Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 15-დან 17 აპრილამდე გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიმართება მეტად მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას ეძღვნება.

სემინარის ორგანიზატორები არიან ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, სადაც სემინარის პროგრამა მომზადდა. ჩვენ ვესაუბრეთ ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელს.

[რონდელის ხმა] “ფაქტობრივად, სემინარი ფინანსდება ჯორჯ მარშალის ცენტრის მიერ, ხოლო დანარჩენი ორგანიზაციული სამუშაოები – მონაწილეების შერჩევა, სემინარის პროგრამის მომზადება – ჩვენი ვალდებულებაა და ამაზე ფონდია პასუხისმგებელი”.

ფონდის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალი სემინარი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში – საზღვარგარეთ პირველად მიემგზავრება მეტად წარმომადგენლობითი დელეგაცია 52 წევრის შემადგენლობით. მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკმარისია დავასახელოთ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბურდული და საგარეო უწყების სხვა თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი, მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის თაოსნობით, საქართველოს ელჩი ნატოში დავით დონდუა, პარლამენტარები - გივი შუღაროვი და ირაკლი ბათიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ნათელა სახოკია, დავით ონოფრიშვილი და სხვები.

[რონდელის ხმა] “შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თემი ყალიბდება ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ თემის ნაკრები მიემგზავრება გარმიშ-პარტენკირხენში იმისათვის, რომ ამერიკელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილოს ახალი ვითარება, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ.”

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მთავარ კომპონენტად, როგორც წესი, მიჩნეულია სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტი, მაგრამ დღეისათვის არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება შიდა ფაქტორებს, ანუ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ თუ სხვა კომპონენტებს. გარდა ამისა,[რონდელის ხმა] “ სემინარის პროგრამაში არის გათვალისწინებული უცხოელი ექსპერტების ლექციები და მეცადინეობები, უსაფრთხოების თანამედროვე განზომილებების თვალსაზრისით, უმთავრესად, ახალი ტიპის ომების შესახებ იქნება საუბარი და ეს განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის იმიტომ,რომ ახალი ტიპის ომებში ჩვენ უკვე ვართ ჩაბმული”.

ახალი ტიპის ომი – ეს არის ომი, რომელსაც სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფები - ტერორისტები ან სეპარატისტები - აწარმოებენ თავისი მიზნების მისაღწევად და, როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ახლებურ გააზრებასა და ახალ მიდგომებს საჭიროებს.
გარმიშ-პარტენკირხენის სემინარზე გერმანელი, ამერიკელი და ქართველი ექსპერტები შექმნიან სპეციალურ ერთობლივ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სხადასხვა ასპექტს გააანალიზებენ და შესაბამის რეკომენდაციებსაც გამოიმუშავებენ. ფონდის პრეზიდენტის თქმით, ის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, სავსებით ლოგიკურია და გასაგები, ვინაიდან კონცეფციის შექმნა გარკვეულ სტრატეგიულ კულტურასა და გამოცდილებას მოითხოვს.

” საქართველო თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სწავლობს არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან, არამედ საერთაშორისო გამოცდილების საშუალებითაც, განსაკუთრებით კი, დასავლეთის მაგალითზე”,- შენიშნავს ალექსანდრე რონდელი.

იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გარმიშ-პარტენკირხენის სემინარის ჩატარება, რესპონდენტი ამბობს, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა სერიოზული ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ სპექტრში, რაც ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის გაზრდით გამოიხატება.

“ეს კი, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს”,- აღნიშნავს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG