Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩასატარებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარია საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაფინანსებას მიიღებს და პარლამენტიც შეძლებს კონსენსუსის მიღწევას საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მეტიც – 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ვერ შეძლებს კანონში ცვლილებების მიღებას, არჩევნები დღეს არსებული კანონით უნდა ჩატარდეს. ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში?

ამ კვირაში პარლამენტი განაგრძობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კანონსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას. როგორც გახსოვთ, გასულ კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო. გამორიცხული არ არის, 8 აპრილს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარლამენტარებმა უფრო აქტიურად განაგრძონ საკანონმდებლო საქმიანობა. კერძოდ, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს იმ კანონ-პროექტების მიღებას, რომელიც ახლა იხილება, აქაც დიდი ტრაგედია არ არის. დღეს კანონმდებლობა მოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებობს, არჩევნების ჩატარება შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი დაინტერესებულია იმით, რომ ჩატარდეს არჩევნები.”
ანუ პრეზიდენტი ამჯერად პრინციპულობის გამოჩენას აპირებს და არჩევნებს ყველა შემთხვევაში ჩაატარებს. ანუ, თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ირგვლივ პარლამენტი კონსენსუსს ვერ მიაღწევს, არჩევნები ძველი წესით ჩატარდება. გარდა ამისა, თუ პარლამენტი ვერ შეძლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოში ისევ ფორმალურად იარსებებს, რადგან, რეალურად, 1998 წელს არჩეულმა საკრებულოებმა ეს 4 წელიწადი, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის ნაცვლად, პოლიტიკურ დაპირისპირებებში გაატარეს.
პრეზიდენტის განცხადებაზე პირველი კომენტარები უკვე გაკეთდა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებებს არ მიიღებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ტრადიციონალისტები არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ. სხვა პოზიცია აქვს მოძრაობას “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს,” რომელიც ყველა შემთხვევაში აპირებს საარჩევნო მარათონში ჩაბმას. იგივე აზრი აქვს სოციალისტურ პარტიას.
მრეწველების საარჩევნო განწყობილება საფუძვლიანია. ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, ამ მოძრაობას თუ პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. გასაგებია სოციალისტების ოპტიმიზმიც – სავარაუდოა, რომ, ტრადიციონალისტებისგან განსხვავებით, სოციასლიტური პარტია ამჯერადაც არ გარისკავს და არჩევნებში ბლოკ “აღორძინებასთან” ერთად მიიღებს მონაწილეობას, რაც, ასევე, გამარჯვების გარანტიაა. ეს სახელისუფლებო პარტია მყარი ელექტორატის შენარჩუნებას ახერხებს, კიდევ ერთი სახელისუფლებო პარტიის – მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით. სხვათა შორის, ამ პარტიის ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა ჯგუფი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პარტიის ყრილობა, რომელზეც პარტიის სამომავლო პოლიტიკა უნდა გაირკვეს, მაისშია დაგეგმილი. თუ პარტია პრეზიდენტის მხარდამჭერის სტატუსს შეინარჩუნებს, ზურაბ ჟვანია და მისი თანამოაზრენი ან პარტიის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილნენ , რაც ამ ჯგუფის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს, ან პარტიიდან წასვლის გაწყვეტილება უნდა მიიღონ; ამ შემთხვევაში ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ავტომატურად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რამდენად ხშირია საქართველოში მოვლენათა ალოგიკური განვითარება, არც ის არის გამორიცხული, ვითარება იმგვარად წარიმართოს, რომ ელექტორატს, ბოლოს და ბოლოს, მიეცეს ჭეშმარიტი არჩევანის შესაძლებლობა და არა არჩევანისა ცუდსა და ძალიან ცუდს შორის.
XS
SM
MD
LG