Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის პრობლემები


მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა წლების განმავლობაში წარმატებული იყო და, სახელისუფლო პოსტების ცვლასთან ერთად, ახალგაზრდა ლიდერის რეიტინგი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა.



რას მოუტანს ნაციონალურ მოძრაობას და, პირადად, მიხეილ სააკაშვილს ის წინააღმდეგობა, რაც მას ხობსა და ლანჩხუთში შეხვდა: მოსახლეობის კიდევ მეტ სიმპათიას თუ რეიტინგის კლებას?

თითქმის ერთი წლის წინ, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი იყო, ახალციხისა და ზუგდიდის მოსახლეობა მას გულწრფელი ოვაციით შეხვდა. დღეს კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს წინასწარ მომზადებული ჯგუფები პროვინციულ ქალაქებში სტვენით ხვდებიან და მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ.

თავად სააკაშვილი, რომელსაც, არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგის მიხედვით, პირველი რეიტინგი აქვს, ხალხთან შეხვედრებზე უარის თქმას არ აპირებს, მის წინააღმდეგ წარმოებულ "შავ P.R.-ს" და ძალისმიერ დაპირისპირებას კი უყოყმანოდ მიაწერს ხელისუფლებას. არადა, ხობსა და ლანჩხუთში გამართული შეხლა-შემოხლა, ერთი შეხედვით, ნაციონალური მოძრაობისთვის უფრო ხელსაყრელი უნდა იყოს, ვიდრე ხალხის თვალში გაკოტრებული ხელისუფლებისთვის.

და მაინც, რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას, როდესაც მისი წარმომადგენლები ან მისი ნდობით აღჭურვილი პირები ლამის მუშტი-კრივს უმართავენ მიხეილ სააკაშვილს? ამ არგუმენტზე ხელისუფლება ღიად არასოდეს ისაუბრებს, მაგრამ თუ გასული საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ერთ ვერსიაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება. საქართველოს არაერთ რეგიონში ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები სწორედ ძალისმიერი მეთოდებით უპირისპირდებოდნენ ბლოკ "საქართველოს აღორძინების" წევრებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ადგილობრივ ხელისუფალთ ოპოზიციური ბლოკის მიერ დაგეგმილი შეხვედრები ჩაუშლიათ, დარბაზები ჩაუკეტავთ, ან "ამღორძინებელთა" სააგიტაციო ავტობუსებისთვის გზა ჯავშანტრანსპორტიორებით გადაუკეტავთ.

მაშინ ხელისუფლების არასაჯარო და არაოფიციალური არგუმენტი ასეთი იყო: მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მიღმაც სერიოზულ ძალას ხედავს. ამიტომ "აღორძინების" წინააღმდეგ ძალის დემონსტრირება ხელს აძლევს სახელისუფლო პარტიას და არა თავად "აღორძინებას", რომელიც, ერთი შეხედვით, ჩაგრულის და წამებულის შარავანდედით იმოსება. არჩევნების შედეგმა ამ არგუმენტის ძალა დაადასტურა და, საფიქრებელია, რომ ხელისუფლება დღეს სწორედ ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილსაც.

მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კიდევ უფრო სერიოზული ბერკეტები შეიძლება ამოქმედდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ფაქტორს ეფუძნება მიხეილ სააკაშვილის მაღალი რეიტინგი. საზოგადოების წევრებს შორის სამართლიანობის დამკვიდრება, რაც სიმბოლურად აისახა კიდეც უკანონო ქონების შესახებ კანონპროექტში, საკმაოდ რევოლუციური იდეაა. აქა-იქ უკვე გაკრთა მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში ახალ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. ერთი მხრივ, საზოგადოებას მოსწონს სააკაშვილის რადიკალური იდეები სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება ძირფესვიან განახლებას მოითხოვს; მეორე მხრივ, სამოქალაქო დაპირისპირების თემა საკმაოდ დამაფრთხობელია საზოგადოებისთვის და, საფიქრებელია, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ თემის გავრცობას შეძლებს, ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერთა დიდ ნაწილს დაკარგავს.

მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ექნება გადასალახი. ქართული პოლიტიკის დემოკრატიულ სეგმენტში სულ სამი ლიდერია, რომელსაც დასავლეთი სხვებზე მეტად ენდობა: შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი. იმის შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას უცხოეთში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად გამოაცხადა დემოკრატიული ფრონტის შექმნა, აშკარაა, რომ ჟვანიამ აღარ ინდომა სააკაშვილის პარტნიორობა და დაიწყო მოძრაობა პრეზიდენტის მიმართულებით. თუ ედუარდ შევარდნაძე ჟვანიას დაიახლოებს არა მისი გაძლიერების, არამედ ხელახალი დისკრედიტაციის მიზნით, ამ შემთხვევაში სერიოზულად გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უფრო მეტად საფიქრებელია, რომ პრეზიდენტი არ გააძლიერებს რადიკალურ სააკაშვილს და, პირიქით, მის საპირწონედ მოქალაქეთა კავშირსა და ჟვანიას გამოიყენებს. შევარდნაძის სამომავლო გეგმებს მეტნაკლებად გამოკვეთს მოქალაქეთა კავშირის მორიგი ყრილობა, რომელიც მაისში იგეგმება.

თუ შევაჯამებთ, დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებისგან ნაციონალურ მოძრაობას სამი საფრთხე ემუქრება: ძალისმიერი დაპირისპირება და ამ მოძრაობის უსუსურობის დემონსტრირება; მიხეილ სააკაშვილის რადიკალურ იმიჯთან შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების დაკავშირება და პრეზიდენტის მიერ ჟვანიას გაძლიერება სააკაშვილის საპირწონედ. თავად მიხეილ სააკაშვილი ამ პრობლემებზე საჯაროდ არ საუბრობს. ამიტომ უცნობია, ნაციონალური მოძრაობა ფხიზლობს და დაბრკოლებების გადასალახად ემზადება, თუ, რეიტინგის ტყვეობაში მყოფი, აგრძელებს საამური მომავლის ჭვრეტას.
XS
SM
MD
LG