Accessibility links

logo-print

ქართველმა სამხედროებმა 9 აპრილს დაღუპულებს ობელისკი დაუდგეს


1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 13 წლის წინ თბილისში, მთავრობის სახლთან, მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დარბევის დროს,

საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა 20 ადამიანი მოკლეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებამ ამ თარიღის აღსანიშნავად წელს ღონისძიებათა პროგრამა შეიმუშავა. ორშაბათს კი, 8 აპრილს, დაღუპულებს იხსენებდნენ საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში, სადაც მხატვარ გივი მიზანდარის მიერ შესრულებული მემორიალი გაიხსნა.

(ჰიმნი და ორკესტრი) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებითა და ტრადიციული მხედრული ცერემონიალით დაიწყო 9 აპრილისადმი მიძღვნილი ხსოვნის დღე გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში, სადაც ყველა ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა აღმზრდელობითი მუშაობის შემადგენელ ნაწილად ითვლება.

თუმცა წლევანდელი 9 აპრილი ერთადერთი ქართული უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ცხოვრებაში მაინც განსაკუთრებით გამორჩეულია - აკადემიის რექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ომარ ლეკვეიშვილმა და კოლეგიამ 9 აპრილის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად სასწავლებლის ტერიტორიაზე მემორიალის აღმართვა გადაწყვიტეს. ქართველ ოფიცერთა ეს იდეა კი უსასყიდლოდ განახორციელა ცნობილმა მოქანდაკემ გივი მიზანდარმა, რომელმაც ობელისკის მაკეტი ტრაგედიის მეორე დღესვე შექმნა.
[გივი მიზანდარის ხმა] "ჯერ ერთი, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულია იმ ხალხის რაღაც საოცარი, თითქოს ისინი უცბად გაჩნდნენ ჩემი, არ ვიცი, ან დები, ან ძმები, ან შვილები - რაღაც აი, ასეთი გრძნობა არის, არ ვიცი, მე სულ ცრემლმორეული ვაკეთებდი ამ რელიეფს"[სტილი დაცულია].

ორშაბათს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მემორიალის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც, როგორც გაირკვა, თავად არის თბილისის მოვლენების აქტიური მონაწილე.
"მე მინდა დაიმახსოვროთ ერთი რამ, -მიმართა მინისტრმა მსმენელებს, - არ არსებობს იარაღი და არ არსებობს ძალა, რომელიც თავგანწირვაზე გაიმარჯვებს. ეს ობელისკიც აქ იმისთვის აღიმართა, რომ გახსოვდეთ ყოველთვის - გიყვარდეთ სამშობლო, გქონდეთ ძლიერი ნება და არასოდეს შეგეშინდეთ თავგანწირვისა".

აღსანიშნავია, რომ აკადემიაში საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ დაღუპულთა მშობლები და ახლობლებიც. 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლალი ყანჩაველმა, ქართველი სამხედროების ინიციატივას დადებითი მოვლენა უწოდა. თუმცა, მისი თქმით, 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის ყველაზე დიდი პატივისცემა იმ იდეალების ერთგულებაა, რასაც 13 წლის წინ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.
[ლალი ყანჩაველის ხმა] "მაგრამ მე ყველაზე მეტად ვინატრებდი და ვისურვებდი, - მით უმეტეს, რომ ძალიან მტკივნეულია მშობლისთვის, რომელსაც ასეთი განწირვით შვილი მოუკლეს,- რომ ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდეს და, როგორც ეხლა ვხედავთ, ერთიანი ყოფილიყვნენ და გახლეჩილი ნუ ვიქნებით"[სტილი დაცულია].

როგორც ცნობილია, მემორიალის დანიშნულება მხოლოდ ის კი არ არის, ადამიანებს ისტორიული მოვლენა თუ მასში მონაწილე კონკრეტული გმირების ვინაობა შეახსენოს, არამედ - დაეხმაროს მათ სწორი დასკვნების გაკეთებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის მსმენელი ლაშა ამყოლაძე 13 წლის წინ მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლე იყო და ის ამბები ძალზე ბუნდოვნად ახსოვს, მომავალმა ოფიცერმა ტრაგიკულ მოვლენებში სამხედრო ძალის მონაწილეობის შესახებ საკმაოდ საინტერესო თვალსაზრისი ჩამოაყალიბა.
[ლაშა ამყოლაძის ხმა] "ამ მემორიალმა შეგვახსენა ჩვენ, რომ ჩვენ, როცა მომავალში მეთაურები ვიქნებით, არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომ ჯარისკაცები აიძულოს, ან ბრძანება გასცეს ისეთი, რომ უიარაღო, შეუიარაღებელ მოსახლეობაზე გამოიყენონ იარაღი. ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალი მეთაურები ვართ"[სტილი დაცულია].

თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს, სამხედროების აზრს ხშირად როდი ითვალისწინებენ პოლიტიკოსები. შიდა კონფლიქტებში სამხედრო ძალის გამოყენების პრაქტიკა, რასაც საქართველოში 9 აპრილის შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ადგილი და რაც, იმედია, ისტორიას ბარდება, საქართველოს დიდი სისხლისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაუჯდა.
XS
SM
MD
LG