Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები განახლდა, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი სოხუმს გაემგზავრა


ქართველ სამხედროთა ძირითადმა ნაწილმა კოდორის ხეობა დატოვა, მაგრამ, თუ ცალკეული პოლიტიკოსები ხეობის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობენ, ედუარდ შევარდნაძე თავდაჯერებით აცხადებს,

რომ კოდორსა და მის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში დადებითი სიმპტომები შეიმჩნევა. ასეთ სიმპტომებში (თუ ისინი მართლა არსებობს) ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებაც უნდა იგულისხმებოდეს.

კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ძალა გამოყვანილია, ასე რომ, აფხაზთა მხარის დაჟინებული მოთხოვნა შესრულებულია. კოდორის ხეობაში საქართველოს არმიის ქვედანაყოფის მესაზღვრეებით ჩანაცვლების შემდეგ, რაც ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემაც დაადასტურა, ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებას მწვანე შუქი უნდა ანთებოდა. ასეც მოხდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართულ-აფხაზურმა საკოორდინაციო საბჭოს შეკრებებმა სტარტი აიღო და საწყის ეტაპზე ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლა.

სოხუმში ჩასულმა განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მედიკამენტების გამოყოფის, ტელეკომუნიკაციებისა და აფხაზეთის განათლების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილა.

მალხაზ კაკაბაძე, შესაძლოა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინსაც შეხვდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ ბრიფინგზე თქვა. კაკაბაძისა და ლოშჩინინის შეხვედრა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი და პრეზიდენტი ამ შეხვედრის მიმართ გულგრილი არ არის. პირიქით, ფიქრობს, რომ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებისადმი კონსტრუქციულად გამწყობილ ლოშჩინინს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დადებითი მუხტის შეტანა შეუძლია. მაგრამ პუტინის პირადი წარმომადგენლის როლზე გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი მაინც ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა იყოს. მათ, კერძოდ კი , ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე აწარმოებს.კონსულტაციები მთლიანად აფხაზეთის პრობლემას ეხება და, ჩვენი პრეზიდენტის მინიშნებით, “ მათზე ახალი ელემენტები ჩანს”.

საინტერესოა, რა იგულისხმება ამ ახალ ელემენტებში ან ვის და რის იმედად აცხადებს შევარდნაძე, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება არ გამწვავდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “რაც შეეხება კოდორის ხეობას, ვიმეორებ, რომ არავითარი სერიოზული საშიშროება მას არ ემუქრება და არსებობს ყველა საშუალება გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. “

ედუარდ შევარდნაძე იტოვებს იმედს, რომ არც გალის რაიონში და არც კოდორის ხეობაში ვითარება არ დაიძაბება, თუმცა, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სამშვიდობო ძალების პოსტებზე განხორციელებულ თავდასხმაში ქართველთა მონაწილეობას გამორიცხავენ და მომხდარს სწორედ იმ ძალებს მიაწერენ, რომლებსაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის გამწვავება აძლევს ხელს.
XS
SM
MD
LG