Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა ერთი თვით შეწყვიტა ნავთობის ექსპორტი


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 8 აპრილს, ერაყმა მთლიანად შეწყვიტა თავისი ნავთობის ექსპორტი და, როგორც პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, ეს აქცია იმდენ ხანს გასტანს,

ვიდრე ისრაელი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარს პალესტინელთა ტერიტორიებიდან.

ამგვარი ცალმხრივი გადაწყვეტილება უწინარესად იმისთვის არის გამიზნული, რომ ერაყის არაბმა მეზობლებმა მას დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადონ, რომელსაც სამხედრო ძალის გამოყენებით ემუქრება შეერთებული შტატები. ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას სადამ ჰუსეინმა განაცხადა: ”ერაყის ხელმძღვანელობამ მთლიანად შეწყვიტა ნავთობის ექსპორტი 8 აპრილიდან დაწყებული მომდევნო 30 დღის განმავლობაში, როცა შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ან მანამდე, ვიდრე სიონისტური წარმონაქმნის შეიარაღებული ძალები უპირობოდ არ იქნება გაყვანილი პალესტინელთა ტერიტორიებიდან.”

კვირას, როცა ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის შეხვედრა დამთავრდა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არა აქვს დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, თუმცა ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხული არ არისო.

სადამ ჰუსეინი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ნავთობის ექსპორტის შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ ისრაელის და ამერიკის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. ამასობაში, ორშაბათს 27 დოლარამდე გაიზარდა ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი. მოგვიანებით, იმავე დღეს, ისრაელის რადიომ გამოაცხადა, რამდენიმე სააათში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ორი ქალაქიდან ისრაელის ჯარის გაყვანა დაიწყებაო და, შედეგად, ნიუ-იორკის ბირჟაზე უმალვე დაეცა ნავთობის ფასი.

მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინმა გამოსვლა ეროვნული ტელევიზიით დაამთავრა, 3000-მდე ერაყელმა მსვლელობა მოაწყო ბაღდადის ქუჩებში. ”არაბული ნავთობი – არაბებს” –გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები.

ირანმა და ლიბიამ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ ნავთობის ექსპორტზე ერაყის მიერ გამოცხადებულ ემბარგოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას ნავთობის მწარმოებელი ყველა არაბული სახელმწიფო აუბამს მხარს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი, ვინაიდან ნავთობის ისეთმა წამყვანმა მწარმოებლებმა, როგორიც საუდის არაბეთი და კუვეიტია, უკვე განაცხადეს, რომ არ სურთ 1973 წლის ემბარგოს განმეორება, როცა არაბების ბოიკოტმა ოთხჯერ გაზარდა მაშინ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე, ხოლო დასავლეთში არნახული რეცესია გამოიწვია.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ OPEC-ი მხარს არ უჭერს ერაყის გადაწყვეტილებას, რადგან იგი ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციის ძირითად მიზანს – ნავთობის ბაზარზე სტაბილურობა უზრუნველყოს. განცხადების თანახმად, OPEC-ი მისი წევრი ქვეყნის ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გაემიჯნება.
XS
SM
MD
LG