Accessibility links

logo-print

როგორ ვითარდება რეგიონული ტელეკომპანიები საქართველოში


სოზარ სუბელიანი, თბილისი საქართველოს რეგიონებში 30-ზე მეტი კერძო ტელეკომპანია მაუწყებლობს. ტელევიზიების უმრავლესობამ მაუწყებლობა უკიდურესად მძიმე პირობებში დაიწყო,

თუმცა ბევრმა მათგანმა მძიმე დღეები უკან ჩამოიტოვა და განვითარების ახალ ეტაპზე გავიდა. მიუხედავად ამისა, რეგიონულ ტელეკომპანიებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე თბილისელ მაუწყებლებს.

სასტარტო პირობები ტელეკომპანიების უმრავლესობას ერთნაირი ჰქონდა: ერთ ან ორ ოთახში დალაგებული ორიოდე ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, სუსტი გადამცემი და ორიოდე მოხალისე, რომელმაც ბიზნესის ამ ახალ სახეობაში ცადა ფეხის მოკიდება. დღეისათვის ზოგიერთი ტელეკომპანია საკმაოდ მოძლიერდა. “თრიალეთი” პირველი რეგიონული ტელეკომპანიაა, რომელმაც გორში მოზრდილი ოფისი ააშენა და მშენებლობაშიც კაიძალი თანხები დააბანდა. ტელეკომპანიის პრეზიდენტის ბადრი ნანეტაშვილის თქმით, “თრიალეთი” ეთერში პირველად 1990 წელს ძალიან სუსტი გადამცემით გავიდა, 1995 წლიდან კი მისი მაუწყებლობა უკვე რამდენიმე რაიონს ფარავს: [ბადრი ნანეტაშვილის ხმა] “გორი, ქარელი, ხაშური, კასპი – კასპში, თვითონ რაიონულ ცენტრში, ცოტა უჭირს, რაიონს კარგად ვფარავთ – და ცხინვალი, ცხინვალში საუკეთესოდ გადის”.

“თრიალეთის” პირველი ნაბიჯები სხვა ტელეკომპანიებისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა: [ბადრი ნანეტაშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“სულ გვქონდა ორი ოთახი. ამ ორ ოთახში თავიდან გვქონდა ორი ვიდეომაგნიტოფონი და ერთი შავ-თეთრი, საბჭოთა კავშირში გამოშვებული ტელეკამერა, რომელიც ადგილზე იყო და გარეთ ვერ გაგვქონდა. ზოგჯერ გვიხდებოდა ისე, რომ ვიდეომაგნიტოფონი მიგვქონდა – “ელექტრონიკა” რომ იყო, დიდი ვიდეომაგნიტოფონი – ეს შავ-თეთრი კამერა ვიდეომაგნიტოფონზე ერთდებოდა, იქიდან იწერებოდა ვიდეომაგნიტოფონზე და იმით ვიღებდით რამე ინფორმაციას.
-
საინფორმაციო მაშინ კვირაში ერთხელ გადიოდა?
-
კვირაში ერთხელ გადიოდა, იმიტომ რომ ვერ აუვიდოდით სხვაგვარად. ჩვენ თავიდანვე უპირველეს მნიშვნელობას საინფორმაციოს ვაძლევდით…
-
რამდენი კაცი მუშაობდით?
-
თავიდან ვმუშაობდით 8 კაცი, ყველანი უხელფასოდ და ენთუზიაზმით. მერე, როცა თანდათან დაიწყო შემოსვლა განცხადებებმა და რეკლამებმა, ხელფასების გაცემაც დავიწყეთ”.

გორის ტელევიზიის გამოცდილება არც დანარჩენებისთვისაა უცხო. მაგალითად, თელავის ტელეკომპანია “თანამგზავრის” ვიდეოკამერა მანქანის აკუმულატორზე იყო შეერთებული და ისე მუშაობდა. შესაბამისად, გადაღებების დროს ოპერატორს აკუმულატორის სატარებლად 2 კაცი თან დაჰყვებოდა ხოლმე. საქართველოში ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ვიზიტის დროს ჟურნალისტებს ეუხერხულათ აკუმულატორით სიარული და მას შავი ნაჭერი გადააფარეს, მაგრამ უხერხულობისგან ამანაც ვერ იხსნა: მასხადოვის დაცვა შეაფიქრიანა საეჭვო ნივთმა, რომელსაც წელში მოხრილი ორი კაცი მათი პრეზიდენტის კვალდაკვალ დაატარებდა და ნაჭრის სასწრაფოდ მოხსნა მოითხოვეს.

დღეისათვის ტელეკომპანიების უმრავლესობა საკმაოდ მოძლიერდა. “თრიალეთს” ამჟამად 28 თანამშრომელი ჰყავს, გასული წლის პირველ ივნისს დაწყებული ოფისის მშენებლობის დამთავრებას კი კომპანიის პრეზიდენტი მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აპირებს. [ბადრი ნანეტაშვილის ხმა] “საქართველოში პირველი ტელეკომპანიაა, რომელმაც ააშენა თავისი ოფისი. შენობა, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრია და მისი მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა. თანხამ ჯერჯერობით, მე მგონი, 200 ათას ლარს მიაღწია”.

მშენებლობისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად ბადრი ნანეტაშვილმა, ნაწილობრივ, კრედიტი აიღო, ნაწილი თავად ტელევიზიის შემოსავლებით დააგროვა, ნაწილობრივ კი, სხვა ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ჩადო: [ბადრი ნანეტაშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ცოტა ოჯახის შემოსავლებითაც დავეხმარეთ: იქ ბაღი გვაქვს, იქ ვაშლი გვაქვს, იქ რაღაცა და… სხვა შემოსავლებიც დავახმარეთ…”
-
“ამჟამად რეკლამიდან თუ რაღაც განცხადებებიდან შემოსული თანხით ტელეკომპანია თავის ხარჯებს ფარავს?”
-
“ტელეკომპანია ხარჯებს ფარავს და მოგებაც რჩება. ეს შეეხება ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ხელფასი, გადასახადი, ნაწილობრივ, ტექნიკასაც ვყიდულობთ და მშენებლობასაც ვეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შემოსავლის სხვა წყაროები: კომპიუტერული მომსახურება, კომპიუტერული სათამაშოები, საკანცელარიო მაღაზია, ქსეროქსი… ახლა გვინდა დავიწყოთ ინტერნეტ-მომსახურება – გორში არა გვაქვს ინტერნეტ-კაფე და იმის გაკეთებას ვგეგმავთ…”.

საქართველოში დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანიების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას სერიოზულად შეუწყო ხელი ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსმა”. 1994 წლის ივნისში ინტერნიუსმა საქართველოში პირველი სემინარი ჩაატარა მენეჯმენტში, სადაც ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ტელეკომპანიები იყვნენ მიწვეულნი. კონფერენციაში საქართველოში იმ დროისთვის არსებული 13-ვე ტელეკომპანია მონაწილეობდა. “ინტერნიუსის” აღმასრულებელი დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი ასე აღწერს ამ ტელეკომპანიების პირველ ნაბიჯებს: [გენადი უჩუმბეგაშვილის ხმა] “თავიდან როგორ დაიწყო: მაგნიტოფონის გარემონტება ეხერხებოდათ, ტელეატელიები ჰქონდათ. მერე გახსნეს ვიდეოსალონები, მერე ვიღაცამ გადაწყვიტა – რაღა კლუბში ვაჩვენო, ანტენას დავდგამ და ბარემ ყველას ერთად ვაჩვენებ ფილმებსო. აქედან დაიწყო პირველი ეტაპი. ახლა უკვე რამდენიმე ტელეკომანიას სერიოზული “ახალი ამბები” აქვს, სერიოზულ ძალას წარმოადგენს რამდენიმე ტელეკომპანია, მაგალითად, გორის ან ზუგდიდის ტელეკომპანიები.”

“ინტერნიუსის” დახმარებით, რეგიონებში სერიოზულად გაიზარდა ჟურნალისტების პროფესიონალიზმი, თუმცა პრობლემები მაინც ბევრია.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ტრადიციულად, სიღარიბე და სარეკლამო ბაზრის არარსებობაა. ზოგიერთი რაიონული ტელევიზიის ერთადერთ შემოსავალს მიცვალებულთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები წარმოადგენს. ასეთი რაიონული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი საცთური გამოუჩნდებათ ხოლმე. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონულ ტელევიზიას გასვენებიდან პირდაპირი რეპორტაჟის გაკეთებაში 500 დოლარს სთავაზობდნენ. კომპანიისთვის, რომლის შემოსავალი მთლიანად განცხადებებზეა დამოკიდებული და რომლის ეთერში გასული განცხადების ფასი 5-დან 15 ლარამდე მერყეობს, ეს სერიოზული შემოსავალი იყო, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა უარი თქვეს წინადადებაზე, რომლის განხორციელებას, შეიძლება, ახალი მოდის დამკვიდრებაც მოჰყოლოდა.

გენადი უჩუმბეგაშვილის თქმით, მალე საქართველოს ტელეკომპანიები კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან: [გენადი უჩუმბეგაშვილის ხმა] “ახლა, სექტემბრიდან, თუ ამოქმედდება კანონი საავტორო უფლებების შესახებ, მაშინ ბევრ რეგიონულ ტელეკომპანიას დიდი პრობლემები შეექმნება: ისინი ლიცენზირებულ პროგრამებს ვერ იყიდიან და ან ავტომატურად უნდა დაიხურონ, ან თბილისის რომელიმე ტელეკომპანიის ქსელში გაერთიანდნენ. ისე, მსოფლიოშიც, არსებითად, ასე არის,”.

შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი საგადასახადო შეღავათების დაწესებაა: [გენადი უჩუმბეგაშვილის ხმა] “ჩვენ გვინდა, რომ რაღაც გარკვეული ვადით მაინც განთავისუფლდნენ მაუწყებლები გადასახადისგან. მეორეც, დღეს ბევრი ფონდი არსებობს, რომელსაც სურვილი აქვს, დაეხმაროს მაუწყებლებს და მათ გრანტი მისცეს, მაგრამ, დღევანდელი გრანტის კანონით, მასმედიის საშუალებებს არა აქვთ უფლება, მიიღონ გრანტი. ჩვენ გვინდა, რომ მასმედიის საშუალებებსაც შეეძლოთ გრანტის მიღება. და საბაჟო: ეს უფრო შეღავათი არ არის, ეს უფრო შეცდომაა, როდესაც ტელეკომპანიას შემოაქვთ ტელეკამერა და ეს არ ითვლება მის ძირითად საშუალებად. შესაბამისად, იგი, 5 პროცენტის ნაცვლად, 35 პროცენტს იხდის”[სტილი დაცულია].

კიდევ ერთი პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლაა, რასაც რეგიონული ტელევიზიები ხშირად ემორჩილებიან: [გენადი უჩუმბეგაშვილის ხმა] “სერიოზული ზეწოლები რეგიონში უფრო მეტია, ვიდრე თბილისში, იმიტომ რომ იქ ყველა ყველას იცნობს. ბევრმა ვერც გაუძლო ამას და დღეს ანგარიშს უწევს ამას. იგივე თელავის ტელევიზია დღეს ცდილობს, რაღაც ანგარიში გაუწიოს იქაურ ადგილობრივ ხელისუფლებას”.

კიდევ ერთი ფაქტორი: ზოგიერთ რაიონში ტელევიზიის მფლობელობა თუ ხელმძღვანელობა ერთგვარი სოციალური სტატუსის განსაზღვრისთვის გამოიყენება: ტელევიზიის ხელმძღვანელი ესწრება გამგეობის სხდომებს, მას ეძახიან იქ, სადაც “ძლიერნი ამა სოფლისანი” იკრიბებიან და, შესაბამისად, ტელეკომპანიების ხელმძღვანელებისთვის მათი სოციალური სტატუსის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სიტყვის თავისუფლება ან ამ თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლა.
XS
SM
MD
LG