Accessibility links

ინტელიგენცია და სოციალიზმი


1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში კარგა ხნის განმავლობაში აზრად არავის მოსვლია

"საბჭოთა სოციალიზმის" დაცვა. ეროვნული მოძრაობის გააქტიურებასთან ერთად, სოციალისტურ ფასეულობებს ყველაზე მეტად ინტელიგენცია ებრძოდა. თუმცა დღეს "საბჭოთა სოციალიზმის" მიმართ ნოსტალგიას ქართული ინტელიგენციაც ვერ მალავს.

“პერესტროიკის” ეპოქაში საქართველოში პირველად ითქვა, რომ სიტყვა “ინტელიგენცია” რუსულ მოვლენას ასახავს, რუსი მემარცხენეების მოძრაობაში, კერძოდ, ბაკუნინის წრეში ჩაისახა და სწორედ რუსების ძალისხმევით დამკვიდრდა საბჭოთა კულტურაში. ქართველი ინტელექტუალები მაშინ ამ მხრივაც ცდილობდნენ საბჭოთა სოციალიზმისგან გამიჯვნას – თუ ეს სიტყვა რუსმა მემარცხენეებმა მოიგონეს, თუ, მართლაც, არ არსებობს ტერმინი “შვეიცარული ინტელიგენცია”, ან “იტალიური ინტელიგენცია”, რატომ უნდა გავიზიაროთ კვაზისოციალისტების მიერ გავრცელებული აბდაუბდა.

იმხანად ასე წერდენ, ამას ამბობდნენ. მაგრამ საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ მაშინვე აღადგინა ინტელიგენციის ცნება. 1993/94 წლებში მას სწორედ ინტელექტუალების მხარდაჭერა სჭირდებოდა. შევარდნაძემ, ცხადია, კარგად იცოდა, რომ საბჭოთა ეპოქაში ორი სახის ინტელიგენცია ჩამოყალიბდა, ორი განსხვავებული ჯგუფი. პირველი( საქართველოში უმრავლესობა) ყოველთვის თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, მეორე – წინააღმდეგობას უწევდა მას და თავის თავს დისიდენტად მოიაზრებდა. მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დამხობამ და საზოგადოების ტრანსფორმაციამ როგორც ერთ, ისე მეორე ჯგუფს ჩვეული როლი დაუკარგა. პირველს ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ, “მატერიალური ურთიერთობა” აღარ ჰქონდა, მეორე კი მიხვდა, რომ იატაკქვეშა მოღვაწეობას აზრი აღარა აქვს, რადგანაც აღარ არის მტერი, არ არის ის, ვისაც აქამდე ებრძოდა და ამგვარად მკვიდრდებოდა. ჩვეული როლის დაკარგვამ კი ქართულ ინტელიგენციას არასრულფასოვნების კომპლექსი გაუმძაფრა. სხვათა შორის, მოახლოებული საფრთხე ქართულმა ინტელიგენციამ 80-იანი წლების მიწურულსაც იგრძნო, როცა, ედუარდ შევარდნაძისა არ იყოს, ეგრეთ წოდებულ “ბალანსის პოლიტიკას” მიმართა ძველსა და ახალს, კომუნისტურ იდეოლოგიასა და ეროვნულ მოძრაობას შორის. პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა აღნიშნავს
[ივლიანე ხაინდრავას ხმა]: “ესტონეთში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მწერალთა კავშირის, მხატვართა და კომპოზიტორთა კავშირის რაღაც ერთობლივ სხდომაზე, ფაქტობრივად, გადააყენეს ცეკას პირველი მდივანი. ჩვენთან კოჭებს უგორებდნენ და 8 აპრილს სტუდიაში შეიკრიბნენ, ტელევიზიაში, და "კარტ ბლანში" მისცეს იმაზე, რაც გაკეთდა"[სტილი დაცულია].

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ადვილად შეძლო ჩვენი ინტელიგენციის შემობრუნება სოციალ-დემოკრატიის იდეებისაკენ, რომელსაც იმხანად იგი, როგორც “პერესტროიკის” ერთ-ერთი იდეოლოგი, ფორმალურად იზიარებდა. ამას ხელი შეუწყო ზვიად გამსახურდიას მიერ დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომამ – გამსახურდია, როგორც გვახსოვს, მაინცდამაინც არ სწყალობდა ქართულ-საბჭოთა ინტელიგენციას. თავდაპირველად შევარდნაძემ ქართველ ინტელექტუალებს ძალაუფლება დაუბრუნა - მათი უმრავლესობა “სახელმწიფო საბჭოს” წევრი გახადა და, შეძლებისდაგვარად, ზრუნვა არ მოაკლო. ამ თვალსაზრისით, 90-იანი წლები, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ინტელიგენციას მიმართა – “კულტურა გადავარჩინოთ და ჩვენც გადავრჩებითო,” ქართული საბჭოთა ინტელიგენციის აღორძინების ხანად შეიძლება მივიჩნიოთ. თეატრმცოდნე ანა ჭავჭავაძის აზრით [ანა ჭავჭავაძის ხმა]: “ადამიანები - მათ შორის, მსახიობები - აქ დამოკიდებულნი არიან ხელისუფლებაზე; მატერიალურად, მორალურადაც, თავისი საქმიანობით არიან დამოკიდებულნი და სხვანაირად მათ არ შეეძლებათ თავიანთი საქმიანობის წარმართვა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ საზოგადოებაში გვიხდებოდა ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ახლაც გვიხდება... ეს არ არის ცალმხრივი პროცესი არასოდეს. ხელისუფლებასაც ახასიათებს მოაზროვნე, გამორჩეულ ადამიანებთან არშიყის სურვილი. ეს ისტორიაში ცნობილი პროცესებია და ცნობილი ანალოგიები.”

და მაინც, საქართველოს ისტორიაში დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ ინტელიგენციასთან არშიყის ყველა საშუალება დაკარგა. საბაზრო ეკონომიკა, ავად თუ კარგად, ჩვენში მაინც განვითარდა და ისედაც გაკოტრებულ ხელისუფლებას ინტელიგენციის მართვის მექანიზმები წაერთვა. ინტელიგენციამაც არ დააყოვნა და, ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით შარშანდელ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ნელ-ნელა ჯერ ხელისუფლებას გაემიჯნა, მერე კი გარდასული ჟამის მიმართ ნოსტალგიაც გამოხატა. საქართველოში, ფაქტობრივად, შექმნილია “ახალი სოციალიზმის” მომხრე ინტელიგენტთა ფენა – ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელიც იხსნის პასუხისმგებლობას საბჭოთა ტოტალიტარიზმზე, სტალინურ რეპრესიებზე, ცენზურაზე; ერთი მხრივ, არ უარყოფს კერძო საკუთრებას, მეორე მხრივ კი, ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ “ახალი ცხოვრება”, ანუ დასავლური ფასეულობები – ეს ცინიზმია, ძალადობა, პორნოგრაფია და ყველაფერი ეროვნულის წაბილწვა. თავის სახლში “ახალი სოციალისტი” – კაპიტალისტია. მოსწონს პრივატიზებული ბინა, მოსწონს, რომ აქვს უძრავი ქონების გაყიდვის, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. მაგრამ როგორც კი სახლიდან გადის, მასში მაშინვე იღვიძებს, ასე ვთქვათ, “პატრიარქალური ვნებები” – იგი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა “მისცეს”... მაგალითად, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მისი კინო და თეატრალური პროექტები, გამოსცეს მისი წიგნები. შემოქმედებითი ინტელიგენცია ხშირად თავმდაბალიცაა ხოლმე – იგი, როგორც “ერის სინდისი”, უფრო იმაზე წუხს, რომ “ხალხი ცხოვრობს ცუდად”. თუმცა, როგორც წესი, მაინცდამაინც არ მონაწილეობს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამ ადამიანთა უმრავლესობა იშვიათად გვევლინება ადამიანის უფლებების დამცველად, ამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რა ხდება, მაგალითად, ქართულ ციხეებში, ობოლ ბავშვთა სახლებში, როგორ ცხოვრობენ ლტოლვილები და ა.შ.

ახალი “ინტელიგენტი-სოციალისტების” ყველაზე საყვარელი თემა თვითმყოფადობის დაკარგვაზე საუბარია. რა თქმა უნდა, ვერავინ დააჯერებს მათ, რომ თვითმყოფადობის დაკარგვის ეშინოდათ ყველგან და ყოველთვის, მაგრამ სამყარო ისევ ჭრელი და მრავალფეროვანი რჩება. სოცილისტური ფასეულობების ნოსტალგია – წყევლა-კრულვა თუნდაც მეზობელი ბიზნესმენისა, რომელიც მასზე, ე. ი. ინტელიგენტზე უკეთ ცხოვრობს - და ეროვნულ გრძნობებზე თამაში ქმნის სიმბიოზს, რომელიც ორი სიტყვის - ნაციონალიზმისა და სოციალიზმის -გაერთიანებით გამოიხატება. ამ ორი სიტყვის დეფისით გაერთიანება კი სავალალო შეიძლება გახდეს არა მარტო ქართული კულტურისათვის, არამედ მთლიანად ქართველი ერისათვის.

ბრაზდება რა მეზობელზე, რომელიც მასზე უკეთ ცხოვრობს, კვაზისოციალისტი ვერ თავისუფლდება “ინტელიგენტური ამპარტავნობისგან” – პროფესიის შეცვლა და მეზობელთან “შეჯიბრი” დამამცირებლად, სირცხვილად მიაჩნია. ყველაფერი ეს შემოქმედებითი ინტელიგენციის “ნაღვაწშიც” აისახება – დღევანდელ ქართულ კულტურაში (მასმედიის ჩათვლით) პოზიტივი თითქმის აღარ არსებობს, არ არსებობს გმირი, რადგან გმირს მხოლოდ საშუალო კლასი ქმნის. კორუმპირებულ საზოგადოებაში კი საშუალო კლასის დეფიციტია. ფილოსოფოს ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]:“საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ეშინია ხიფათის და ვისაც ხიფათის ეშინია, მას არა აქვს შანსი რეალურად გადალახოს ხიფათი.”

ხიფათის, ტრადიციულად, ეშინიათ იმ ქართველ ინტელიგენტებსაც, რომლებმაც მოღვაწეობა საბჭოთა ეპოქაში დაიწყეს, ხელისუფლების “სათბურში” გაიზარდნენ, ვისთვისაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ იდეალური პირობები შექმნა ინტელექტუალური და შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები ნელ-ნელა ისევ გადაიხარნენ კვაზისოციალიზმისაკენ. ადრე თუ გვიან ინტელიგენციის საბჭოთა სოციალიზმისკენ დაბრუნება აუცილებლად უნდა მომხდარიყო...რადგან ინტელიგენცია( ამ სიტყვის პირველად მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ) და სოციალიზმის ეს საბჭოური ფორმა ზუსტად იგივეა, რაც ფეოდალი და ფეოდალიზმი.
XS
SM
MD
LG