Accessibility links

თავდასხმა ავღანეთის თავდაცვის მინისტრზე


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს ტერორისტული აქტი მოხდა ავღანეთში: ქალაქ ჯალალაბადის ერთ-ერთ ქუჩაში ყუმბარა აფეთქდა სწორედ იმ დროს, როცა იქ ავღანეთის თავდაცვის მინისტრის,

მოჰამად ფაჰიმის ესკორტმა ჩაიარა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 18 – დაიჭრა. თავად ფაჰიმი არ დაშავებულა.

როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ამ ტერორისტული თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. პოლიციამ ჯალალაბადში 15 ეჭვმიტანილი დააპატიმრა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს მომხდარ აფეთქებას მოჰამად ფაჰიმის მოკვლის მცდელობა უწოდა.

გასულ კვირაში, ავღანეთის უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს 160 ადამიანი, რომლებიც დროებითი ადმინისტრაციის ხელმძვღანელზე ჰამიდ კარზაიზე, აგრეთვე, ლტოლვილობაში მყოფ ყოფილ მეფეზე, მოჰამად ზაჰირ შაჰზე აპირებდნენ თავდასხმას. ამ უკანასკნელს ამ თვის დამლევს ელოდებიან სამშობლოში. გასულ კვირაში დაპატიმრებულები დაკავშირებული არიან ექსტრემისტი ისლამისტების დაჯგუფება ”ჰეზბ-ი-ისლამისთან”, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გულბუდინ ჰექმათიარი ხელმძღვანელობს. ამ დაჯგუფების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”ჰეზბ-ი-ისლამის” წევრებს არ ჰქონდათ განზრახული ჰამიდ კარზაიზე ან მოჰამად ზაჰირ შაჰზე თავდასხმა.

თავდაცვის მინისტრი მოჰამად ფაჰიმი სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო ობიექტების შესამოწმებლად ჩავიდა ნანგაჰარის პროვინციის დედაქალაქ ჯალადაბადში, აგრეთვე იმ მიზნითაც, რათა დაიყოლიოს ადგილობრივი გლეხები, შეწყვიტონ ჰეროინის წარმოებისათვის საჭირო ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა.

თავდაცვის მინისტრი მოჰამად ფაჰიმი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია დღეს ავღანეთში. ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე იგი უფროსი მრჩეველი იყო ცნობილი საველე მეთაურის და პოლიტიკური ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდისა, რომელიც საბჭოთა ოკუპანტებს ებრძოდა 80-იან წლებში, ხოლო შემდეგ ე.წ. ”ჩრდილოეთის ალიანსს” ჩაუდგა სათავეში თალიბების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც გასულ სექტემბერში აჰმად შაჰ მასუდი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა, რაც, როგორც ფიქრობენ, ”ალ-ყაიდის” ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის განკარგულებით მოხდა, მოჰამად ფაჰიმი”ჩრდილდოეთის ალიანსის” დე ფაქტო ლიდერი გახდა.
XS
SM
MD
LG