Accessibility links

logo-print

“გულახდილობის სურვილი”


გასულ წელს ახალგაზრდა ქართველმა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ უარი თქვა “გრეგორ ზამზას” ფსევდონიმზე და თავისი ახალ წიგნი “სიმფსონები” ნამდვილი სახელითა და გვარით გამოსცა.

“სიმფსონებს” არნახული წარმატება ჰქონდა. ეს პატარა წიგნი რამდენიმე დღეში გაიყიდა, მოგვიანებით კი, ახალი ტირაჟით, ხელმეორედ გამოიცა. ამ დღეებში მწერალმა კიდევ ერთხელ სცადა მკითხველის პროვოცირება – გამომცემლობა “აზრმა” დაბეჭდა ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი “წერილი დედას”, რომლის შესახებ ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გვიამბობს.

პროგნოზების მიუხედავად, ზაზა ბურჭულაძის წიგნს “სიმფსონები” სკანდალი არ მოჰყოლია. თანამედროვე (და არა მარტო თანამედროვე) ქართული ლიტერატურისთვის სრულიად უცხო ჟარგონზე დაწერილი წიგნის შესახებ პარლამენტსა და კანცელარიაში არ უმსჯელიათ, არც ეროვნული ფასეულობების “ადვოკატებს” გამოუხატავთ პროტესტი იმ ჰომოეროტიკის მიმართ, რომლითაც საკმაოდ მდიდარია “სიმფსონები”. როგორც ჩანს, ჩვენი ლიტერატურული “ცნობის ფურცლის” მესვეურები დღეს მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი ოპონენტების გაქილიკებით არიან დაკავებულნი და ლიტერატურა მაინცდამაინც არ ადარდებთ. და თუ ძალზე პოპულარული “სიმფსონების” მიმართ კრიტიკის დემონსტრატიული გულგრილობა იმითაც შეიძლება ავხსნათ, რომ ოპონენტები ბურჭულაძის ამ წიგნს “ვულგარულ პორნოგრაფიად” აღიქვამენ და საჭიროდ არ მიაჩნიათ “მაკულატურაზე” საუბარი, საინტერესოა, რას იტყვიან ისინი ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნის შესახებ, რომელიც სულ ახლახან დაიბეჭდა გამომცემლობა “აზრში”. ამ წიგნის სათაურის წაკითხვისთანავე გაჩნდება კითხვა|: მართლაც, თუ არსებობს წიგნი სახელწოდებით “წერილი მამას”, რატომ არ უნდა შეიქმნას “წერილი დედას”, მითუმეტეს, თანამედროვე ქართულ კულტურაში, რომლის ინფანტილიზმის შესახებ მხოლოდ დღეს ალაპარაკდნენ ჩვენი ფსიქოლოგები. ფსიქოლოგებს კულტუროლოგებმაც მიბაძეს. ისინი ხშირად იხსენებენ ფრანც კაფკას და ამტკიცებენ, რომ “კაფკიანური გარემო”, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ოდესმე მაინც აისახება ქართულ კულტურაში... და აისახა კიდეც: ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი, მთელი თავისი “შავი იუმორით”, ჟარგონების “ატრაქციონებით”, ლიტერატურული სახეების აბსურდულობით, ეგრეთ წოდებული “უთვისტომო თაობის”, ან, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “გადაგვარებული საზოგადოების” ცნობიერებას ასახავს. დედისადმი მიძღვნილი წერილის, ე. ი. მთელი ამ პატარა წიგნის, ფინალში ავტორი წერს: “მთელ წერილში ერთი პწკარიც კი არ ყოფილა ნამდვილი, სადა და შეულამაზებელიო”... ეს ფრაზა იმის მისამართითაა დაწერილი, ვინც წიგნის კითხვის პროცესში ახალგაზრდა მწერლის გულწრფელობითა და სითამამით აღფრთოვანდება, მერე კი იტყვის, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აღმავლობის ხანა დაიწყოო... როგორც ჩანს, ასეთი “ხანა” კიდევ დიდხანს არ დადგება, რადგან დღეს თავისი გულწრფელობა აეჭვებეს თვით ისეთ გულწრფელ მწერალსაც კი, როგორიც ზაზა ბურჭულაძეა. “ეს რა მიქენი დე!” – წერს იგი თავისი ახალი წიგნის ფინალში და დიდ, სქელ, შავ წერტილს სვამს. გამოსავალი არ არის.
XS
SM
MD
LG