Accessibility links

logo-print

სოციალისტები საარსებო მინიმუმის გაზრდის ინიციატივით გამოდიან


საქართველოში მოქმედი კანონით, ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 107 ლარის ფარგლებშია გაანგარიშებული და უბედურება ის არის,

რომ ასეთი საარსებო მინიმუმი ბევრად აღემატება მინიმალურ ხელფასს. არსებობს პროგრამა, რომელიც მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის დაახლოებას 3 წელიწადში ითვალისწინებს, სოციალისტები კი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის გადახედვისა და მისი გაზრდის ინიციატივით გამოდიან. ამ საკითხზე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ვესაუბრეთ.

საქართველოში ერთი შრომისუნარიანი ადამიანისთვის დაწესებული საარსებო მინიმუმი ეგრეთ წოდებული სასურსათო კალათისა და არასასურსათო კალათის გათვალისწინებით არის განსაზღვრული. 107 ლარიანი მინიმუმიდან სასურსათო კალათაზე 75 ლარი მოდის, ხოლო არასასურსათო მოთხოვნილებებზე - 32 ლარი, სწორედ, ამ თანხაშია გათვალისწინებული კომუნალური გადასახადებიც. რამდენად შეეფერება ასეთი გაანგარიშება არსებულ რეალობას და ადამიანების მინიმალურ მოთხოვნებს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე ყურადღებას იმ ინიციატივაზე შევაჩერებ, რომლითაც ფრაქცია” სოციალისტი” და, კერძოდ, ამ ფრაქციის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა. ეს ინიციატივა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შეცვლასა და არასასურსათო მოთხოვნილებებისთვის განსაზღვრული მინიმუმის 32 - იდან 101 ლარამდე გაზრდას უკავშირდება. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ, მოქმედი კანონით, ამ მოთხოვნილებებისთვის განზაღვრული თანხა მარტო კომუნალურ გადასახადებს ვერ აუვა, სოციალისტები მიიჩნევენ, რომ საარსებო მინიმუმის განსაზღვრის არსებული წესით უგულებელყოფილია ადამიანთა მოთხოვნილებები ისეთ არასასურსათო საქონელსა და მოთხოვნილებებზე, როგორიც არის: ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი სამედიცინო მომსახურება და ა. შ.

არასასურსათო მოთხოვნილებებზე საარსებო მინიმუმი სოციალისტებმა ევროპაში მოქმედი წესის მიხედვით განსაზღვრეს. საუბარია შემდეგზე: არასასურსათო მინიმუმის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ პალტოს შეძენა 7 წელიწადში ერთხელ მაინც არის საჭირო, კოსტიუმის - 3 წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ, თუმცა, ევროპის ქვეყნებში მოქმედი წესისაგან განსხვავებით, კანონპროქტში არ არის გათვალისწინებული მოთხოვნილება ოდეკოლონზე, ცენტრალურ გათბობასა და ცხელ წყალზე და ა. შ. ასეთი გამონაკლისები ჩვენი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარეობს. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საინტერესო ის არის, რომ მომზადებული კანონპროექტი არ ეხება მარტო სახელმწიფო სექტორს. თუ ის ძალაში შევა, კერძო სექტორში დამქირავებელი ვალდებული იქნება, დაქირავებულს ახალ მინიმუმზე ნაკლები არ გადაუხადოს.

ზაქარია ქუცნაშვილს იმედი აქვს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მისი ინიციატივის შეთანხმება მოხერხდება. მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია:

[ შეკითხვა] “დავუშვათ, თქვენმა პროექტმა მიიღო კანონის სახე. საინტერესოა, რა აზრი ექნება მის არსებობას მაშინ, როცა მინიმალური ხელფასი 20 ლარია და ამ 20 ლარის მიახლოება არსებულ საარსებო მინიმუმთან 3 წელიწადშია დაგეგმილი ?”

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “გეტყვით, რა აზრი აქვს. არსებული კანონით, მიჩნეულია, რომ საარსებო მინიმუმი უნდა გამომდინარეობდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. მე კი ვამბობ, რომ არ უნდა გამომდინარეობდეს, იმიტომ რომ ქვეყანა შეიძლება ღარიბი დარჩეს და ღარიბ ქვეყანაში დაბალი ხელფასები ყოველთვის იქნება კორუფციის წყარო. უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმის განსაზღვრის წესი და ახალი მინიმუმი უნდა იყოს მინიმალური ხელფასისა და პენსიის განსაზღვრის ორიენტირი.”
XS
SM
MD
LG