Accessibility links

logo-print

საქართველო – რუმინეთი: დიდი დაპირისპირება


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თბილისი დიდი სარაგბო ზეიმისთვის ემზადებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ,

ზეიმი არ შედგა. ევროპის “ერთა თასის” გადამწყვეტი მატჩი რუმინელებმა ანგარიშით 31:23 მოიგეს და პირველი ადგილიც მათ დარჩათ. აგერ უკვე მესამე წელიწადია, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეები სწორედ ტურნირის ფინიშზე ხვდებიან ერთმანეთს. შარშანწინ პირველ თბილისურ ფინალში რუმინელებმა იმარჯვეს, შარშან ბუქარესტში ქართველებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს და ევროპული თასი თბილისში ჩამოიტანეს. ტრადიციულ მეტოქეთა მესამე მატჩი გასულ შაბათს კვლავ თბილისში გაიმართა და, უამინდობის მიუხედავად, ეროვნულ სტადიონზე 35-ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. მასპინძლებს ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე გამოაკლდათ, მათ შორის – ჯიმშელაძე და ზედგინიძე, მაგრამ ბორჯღალოსანთა ფრანგ მწვრთნელ კლოდ სორელს ოპტიმიზმი არ დაუკარგავს: “მართალია, რამდენიმე წამყვან პოზიციაზე ლიდერები არ გვეყოლება, მაგრამ, რაკი თასის მოპოვების პრეტენზია გვაქვს, ეს დანაკლისი გასამართლებელ საბუთად ვერ გამოგვადგება. თასი თბილისში უნდა დარჩეს.” რუმინელთა ახალმა და, ასევე, ფრანგმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ძალიან აქო და უდავო ფავორიტი უწოდა. სამაგიეროდ, შეფიქრიანებული ჩანდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლევან ცაბაძე.


(ლევან ცაბაძის ხმა) “ესენი თვლიან, რომ ჩვენ შემთხვევით მოვუგეთ. იქ რაღაც გაუგებრობა მოხდა და, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ დავაკარგინეთ მათ საკუთარი ადგილი, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში რომ ჰქონდათ მოპოვებული. ასე რომ ვთქვათ, სამხედროების ენაზე, კბილებამდე შეიარაღებულები ჩამოვიდნენ და რა ვიცი - გაგიჟებულები. იქნება ომი ”.


ცაბაძე მართალი გამოდგა. რუმინელებმა სტარტზევე ხელთ იგდეს ინიციატივა, სამი ლელო გაიტანეს და ტაიმი 22- ქულიანი უპირატესობით მოიგეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

კიდევ კარგი, რომ ამ ტურნირის მნიშვნელობა მხოლოდ “ერთა თასის” მოპოვებით არ იზომება. შარშანდელი და წლევანდელი ტურნირები, იმავდროულად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპებია და რაკი საქართველომ ამ ტურნირთა ჯამში მეორე ადგილი დაიკავა, სანუკვარ მიზნამდე თითქმის აღარაფერი რჩება. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, ქართველ მორაგბეთა საბოლოო შედეგი მაინც ისტორიული მნიშვნელობისა გახლავთ - სპორტის სათამაშო სახეობებში მსოფლიო თასის ფინალამდე ქართულ გუნდებს აქამდე არასოდეს მიუღწევიათ. ისიც გავიხსენოთ, რომ რაგბიში მსოფლიო თასი, იგივე მსოფლიო ჩემპიონატი, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირთა სამეულში შედის და პოპულარობით მხოლოდ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს თუ ჩამოუვარდება.


რაგბის ისტორიის თავფურცელი 1823 წლის 7 აპრილს დაიწერა. ინგლისის პროვინციულ ქალაქ რაგბიში, მორიგი საკვირაო ბურთაობისას, იქაური კოლეჯის პედაგოგმა უილიამ ვებ ელისმა, როცა მისი გუნდი ფეხით თამაშში ვერაფერს გახდა, მოულოდნელად ბურთს ხელი სტაცა, თავქუდმოგლეჯილი გავარდა მეტოქის კარისკენ და ხაზი ისე გადაკვეთა, ბურთი ვერავინ გააგდებინა. ხულიგანი “ფორვარდი” მაგრად გამოლანძღეს, მოედნიდან გააძევეს და თამაში სამი კვირით აუკრძალეს. გაბრაზებულმა ელისმა ფეხბურთზე გული აიყარა, ხელით თამაშის წესები შეადგინა, თანამზრახველები გაიჩინა და მალე პირველი მატჩიც მოაწყო. იმ დღიდან ქალაქი რაგბი რაგბის სამშობლოდ გამოცხადდა, უილიამ ელისი კი – პირველ მორაგბედ. თუმცა თავად ბრიტანელებიც არ უარყოფენ, რომ ბურთის ხელით თამაშს გაცილებით დიდი და შორეული წარსული აქვს. ხელით ბურთაობა ჯერ კიდევ ძველ ჩინეთსა და რომში ყოფილა გავრცელებული. რაგბისმაგვარი თამაშის კვალი ნაპოვნია, აგრეთვე, შუა საუკუნეების იტალიაში, საფრანგეთსა და იმავე ინგლისში. რაღა შორს მივდივართ – დღევანდელი რაგბის “წინაპრად” თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენებური ლელო, იგივე ლელობურთი, უძველესი ხალხური თამაში, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ საქართველოში არსებობდა და დღემდე შემოგვრჩა.


რაგბის მაინც ინგლისურ თამაშად იცნობენ. რაგბის “ეპიდემიამ” პირველად სწორედ ბრიტანეთის კუნძულებს გადაუარა და ეს მოხდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა უამრავი სარაგბო კლუბი შეიქმნა. იმდროინდელ ტურნირებში მხოლოდ ადგილობრივი გუნდები გამოდიოდნენ, 1910 წელს კი პირველად გაიმართა “ხუთი ერის” პირველობა ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის, უელსისა და საფრანგეთის მორაგბეთა მონაწილეობით. შარშანწინ მათ იტალიელებიც შეუერთდნენ და ახლა ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას “ექვსი ერის” პირველობად მოიხსენიებენ. მსოფლიო თასს შედარებით მოკრძალებული ისტორია აქვს და სწორედ უილიამ ელისის სახელს ატარებს. ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატების მსგავსად, მორაგბეთა თასის ფინალი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და პლანეტის ოცი საუკეთესო გუნდი ასპარეზობს. მათ რიგებში მოხვედრა ურთულესი საქმეა, თუმცა საამისოდ ბევრი ირჯება. ამ გუნდებს შორისაა საქარველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელმაც პირველი საერთაშორისო მატჩი მხოლოდ 1989 წელს გამართა, მაგრამ უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველოს რაგბის კავშირი ერთ-ერთი პირველი გამოეყო საკავშირო ფედერაციას და 1992 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭოში გაერთიანდა. აქედან იწყება ქართული რაგბის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრება, ეროვნული ნაკრების ფორმირების რთული და საპასუხისმგებლო პროცესი. პირველ და წარმატებულ საერთაშორისო მატჩებს მოჰყვა დებიუტი მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირებში – მოკრძალებული საერთო შედეგებით, მაგრამ საშინაო შეხვედრების თითქმის 10-წლიანი დაუმარცხებელი სერიით. ქართველთაგან ძლეულთა სიაში მოხვდნენ: გერმანელები, ჩეხები, რუსები, ესპანელები და სხვა თავმომწონე გუნდები. მერე იყო ზემოთ ნახსენები ევროპის “ერთა თასის” ტურნირები და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, რომელიც წლეულს შემოდგომაზე დასრულდება. ეჭვი არ არის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გაისად მსოფლიო თასის ფინალში ვიხილავთ. ზეიმი მაშინ ნახეთ.
XS
SM
MD
LG