Accessibility links

”ამნესტი ინტერნეშნლი” საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ”საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით,

რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში განუწყვეტლივ ირღვევა ადამიანის უფლებები”, განაცხადა ორშაბათს ”ამნესტი ინტერნეშნლმა”. ეს რეკომენდაციები მოცემულია საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დაასრულა განხილვა იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო კონვენციას მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ.

მოხსენებაში ადამიანის უფლებათა კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში საყოველთაო ხასიათი მიიღო პატიმართა წამებამ და მათს მიმართ უდიერმა მოპყრობამ სამართალდამცავი ორგანოებისა თუ ციხეების თანამშრომელთა მხრიდან. საგანგაშოა ისიც, რომ კვლავინდებურად მაღალია პატიმართა სიკვდილიანობა პოლიციის სამმართველოებსა და ციხეებში, მათ შორის არის თვითმკვლელობისა და ტუბერკულოზით გარდაცვალების არაერთი შემთხვევა.

ადამიანის უფლებათა კომისია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ საქართველოში გახშირდა რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიურ უმცირესობათა დევნა-შევიწროების შემთხვევები. ”ამნესტი ინტერნეშნლმა” გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმ თავდასხმების შესახებ, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე რომ განახორციელეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრე ექსტრემისტებმა. ხსენებული ინფორმაციის თანახმად, მეტად ხშირი იყო შემთხვევები, როცა სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლებმა არაფერი იღონეს ძალადობის აღსაკვეთად, დაზარალებულთა დასაცავად. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მოიერიშე ექსტრემისტებს პოლიციის ოფიცრებიც შეუერთდნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველოში აშკარა დისკრიმინაცია შეინიშნება იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს ჯარში გაწვევაზე და ამჯობინებს ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ორჯერ უფრო ხანგრძლივია. ”ამნესტი ინტერნეშნლი” მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა კომისიის რეკომენდაციებს, რაც საქართველოში შემდეგი ზომების გატარებას ითვალისწინებს:

-პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა;
-წამებისა და პატიმრებისადმი უდიერად მოპყრობის ყოველგვარი გამოვლინების აღკვეთა და დასჯა;
-აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფა;
-რელიგიურ უმცირესობათა დევნა-შევიწროების ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა;
-არასამხედრო ალტერნატიული სამსახურის ვადის შემცირება არადისკრიმინაციულ დონემდე;
-პროპაგანდისტული კამპანიის დაწყება იმის თაობაზე, თუ რა უფლებებით სარგებლობს ყოველი ადამიანი;
-არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა;
-და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნება ყველა საჭირო ენაზე.
XS
SM
MD
LG