააშენებინებდნენ ამ ბენზოგასამართ სადგურს, თუ იგი ქალაქს რაიმეში დაეხმარებოდა. ქალაქის დახმარებაში რა იგულისხმება: ვთქვათ, მერიის თანამშრომლები ასხამენ საწვავს ამ ბენზოგასამართ სადგურში, ან, ვთქვათ, დასჭირდება მერიის რომელიმე თანამშრომელს რაღაცა და…”
-
“უფასოდ?”
-
“ალბათ, ჰო, ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა შეღავათებით მაინც. სამაგიეროდ, ქალაქის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავს იმ ბენზოგასამართი სადგურის სასარგებლოდ”.

“პრესკონფერენციაზე, - ამბობს ჟურნალისტი, - დავუსვი შეკითხვა გუბერნატორს – თავის დროზე აშენდა თუ არა ეს ბენზოგასამართი სადგური ონისე უგრეხელიძის რეკომენდაციით და უკავშირდებოდა თუ არა იგი ონისე უგრეხელიძის სახელს. თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს ასე იყო; რომ ონისე უგრეხელიძის რეკომენდაციით აშენდა ის ბენზოგასამართი სადგური; რომ მისი მეპატრონეები ონისე უგრეხელიძესთან იყვნენ დაკავშირებულიო, მაგრამ ამაში მე მფარველობას ვერ ვხედავ და ვერ ვიტყვიო, თითქოს ონისე უგრეხელიძე დღეს ამ ბენზოგასამართ სდგურს მფარველობსო; ვერც იმას დავადასტურებო, თითქოს უგრეხელიძე ამ სადგურის მეწილეაო.”

ჟურნალისტების არაერთი თხოვნის მიუხედავად, ონისე უგრეხელიძე კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა, მაგრამ, როგორც კი გუბერნატორის პასუხი მოისმინა, მან ჯერ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, შემდეგ კი ამგვარი რეაბილიტაცია საკმარისად არ მიიჩნია და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.

სასამართლო პროცესი 4-ჯერ გადაიდო და რამდენიმე მოსამართლემ საკუთარ თავს მისცა აცილება. საბოლოოდ, გასული წლის 19 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ საჯაიამ ჟურნალისტების უჩუმრად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მათ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. 15 მაისს უკვე ქუთაისის საოლქო სასამართლოში გადაწყდება, დარჩება თუ არა ძალაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG