Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლება ენის სიწმინდეზე ზრუნვას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საკითხს რუსული ენის არასწორად ხმარებისთვის დამსჯელი ზომების შემოღების შესახებ. თუ ამ ზომებს კანონის სახე მიეცა,

მასობრივი ინფორმაციის რუსული საშუალებები ენის დამახინჯებისთვის შეიძლება დააჯარიმონ კიდეც.

რუსეთის ენათმეცნიერებს აშფოთებთ ენის დაკნინება და უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვების მოჭარბებული ხმარება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა უკეთესი რუსული შესატყვისი არსებობს. მარტის ბოლოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულმა რუსული ენის საბჭომ წამოაყენა წინადადება, შემოღებულ იქნეს ერთგვარი “დამსჯელი ზომები” ენის შებღალვისთვის. კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც განათლების მინისტრმა ვლადიმირ ფილიპოვმა აღნიშნა, ამ ზომებს შორის, შესაძლოა, ჯარიმაც იგულისხმებოდეს.

გაზეთების რედაქტორებს საბჭომ მიმართა თხოვნით, მეტი ყურადღება მიაქციონ ენის სწორად გამოყენებას და დაიქირაონ უფრო კვალიფიციური სტილისტები.

ამ ამბავმა გაამხიარულა იმ პროფესიის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს “დამსჯელი ზომები”. “თუ ტელევარსკვლავებს შეცდომებისთვის დააჯარიმებენ, ეს გაანადგურებს მათ კარიერას… სამაგიეროდ, კორესპონდენტები ისწავლიან, რომ უნდა თქვა “ინციდენტი” და არა “ინცინდენტი”და მახვილის სწორად დასმასაც დაიწყებენო”, წერს “კომსომოლსკაია პრავდა”. ხოლო “ნოვაია გაზეტა” აღნიშნავს, პოლიტიკოსებს მშობლიური ენის შებღალვისთვის რომ აჯარიმებდნენ, ისინი უკვე კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდნენო.

მოსკოვის ყოველდღიური გაზეთის “ვრემია ნოვოსტეის” კულტურის განყოფილების თანამშრომელი იური აპრიშკინი არ ეთანხმება განათლების მინისტრის აზრს, რომ ენის დაკნინება, ნაწილობრივ, იმით არის გამოწვეული, რომ მედიამ, ფინანსური მოსაზრებებით, უარი თქვა სტილისტებზე. აპრიშკინის თქმით, ჯარიმა სიტუაციას ვერ გამოასწორებს. [იური აპრიშკინის ხმა] “ამ გზით ბრძოლა მართლაც ძალიან ძნელია. სრულიად აშკარაა, რომ ჯარიმა საქმეს ვერ უშველის. ხალხს ჯარიმები კი არ უნდა დაუწესო, არამედ წერა-კითხვა უნდა ასწავლო.”

ერთ-ერთი გაზეთი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ამგვარად მედიაზე ზეწოლის განხორციელება სურს. აპრიშკინი ამბობს, რომ რუსეთში პრესის თავისუფლების, ასე ვთქვათ, “უცნაური” მდგომარეობის გამო, ჯარიმების მართებულობა ეჭვს იწვევს.

რუსული ენის სტანდარტების დაცვის მომხრეების, მათ შორის განათლების მინისტრ ფილიპოვის თქმით, მათი სისტემა ეყრდნობა ფრანგული ენის დაცვისა და დაწინაურების მცდელობებს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცდელობებს მაინცდამაინც დიდი წარმატება არ მოჰყოლია.

1994 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა “ტუბონის” კანონი, რომელიც ფრანგული ენის შემბღალავთა წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა. კანონი შეკვეცილ იქნა მას შემდეგ, რაც მისი ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად სცნეს.

ფრანგული უნდა იხმარებოდეს სოციალურ, კომერციულ და ინტელექტუალურ სფეროებში. საგანგებოდ შექმნილ კომისიას ევალება ხშირად ხმარებული უცხო სიტყვების ფრანგული ეკვივალენტების გამოძებნა, მსგავსად სიტყვა “უიკენდისა”, რომლის აზრი ფრანგულად ხუთი სიტყვით გადმოიცემა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ენის სიწმინდის შებღალვისთვის საფრანგეთში არავინ დაუჯარიმებიათ და, რაც მთავარია, ამ კამპანიის შედეგად უცხო სიტყვების ხმარება ფრანგულ ენაში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

ენათმეცნიერების პროფესორი სერგეი გონჩარენკო ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში ნასესხები სიტყვა უაზროდ ჟღერს. მაგალითად, როცა ფედერაციის საბჭოს წევრებს სენატორებს უწოდებენ. სენატორი, იმ ქვეყნებში სადაც ეს პოსტი არსებობს, არჩევით თანამდებობას ნიშნავს, მაშინ, როცა რუსეთში ფედერაციის საბჭოს წევრებს არ ირჩევენ.

გონჩარენკოს თქმით, ჯარიმა უფრო მორალური სახის იქნება და ის აიძულებს მაღალი რანგის პირებს, დროდადრო ლექსიკონში ჩაიხედონ.

საკითხის განხილვა რუსული ენის სტატუსის შესახებ სახელმწიფო დუმაში მომავალ თვეშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG