Accessibility links

logo-print

“როცა ქვეყანაში კრიტიკა არ არსებობს”


1933 წელს, როგორც კი ფაშისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრი გახდა,

იოზეფ გებელსმა მხატვრული კრიტიკის აკრძალვა მოითხოვა. კრიტიკას, ანუ იმავე “მსჯელობის, გარჩევის ხელოვნებას,” ნაციონალ-სოციალისტებმა “ურიების საქმიანობა” უწოდეს, “დესტრუქციულად” მონათლეს... და არა მარტო ნაციონალ-სოციალისტებმა. მხატვრული კრიტიკა, როგორც ცნობილია, ტოტალიტარულ სახელმწიფოებში არსებობას წყვეტს. აქ, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ მფარველობენ “კარის კრიტიკოსებს”, რომლებიც ხელისუფლების “გემოვნებას” ემორჩილებიან, მაგრამ არ უყვართ პროფესიონალი კრიტიკოსები და, საერთოდ, ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას კულტურაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

დიახ, “საერთოდ, გულწრფელი ადამიანები”... კრიტიკა შეიძლება არც არსებობდეს, პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნეებმა, შესაძლებელია, უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, თავი დაანებონ თანამედროვე ხელოვნების კვლევას და არქივებში ქექვით გაერთონ, მაგრამ, როდესაც კრიტიკული აზრის გამოხატვა ჩვეულებრივ მოქალაქესაც უჭირს, კულტურა ერთ ადგილზე იყინება, რაც ყველაზე მეტად ანტიხალხურ ხელისუფლებას აძლევს ხოლმე ხელს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეურიგებელ მტერსაც კი გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ წართმეული აქვს სიტყვის თავისუფლება და არ შეუძლია ამა თუ იმ ფორმით გააკრიტიკოს თუნდაც საქართველოს პრეზიდენტი. მითუმეტეს, არც არავინ უშლის საქართველოს მოქალაქეს საჯაროდ გააკრიტიკოს ესა თუ ის მხატვრული ნაწარმოები. მაგრამ ასეთი სურვილი, როგორც ჩანს, ან არავის უჩნდება (შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის ვნებით შეპყრობილნი ამ ვნებისგან “პოლიტიკურ სივრცეში იცლებიან”), ან მხატვრული კრიტიკისთვის შესაბამისი ტრიბუნა არ არსებობს. პოპულარული ჟურნალისტი სერგი გვარჯალაძე უფრო მეტად ამ მეორე მოსაზრებას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ პრობლემის არსს თავად ქართული მასმედიის პასიურობა განსაზღვრავს. ცოტა ხნის წინ სერგი გვარჯალაძემ დააარსა საზოგადოება, რომელსაც “კომუნა” ეწოდა და თავისი “კომუნარები” ჯერ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში, “ჯეო-პოპში,” გაგვაცნო, მერე კი ინტერნეტგვერდიც შექმნა, რომელიც თანამედროვე მუსიკას ეძღვნება და რომლის განახლებაში ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. “კომუნის” ახალი პროექტი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ სოციოლოგიურ გამოკითხვას ჰგავს – მუსიკის მოყვარულებმა ახალი ქართული ალბომები უნდა შეაფასონ, მაგრამ, სხვა ასეთი გამოკითხვებისგან განსხვავებით, მათ არა მარტო “ხმა უნდა მისცენ” საყვარელ მუსიკოსებს, არამედ თავად ალბომის გაფორმება, ჩაწერის ხარისხი და, რაც მთავარია, მუსიკაც უნდა “დაახასიათონ”, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “გააკრიტიკონ”. როგორც სერგი გვარჯალაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა
[სერგი გვარჯალაძის ხმა]: “არის ერთი პროგრამა (შეგვიძლია ტელეჟურნალი დავარქვათ ამ ფორმატს), რომელშიც არის სეგმენტები. ეს სეგმენტია რუბრიკა “რეცენზია”, რუბრიკა “თოპ-თვენთი”... სატელევიზიო ფორმატში. შესაბამისად, იმავე ფორმატით გადის ეს ყველაფერი ინტერნეტში, ანუ არის გვერდი რეცენზიისთვის, არის გვერდი “თოპ-თვენთისთვის”.

“კომუნარები” დარწმუნებულები არიან, რომ თანამედროვე ქართული მუსიკის “კრიტიკოსთა” ანონიმური გამოკითხვა თავად მუსიკოსებისთვის იქნება სასარგებლო. ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, ბოლოს და ბოლოს, შეიტყობენ, “რას ფიქრობს ხალხი” და შეურიგდებიან აზრს, რომ მათი მოღვაწეობა, შესაძლებელია, ყველას არ მოსწონდეს. “კრიტიკოსები” კი ისწავლიან, როგორ გამოხატონ სიტყვით თავიანთი “სიმპათია-ანტიპათიები”, მითუმეტეს, რომ ანკეტაში, რომელსაც “კომუნა” თავის ანონიმ რესპონდენტებს ურიგებს, საგანგებოდაა მითითებული “შეფასების პუნქტი”, რომელშიც აღნიშნულია “ყველაფერი მოსულა”... ანუ, თუ გინდა, შეიგინე კიდეც, ოღონდ შენი აზრის გამოთქმის ნუღარ შეგეშინდება. სერგი გვარჯალაძის თქმით [სერგი გვარჯალაძის ხმა]: “არ არის ინსტიტუტი მუსიკალური კრიტიკის, არის ნაწილობრივი სურვილი საერთო მდგომარეობის აღწერის, ან ყვითელ დონეზე დაყვანილი –ყველაფერი ბანალურია და არ არის კრიტიკა, როგორც ასეთი, კონკრეტული პროდუქციის. ანუ გამოდის ალბომი. ჩვენ ვწერთ “კარგია”, “ცუდია” და ა. შ. (ძალიან მარტივად რომ ვთქვათ)”[სტილი დაცულია].

აძლევთ თუ არა ხელს ამგვარი გამოკითხვა მუსიკალურ, ხმის ჩამწერ სტუდიებს, რომლებიც ბოლო დროს ძალზე გააქტიურდნენ თბილისში? რა თქმა უნდა, ხელს აძლევთ: ნებისმიერი ანტირეკლამაც ხომ რეკლამაა, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეულ სტუდიებს (და,რა თქმა უნდა, თავად მუსიკოსებს) “კომუნარების” მანიპულაციის სურვილიც გაუჩნდეთ. მითუმეტეს, რომ გამოკითხვაში, ძირითადად, არაპროფესიონალები მონაწილეობენ და კიდევ იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს თანამედროვე მუსიკის შეფასების რაიმე მეთოდოლოგია, შესაბამისი ტერმინებიც კი. და როცა “ყველაფერი მოსულა” – “ყველაფერს” უნდა ველოდეთ კიდეც. “კომუნარებს” ეს საშიშროება გააზრებული აქვთ. როგორც სერგი გვარჯალაძემ გვითხრა [სერგი გვარჯალაძის ხმა]: “პოლუსი გათანაბრებული გვაქვს. აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არასერიოზულია ყველაფერი, რაც ჩვენში ხდება და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულად აღიქვამენ ამას ყველაფერს, როგორც შოუ-ბიზნესს.”

კრიტიკა, შეიძლება ითქვას, “ულმობელი ინსტიტუტია”. ხელოვნება მეცნიერება არ არის, ამიტომ მის შეფასებას “ფორმულებით” ვერავინ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “კომუნარების” პროექტი არამც და არამც არ იქნება ობიექტური, ე. ი. არც შეცდომებისგან იქნება ვინმე დაზღვეული. სერგი გვარჯალაძემ ასეთი ფაქტიც გაიხსენა
[სერგი გვარჯალაძის ხმა]: “იყო შემთხვევა, როცა არაჩვეულებრივი ალბომი იყო, მაგალითად, მანანა მენაბდის ალბომი (გოგი ძოძუაშვილთან ერთად) – ეს იყო არაჩვეულებრივი ალბომი, მართლაც, საერთაშორისო დონის. შეიძლება ტექნიკურად არ იყო ჩაწერილი მაღალ დონეზე, მაგრამ კონცეფცია ჰქონდა საინტერესო... მაგრამ საერთო ქულა იყო ძალიან დაბალი.”

ბუნებრივია, ლიტერატურისა და ხელოვნების ქართველ მოყვარულებს აუცილებლად დაებადებათ კითხვა – თუკი “კომუნამ”, მართლაც, მიაღწია წარმატებას, თუკი შესაძლებელი გახდა საზოგადოების, რაც შეიძლება, ფართო წრის ჩართვა თანამედროვე ქართული კულტურის შეფასების პროცესში, რატომ უნდა ტარდებოდეს გამოკითხვები მხოლოდ თანამედროვე მუსიკის სფეროში, რატომ არ უნდა შევეხოთ ხელოვნების სხვა დარგებს, ან თუნდაც ლიტერატურას. მითუმეტეს, რომ, მუსიკალური სტუდიების მსგავსად, საქართველოში ყოველდღიურად ახალ-ახალი გამომცემლობები იხსნება. ეს კითხვა ჩვენ სერგი გვარჯალაძესაც დავუსვით. [სერგი გვარჯალაძის ხმა]: “მე ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს სარისკო იქნებოდა, რადგან პრეტენზია თანამედროვე პოპ-მუსიკის ცოდნისა საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებ ხალხსა აქვს, ვიდრე ლიტერატურის მცოდნეები... არსებობს პუბლიკაციები, სადაც ლიტერატურული კრიტიკა იბეჭდება. ჯერ ეს სფეროა ფეხზე დასაყენებელი, ამაში ვცდით”[სტილი დაცულია].

ასეთი პუბლიკაციები, მართლაც, იბეჭდება, მაგრამ საქართველოში არც ლიტერატურული კრიტიკაა სახარბიელო მდგომარეობაში. არადა, საბედნიეროდ, არსებობენ მწერლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი წიგნის პრეზენტაციაზე წარმოთქმული სადღეგრძელოებით არ კმაყოფილდებიან. როგორც ჩანს, სწორედ მათ მიეკუთვნება ნანა ბუხრაძე, რომელმაც ახლახან ინგლისურად თარგმნა ანა კალანდაძის ლექსები და რეცენზიისთვის უცხოელ კრიტიკოსებს მიმართა, კერძოდ, დელავერის უნივერსიტეტის პროფესორს, ადამ სორკინს, რომელმაც ანა კალანდაძის ლექსების ამ “ინგლისური კრებულის” შეფასებისას აღნიშნა: “ახლა კი გავიგე, რატომ უყვართ ასე ძალიან ანა საქართველოშიო”, თუმცა არც კრიტიკას მოერიდა. სორკინი წერს: “წიგნი ზედმეტად მოწიწებითია, კრძალვითია – არადა ზოგჯერ, უცხოელი მკითხველისათვის უფრო უპრიანია თვითონ შეეჭიდოს ლექსის ინტენსივობის, გასაღების, მისი პოეტური ხმის გათავისების სიმძიმეს, ვიდრე იყოს დამფრთხალი ამდენი აღტაცებით, ეს, როგორც მთარგმნელმა, კარგად ვუწყი... მთარგმნელი ხელახლა უნდა ქმნიდეს, იგი თანაშემოქმედი უნდა იყოს”... შეიძლება ითქვას, რომ ეს შენიშვნა ეხება არა მარტო ანა კალანდაძის პოეზიის მთარგმნელს, არამედ ბევრად უფრო ზოგადია და, ალბათ, საკამათოც, ანუ “შემოქმედებითი აზრია”... მაგრამ არა მარტო თარგმნის კულტურა, მხატვრული კრიტიკაც ხომ შემოქმედებაა. როცა ქვეყანაში შემოქმედების ეს სფერო დათრგუნულია, მთლიანად კულტურასაც სერიოზული პრობლემები უჩნდება. კულტურაც ისეთივე “დამფრთხალია”, როგორც კულტურის კრიტიკა. გებელსისთვის ხელსაყრელი იყო ასეთი “დამფრთხალი საზოგადოება”. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი საზოგადოება დღევანდელი ქართული კულტურის “მამამთავრებსაც” ხელს აძლევდეს.
XS
SM
MD
LG