Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“Mission Impossible” - კოლინ პაუელის “შეუძლებელი მისია”


კოლინ პაუელს მძიმე კვირა ელის. ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამჟამინდელი მოგზაურობა ერთმა ჟურნალისტმა, პოპულარულ კინოფილმზე მინიშნებით,

“შეუძლებელ მისიადაც” კი მონათლა. თუმცა, თუ იმავე ფილმს გავიხსენებთ, შეიძლება დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი ქვეყნად არაფერია.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ან, თუ გნებავთ, ისრაელისა და პალესტინელების ომი, ისეთ სტადიაშია, რომ ექსპერტთა უმრავლესობა მდგომარეობის გამოსწორების რეალურ პერსპექტივას ვერ ხედავს; ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას, თავისი ჯარები და ტანკები გაეყვანა პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიიდან. მაგრამ ისრაელმა არათუ ყური არ ათხოვა, ბუშის მოწოდებას, არამედ პირიქით, ზოგიერთ რაიონში უფრო ღრმადაც კი შეიჭრა პალესტინელთა ტერიტორიებზე.

მართალია, სამშაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისმა ჯარმა მთლიანად დატოვა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქები ტულკარმი და კალკილია, მაგრამ რეგიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, ეს გამონაკლისი უფროა. მეტიც: თუ ამ ცნობებს დავუჯერებთ, ისრაელის ჯარი დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტში – დურაში შევიდა.

პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის ჯარის ყოფნის საკითხში ვაშინგტონის პოზიცია მკაფიოდ გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “იმედი მაქვს, ისრაელი დაუყოვნებლივ გაიყვანს თავის ჯარებს პალესტინელთა ტერიტორიებიდან. ამასთანავე, არაბულ სამყაროს კიდევ ერთხელ მივმართავ მოწოდებით, მშვიდობის დასამკვიდრებლად ფეხზე დადგეს ყველა სახელმწიფო, ყველა ლიდერი; დაგმოს ტერორიზმი, ტერორისტული მოღვაწეობა.”

კიდევ უფრო კატეგორიული იყო სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც, ვიდრე სამშაბათს ეგვიპტეში ჩავიდოდა, მაროკოს ესტუმრა. [კოლინ პაუელის ხმა] “გვესმის, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, მაგრამ ამასთანავე, იგი მოვალეა, გაითვალისწინოს თავისი ქმედებების შედეგები უფრო ფართო კონტექსტში. მიმდინარე ოპერაციით გამოწვეული სტრატეგიული პრობლემები მეტად სერიოზული და ღრმა არის: ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თვალი გადაავლოთ იმას, თუ რა ხდება დანარჩენ ახლო აღმოსავლეთში. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი შარონი და მისი კოლეგები ყოველივე ამას ითვალისწინებენ.”

კოლინ პაუელის მისიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის წარმატებაზე დიდად იქნება დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება, არამედ რეგიონში შეერთებული შტატების პრესტიჟის დაცემისა თუ ამაღლების თვალსაზრისითაც.

ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის მსვლელობაში კოლინ პაუელი ერთი დღით ევროპასაც ეწვევა, რათა იქაურ მოკავშირეებთან შეათანხმოს შემდგომი მოქმედების სტრატეგია. ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ისრაელის სამხედრო ოპერაციის საკითხში ისინი სულ უფრო შეუწყნარებელ პოზიციას იკავებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმაც კი, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე მხარდამჭერად ითვლება, განაცხადა, რომ არიელ შარონმა უკვე მიაღწია ტერორიზმზე საპასუხო მოქმედების მისაღებსა თუ დასაშვებ ზღვარს.

დაბოლოს, ისევ კოლინ პაუელის საშუამავლო მისიას დავუბრუნდეთ. ზოგი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ მისიის წარმატებისთვის აუცილებელია, მოეწყოს პაუელის შეხვედრა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან იასირ არაფატთან. თავად პაუელმა განაცხადა, რომ მზად არის, არაფატს შეხვდეს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცა. გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG