Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ზოგიერთი წინააღმდეგობა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის პრობლემატიკა.

წინა კვირის რუსეთის პრესაში ამ საკითხების გარშემო გამოქვეყნებული წერილების შესახებ თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე გესაუბრებიან.

კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანის თაობაზე ხელმოწერილ ოქმთან დაკავშირებით 3 აპრილის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" აღნიშნავს, რომ აფხაზები მაინც ერთგვარ უნდობლობას უცხადებენ ქართველებს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ასტამურ ტანიამ გაზეთს განუცხადა, რომ

"სოხუმის მონაცემებით, საქართველო სამხედროების შეცვლას მესაზღვრეებით აპირებს - ასეთი როქი კი აფხაზურ მხარეს ხელს არ აძლევს. ამ დროს კი აფხაზეთი იღებს ვალდებულებას, რომ არ შეიყვანს თავის სამხედროებს კოდორში ამ მიმართულებით და არ შეცვლის თავისი ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებს მშვიდობისმყოფელთა 107-ე სადარაჯოს შემდეგ, რომელიც ხეობის ქვედა და ზედა ნაწილებს მიჯნავს".

შემდეგ წერილში აღნიშნულია, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის განცხადებით, დაახლოებით 900 სვანი მზად არის იარაღით დაიცვას საკუთარი თავი.

"ვრემია ნოვოსტეის" თქმით, "სამხედროების ყოფნა ხეობაში ნიშნავდა, რომ თბილისს შეუძლია სეპარატისტული ტერიტორიების ნაწილის გაკონტროლება. ასე რომ, ახლა თბილისი "კეთილი ნების" გამოვლინებაზე საუბრობს. ამასთან ერთად, საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ გაზეთის კორესპონდენტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ხეობაში პოლიციელების ყოფნას, ვთქვათ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს იქ არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის უსაფრთხოება და რუსეთის ელექტროენერგიის თურქეთისათვის შეუფერხებელი მიწოდება".

გაზეთი, აგრეთვე, იმოწმებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციას, რომ ხეობაში უკვე იმყოფება მესაზღვრეთა კონტინგენტი, რომელსაც, შესაძლოა, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გადასატანი კომპლექსიც გადასცენ."

რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ალეკსანდრ ევტეევმა კი "ვრემია ნოვოსტეის" განუცხადა, რომ სავსებით აკმაყოფილებს კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობისმყოფელების რიცხვი, რომელიც ამჟამად, დაახლოებით, ორი ათასს უტოლდება. მისი თქმით, "გუდაუთის ბაზაზე, რომელიც რუსეთის მედესანტეებმა 1999 წელს დატოვეს, სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად, ამჟამად 320 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და მშვიდობისმყოფელთა მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას უზრუნველყოფს".

3 აპრილის გაზეთი "კომერსანტი" კი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას აფხაზეთში. კერძოდ, იგი ირწმუნება, -წერს გაზეთი, - რომ საჰაერო ტრანსპორტით გუდაუთაში რუსეთის არმიის დამატებით ნაწილებს გადაისვრიან და ეს მაშინ, როცა, სტამბოლის შეთანხმების თანახმად, გუდაუთის ბაზა ფორმალურად დაკეტილია. იოსელიანის თქმით, ასევე იზრდება რუსეთის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტიც.

"კომერსანტის" ცნობით, "რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს ბატონი იოსელიანის განცხადებებს".

4 აპრილის "როსიისკაია გაზეტა" წერს, რომ, "ქართველ პარლამენტართა ნაწილის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან თანამშრომლობის ფონზე რუსეთის ბაზების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, ამიტომ პარლამენტარები ბაზების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას მოითხოვენ ქვეყნის ხელმძღვანელობისაგან".

გაზეთი შენიშნავს, რომ

ასეთ პოზიციას იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ "გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ შარშან, პირველ ივლისს, უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა". მინისტრის თქმით, "არ არის მიღწეული შეთანხმებები ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მაშინ, როცა მოლაპარაკებები გასული წლის მიწურულს უნდა დასრულებულიყო".

ამ დროს კი, როგორც "როსიისკაია გაზეტა" წერს, "რუსეთის მხარე არ აყენებს ეჭვქვეშ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და, იმავდროულად, არც იმას გამორიცხავს, რომ ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც სიტუაციის გამწვავებამ აფხაზეთსა და საქართველოში, მთლიანად, აგრეთვე რესპუბლიკაში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ ბაზების ლიკვიდაციის საკითხის თაობაზე".

მაგალითად, "როსიისკაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ, აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის აზრით, ბაზების ლიკვიდაცია დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საქართველოსაც, ვინაიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობის 60%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. ბათუმში დისლოცირებულ ბაზაზე კი ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და 65%-ს უტოლდება.
XS
SM
MD
LG