Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''უხილავი ფრონტის'' მებრძოლები ნატოს სტანდარტებზე გადადიან


პარტნიორი ქვეყნის საწყისებზე ჩრდილოატლანტურ ალიანსთან მზარდი თანამშრომლობა,

ქართველ სამხედროებს მრავალი მიმართულებით აძლევს თანამედროვე სამხედრო გამოცდილების დაუფლების უნიკალურ შესაძლებლობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში ნატოს პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პირველად ჩაერთვნენ ქართველი სამხედრო მზვერავები და, როგორც იტყვიან, შედეგიც თვალსაჩინოა - "უხილავი ფრონტის მებრძოლებს" სამდღიანი სემინარის გავლის შემდეგ სპეციალური სერთიფიკატები ნატოს ცენტრალური და სამხრეთის მიმართულებათა სარდალმა, სამვარსკვლავიანმა გენერალმა ნიკოლაუს კატაგასმა გადასცა.

"უხილავი ფრონტის მებრძოლები" - ასე უწოდებენ სამხედრო მზვერავებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მათი განსაკუთრებული პროფესიისა და ბედისწერის გამო. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივ იდეალებს მაღალი ლატენტურობისა და რისკის პირობებში ემსახურებიან, ხშირად სიკვდილის შემდეგაც კი უცნობნი რჩებიან საზოგადოებისთვის.
თუმცა, სამხედრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, ბუნებრივია, სამხედრო დაზვერვის ხელოვნებაც სულ სხვა საფეხურზე ავიდა.
პირველ ყოვლისა, შესაძლებელი გახდა ბევრ დრომოჭმულ მიდგომაზე უარის თქმა; წინა პლანზე გამოდის ადამიანური ფაქტორი, ინტელექტი და ოპერატიული მუშაობა სრულიად არატიპიურ, დემოკრატიულ სივრცეში, რაც, როგორც გაირკვა, სულაც არ უშლის ხელს საიდუმლოების დაცვას ობიექტების ოპერატიული დამუშავებისას ან ინფორმაციის კლასიფიცირების დროს.

ამ და სხვა სპეციფიკურ საკითხებზე იყო საუბარი ნატოს ჯარების ცენტრალური და სამხრეთის მიმართულებათა შტაბის მიერ 3 და 5 აპრილს ორგანიზებულ პირველ სემინარზე, რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცრები მონაწილეობდნენ.

სემინარის დანიშნულება რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ჯარების ცენტრალური და სამხრეთის მიმართულების შტაბის ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯეფრი ფარგომ ასე განმარტა:
[ვიცე-პოლკოვნიკ ჯეფრი ფარგოს ხმა] "ეს სემინარი არის ნატოს პროგრამის "მშვიდობისათვის პარტნიორობის" შემადგენელი ნაწილი. ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ სწავლება დაზვერვის საკითხებში და ჩვენი ზოგიერთი გამოცდილება გავაცნოთ ქართველ სამხედროებს. ჩვენ არ შევეხებით არანაირ საიდუმლო მასალებსა და მოწყობილობებს. გვსურს მხოლოდ გავუზიაროთ ქართველ ოფიცრებს გარკვეული გამოცდილება ზოგიერთ პროცედურასა და სტანდარტთან დაკავშირებით, ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება საჭირო ინფორმაციის მომზადება, შეგროვება და კლასიფიკაცია, რაც შემდგომში დაეხმარება მათ, ითანამშრომლონ ნატოსთან მისივე სტანდარტების დონეზე."

აღსანიშნავია, რომ საქართველო სამხედრო დაზვერვა ზუსტად საქართველოს არმიის ხნისაა და, ცხადია, ამ სტრუქტურის დაკომპლექტება თავის დროზე ყოფილი უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებით ხდებოდა. ბოლო ხანს მიმდინარე საკადრო რეფორმის შედეგად, სამხედრო დაზვერვას დასავლური სტანდარტის მიხედვით კოდიფიცირებული საშტატო სახელი J-2 ეწოდა, რასაც მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისებაც მოჰყვა.
რეფორმების პროცესში კი, როგორც ჩვენთან საუბარში გენშტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დათიაშვილმა განაცხადა, ასეთი სემინარები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
[გიორგი დათიაშვილის ხმა] "სემინარი, რა თქმა უნდა, შინაარსობრივადაც და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პირველია და, სხვათა შორის, ძალიან შედეგიანიც. და კარგი იქნება, თუკი შემდგომშიც გაგრძელდება ასეთი სემინარები."

ნატოს სტანდარტებზე მუშაობის ორგანიზებას კი, როგორც ჩვენი მოსაუბრე მიიჩნევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ტექნიკური ბაზის სათანადო სრულყოფა ესაჭიროება.

ასეთ დახმარებას კი სასტუმრო "თორში" მიმდინარე სამდღიანი სემინარი, ცხადია, არ ითვალისწინებდა. იგი მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ თანამშრომლობისკენ, რომელიც, ქართული მხარის მონდომების შემთხვევაში, სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

სხვათა შორის, ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საქართველოში მყოფმა ნატოს ჯარების ცენტრალური და სამხრეთის მიმართულებათა სარდალმა, სამვარსკვლავიანმა გენერალმა ნიკოლაუს კატაგასმა დავით თევზაძესთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გენერალმა კატაგასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ნატო მზადაა, საქართველოს ზოგიერთი პრობლემის და, კერძოდ, სამშვიდობო კონტინგენტის მომზადებაში დაეხმაროს.”

თუმცა, როგორც ირკვევა, ნატოელი გენერლების დახმარება არა მხოლოდ სამხედრო ძალების პირად შემადგენლობას, არამედ იმ სტრუქტურასაც ესაჭიროება, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყანაში უშიშროების პოლიტიკის განხორციელებაზე. საუბარია ეროვნული უშიშროების საბჭოზე, რომლის ხელმძღვანელადაც, პრეზიდენტის განკარგულებით, ერთი თვის წინ ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი თედო ჯაფარიძე დაინიშნა.

უშიშროების საბჭოსთვის დახმარების ინიციატივა კი ეკუთვნის საქართველოს სამხედრო მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ახალ წევრს, ბუნდესვერის გადამდგარ გენერალ ფრანც ვერნერს, რომელიც 5 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი, გენერალს ჯერ არ დაუკონკრეტებია. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ გენერალმა ამ პოსტზე შეცვალა ბრიტანელი კოლეგა, ოთხვარსკვლავიანი გენერალი სერ გარი ჯონსონი, რომლის რეკომენდაციებით შექმნილი სამხედრო ძალების რეფორმირების გეგმა საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც შეუსრულებელი აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG