Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის მოლაპარაკება მადრიდში


ანდრო ეული, პრაღა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიით მივლინებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ოთხშაბათს მადრიდს ეწვია,

სადაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ეთათბირა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯოზეპ პიკეს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს.

მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ მადრიდში შეკრებილმა ხუთეულმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელიც მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებმა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს მოუწოდეს, ყოველი ღონე იხმაროს იმისთვის, რათა ბოლო მოეღოს ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმებს.

ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერომ მხარი დაუჭირეს პაუელის სამშვიდობო მისიას ისრაელში, რაც ამ კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და მოუწოდეს ისრაელსა და პალესტინელებს, ყოველმხრივ ითანამშრომლონ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან.

კოლინ პაუელი ესპანეთში ეგვიპტიდან ჩაფრინდა, სადაც სამშაბათს განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს იასირ არაფატთან შეხვედრას აპირებს. პრესკონფერენციაზე კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ ისრაელის ჯარის ნაწილობრივი გაყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან საკმარისი არ არის, თუმცა მიანიშნა, ამასთანავე, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირისაგან განსხვავებით, არ აპირებს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 10 აპრილს გამოაქვეყნეს მადრიდში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ლიბანში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების ”ჰეზბოლას” წევრებმა ორი დღის წინათ რაკეტები და ნაღმები დაუშინეს დასახლებულ პუნქტებს ჩრდილოეთ ისრაელში, რასაც ისრაელის ავიაციამ საჰაერო დარტყმებით უპასუხა.

მადრიდში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდეს, აღარ დააყოვნონ დათანხმება შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის, ენტონი ზინის წინადადებაზე, რომელიც დაზავებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG