Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორ გაშუქდა გასული კვირის პრესაში 3


გიორგი კაკაბაძე, თბილისი თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორ გაშუქდა გასული კვირის პრესაში 3 აპრილის მთავრობის სხდომა. 5-8 აპრილის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს,

რომ საქართველოში კორუფციასთან ეფექტიან ბრძოლას არა და არ დაადგა საშველი. “მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძის დაუფარავ მუქარას, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ კორუფცია კვლავ მძლავრობს, ხელისუფლება კი უნიათოა”.

“შევარდნაძის მწვავე განცხადება სახელმწიფო მინისტრის გამოსვლას მოჰყვა. ავთანდილ ჯორბენაძემ პირდაპირ აღიარა, მთავრობა ანტიკორუფციული მისწრაფებებით მაინცდამაინც ვერ იწონებს თავსო. სხდომაზე მიანიშნეს კონკრეტული მისამართებიც. სახელმწიფო მინისტრის აზრით, “მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყებების საქმიანობაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება, მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის რეალურ შედეგს ვერ იძლევა”. მეტიც, ჯორბენაძის თქმით, საქართველოში ნარკობიზნესიდან მოხვეჭილი მილიარდი ლარის “შავი ფული” ტრიალებს”.

შემდეგ გაზეთი წერს, რომ ედუარდ შევარდნაძემ თავად დაასახელა მუქარის ერთ-ერთი მიზეზი – ვინც გადასაყენებელია, ჩვენ თვითონ მოვუვლით, სანამ ქუჩის აქციები დაიწყებაო. “ახალი ეპოქა” შენიშნავს: “როგორც “ახალგაზრდა რეფორმატორებად” მონათლული ქართველი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, საქართველოს პრეზიდენტმა ამ განცხადებით ერთგვარ ტაქტიკურ სვლას მიმართა – ხალხს იმედი ჩაუსახა, უნიათო მთავრობა დიდხანს ვერ გაძლებსო. მაგრამ დღევანდელ მთავრობასაც ხომ არ ეთქმის “ძველი”? ის ხომ სულ რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტმა დაამტკიცა და, შესაბამისად, ნდობა გამოუცხადა. ამ ლოგიკით, ქვეყანას ყოველ ნახევარ წელიწადში ახალი მთავრობა ეყოლება და, რა თქმა უნდა, იმავე კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ საკადრო ცვლილებებით გამოიხატება და მეტი არაფერი”.

გაზეთი არც იმას გამორიცხავს, რომ შევარდნაძის მკვეთრი განცხადებები მთავრობის მოახლოებულმა რეორგანიზაციამაც განაპირობა. თუმცა, “ახალი ეპოქის” აზრით, არის მესამე ვერსიაც: “საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობილ დასკვნას, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, განვითარებას კორუფციის დიდი მასშტაბები ზღუდავს”.

ამავე თემას ეძღვნება 5-11 აპრილის გაზეთ “ახალი 7 დღის” წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრის გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე ამაოდ ეცადა შენიშვნების გამოსათქმელად მინისტრების ტრიბუნასთან “გამოწვევას”. პრეზიდენტმა ამ თხოვნით გუბერნატორებსაც მიმართა, მაგრამ ვერც ისინი დაიყოლია. საბოლოოდ, ეს მისია თავად პრეზიდენტმა იტვირთა და თავისი გამოსვლით შიშის ზარი დასცა მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას – თითოეულ მინისტრსა და გუბერნატორს გამოსწორებისკენ მოუწოდა და გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანამდებობიდან მოხსნა აღუთქვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხდომიდან გამოსულ არც ერთ მინისტრს არ გამოუხატავს შეშფოთება პრეზიდენტის განცხადების გამო. თითოეული ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს კორუმპირებულთა შორის ისინი არ უგულისხმია. პრეზიდენტის რისხვა იმ დღეს ძალოვანებსაც დაატყდათ თავს. შევარდნაძემ მათ მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ახალი საქმეების ქექვა და ძველ, გაუხსნელ საქმეებს მოაბან თავი”.

გასულ კვირაში ერთ-ერთი პოპულარული – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა იყო. 5 აპრილის “დილის გაზეთის“ თქმით, “მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება სულ უფრო მეტად იჩენს თავს. თუმცა ჯერჯერობით არც არჩევნების გადადების საფრთხე გამოირიცხება, რადგან პოლიტიკურ ძალთა საკმაოდ სოლიდურ ნაწილს, რეიტინგიდან და სათანადო ადმინისტრაციული ბერკეტების უქონლობიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება სულაც არ აძლევს ხელს.
მათ შორის მოიაზრება კანცელარიაც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ცვლილებებს შეიტანს პარლამენტი თვითმმართველობის შესახებ კანონში. ერთი რამ კი სრულიად ცხადია – პრეზიდენტს მერების და გამგებლების არჩევა, რბილად რომ ვთქვათ, იმდენად “არ აძლევს ხელს”, რომ, პარლამენტის მიერ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენებაც არ გამოირიცხება, რასაც, თავისთავად, მოჰყვება არჩევნების გადადება.

საზოგადოებაში მოპოვებული პოპულარობიდან გამომდინარე, პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც არჩევნების ჩატარება, მეტნაკლებად, ხელსაყრელია, ახალი ნაციონალური მოძრაობა ანუ სააკაშვილის გუნდია. თუმცა იგი ადმინისტრაციული ბერკეტების ნაკლებობას განიცდის, რაც ნათლად გამოჩნდა ამ დღეებში სამეგრელოში, კერძოდ, ხობის რაიონში მომხდარი ინციდენტიდან. იქ ჩასულ ხობის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს და ნაცონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, კოტე კემულარიას, მშობლიურ რაიონში შეიარაღებული ხალხი დახვდა”.

“დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ინციდენტის ინსპირირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

არჩევნების თემასთან დაკავშირებით, 5 აპრილის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ თუ “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის სავარაუდო მიზეზად აქამდე საარჩევნო კანონი და ფინანსები სახელდებოდა, ბოლო დროს რეგიონებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მიზეზებს ხელოვნური დესტაბილიზაციის საფრთხეც მიემატა”.

გაზეთის თქმით, “ამ საფრთხის კონტურები პირველად მიხეილ სააკაშვილმა მოხაზა მას შემდეგ, რაც სამეგრელოში იმოგზაურა და შეიარაღებულ პირებთან მოუხდა შეტაკება. მან განაცხადა, რომ შევარდნაძე არჩევნების ჩასაშლელად შეიარაღებულ ბანდიტებს რაზმავს.

“რეზონანსი” გვამცნობს, რომ ხელოვნური დესტაბილიზაციის საფრთხეს არც ტრადიციონალისტები უარყოფენ. დეპუტატმა ალექსანდრე შალამბერიძემ გაზეთს განუცხადა: “რაიონების ხელმძღვანელებს არჩევნების ჩატარება არ აწყობთ, რადგან ამით მათ სკამებს საფრთხე ექმნება. ურჩევნიათ ერთ კაცთან - პრეზიდენტთან ჩააწყონ საქმე. არჩევნების შემთხვევაში ამის საშუალება არ ექნებათ, ამიტომ სავსებით რეალურია არეულობის ხელოვნურად გამოწვევა”.

“რეზონანსის” თქმით, ელენე თევდორაძე უფრო შორს მიდის და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროებასაც ხედავს. იგი ფიქრობს, რომ არჩევნები შეიძლება, მართლაც, ჩაიშალოს ხელოვნურად შექმნილი დესტაბილიზაციის საშუალებით.

“აღორძინების” დეპუტატი ვალერი გელბახიანი არჩევნების ჩაშლის ძირითად მიზეზად საარჩევნო კანონს უფრო მიიჩნევს, თუმცა, დესტაბილიზაციის საშიშროებას არ უარყოფს. “ახალი ფრაქციის” აზრით კი, დესტაბილიზაციის საფრთხე გამოგონილია.

ახლა კი ენერგეტიკის პრობლემას შევეხებით. 6 აპრილის “რეზონანსის” ცნობით, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის 12,4-დან 15,2 თეთრამდე გაზრდას პარლამენტარებიც აპროტესტებენ. ბიზნესმენები კი შიშობენ, რომ, დენის გაძვირების პროპორციულად, ყველა სახის პროდუქციაზე გაიზრდება ფასები და ეს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. პოლიტიკურ პარტიათა განცხადებებს, რომ “ეი-ი-ეს თელასის” პრეტენზიების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი ხალხს ქუჩებში გამოიყვანენ, ბევრი არ ეთანხმება და პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებაზე საუბრობს.

“მრეწველთა” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე გადაჭრით ამბობს, რომ ტარიფის თემა პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, ვინაიდან ეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის საქმეა, მაგრამ, მისი თქმით, თუ სემეკმა სათანადო ზომები არ მიიღო, მაშინ მრეწველთა ფრაქცია იმსჯელებს იმაზე, რომ მისი საქმიანობა კონტროლის პალატამ გააკონტროლოს.

პარლამენტარის განცხადებით, “ეი-ი-ესმა” ვერც ის შეძლო, რომ გადახდისუნარიანი მოსახლეობისათვის მაინც მიეწოდებინა ელექტროენერგია უწყვეტად და ასეთ პირობებში არც მისი წასვლით დაგვაკლდება ბევრი”.
XS
SM
MD
LG