Accessibility links

logo-print

როგორ აღინიშნა 9 აპრილი თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, თბილისის ქუჩებში პოლიციელთა ტრადიციული სიმრავლე შეიმჩნეოდა. საბედნიეროდ,

ამჯერად საპროტესტო აქციებში მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის “ლოკალურ შეტაკებებს” ადგილი არ ჰქონია. აქციის მონაწილეები ისევ მოითხოვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას, ხოლო ერს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ.

იმ 13 წლის განმავლობაში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან რომ გავიდა, საქართველოში ამ თარიღის აღნიშვნის თავისებური ტრადიცია ჩამოყალიბდა. როგორც წესი, 9 აპრილს, გამთენიისას, ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსული პარტიები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან იმ ტრაგიკულ ღამეს დაღუპულთა სულების პატივსაცემად. დილით იქვე ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით ამკობენ ადგილს, სადაც მარმარილოს ქვაზე გაკეთებული წარწერა იუწყება, რომ აღიმართება ძეგლი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.
ასე იყო 2002 წლის 9 აპრილსაც. გამთენიისას პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, დილით პრეზიდენტმა შევარდნაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ყვავილებით შეამკეს მოკრძალებული მემორიალი, დღის მეორე ნახევარში კი ხელისუფლებისადმი ოპოზიცურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პროტესტის დემონსტრირება მოახდინეს.
როგორც ჩანს, თბილისის პოლიცია პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” წევრებს მერაბ კოსტავას სახლის ეზოსთან ელოდა. ყოველ შემთხვევაში, ეროვნული გმირის სახლის მისადგომებთან დილიდან პოლიციელთა სიმრავლე თვალშისაცემი იყო. თუმცა “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” წევრებმა საკმაოდ უპრობლემოდ შეძლეს კანცელარიის შენობის წინ მიტინგის ჩატარება. და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მიტინგი, იმის მიუხედავად, რომ გამოსულთა მოთხოვნები ამ ბოლო 10 წლის მანძილზე დიდად არ შეცვლილა: უზენაესი საბჭოს მომხრეები კვლავინდებურად მოითხოვენ იარაღის მეშვეობით მოსული ხელისუფლების გადადგომას. საინტერესო სხვა გახლდათ. “მრგვალი მაგიდის” ლიდერმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრის საკითხის ერთხელ და საბოლოოდ მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, ერი მზად არის ერთსულოვანი გამოსვლებისთვის არსებული ხელისუფლების გადადგომის მოსათხოვნად.
აქცია იმითაც გახლდათ საინტერესო, რომ, როგორც ჩანს, საარჩევნებოდ კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება ე.წ. ზვიადისტურ ელექტორატზე ნადირობა – სხვადასხვა მონაცემით, ეს ელექტორატი საკმაოდ სოლიდურია. ამით თუ აიხსნება მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გვერდით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი ლიდერის კოტე კემულარიას გამოჩენა, რომლის აზრითაც, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, მოწოდება ერის გამთლიანებისკენ დღევანდელობის უდიდესი მონაპოვარია. მისივე ვარაუდით, საქართველოს დამოუკიდებლობა დღესაც საფრთხეშია.
დამოუკიდებლობის რა გითხრათ, მაგრამ 8 აპრილს პარლამენტის ბიუროზე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა გაიმართა იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანაში ორი ოფიციალური დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღის - არსებობა. ერთ მოსაზრებამდე პარლამენტარები არ მისულან.
XS
SM
MD
LG