Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი, ახალი ეტაპისთვის ემზადება


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლების უშედეგოდ ჩავლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის დაწყებისთვის კიდევ ერთხელ ემზადება.

ბრძოლა კი, მოგეხსენებათ, ანტიკორუფციულ პროგრამასა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა გეგმას უნდა დაეფუძნოს. ეს გეგმა 10 აპრილის მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული. მან საბოლოო სახე მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. ასე რომ, კორუფციასთან ბრძოლის თეორიული ეტაპი სრულდება. მაინც რა ღონისძიებებს გვთავაზობს ანტიკორუფციული საბჭოს გეგმა ?

ედუარდ შევარდნაძე კორუფციასთან ფართომასშტაბიან ბრძოლას აცხადებს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლებისგან იმედგაცრუებულ მოსახლეობას კი, აქვს ობიექტური მიზეზი ამ ხელისუფლების მორიგი ანტიკორუფციული შემართებისა არ სჯეროდეს. ეს პრეზიდენტსაც ესმის, ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებულ დატვირთვას კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული კორუმპირებულების გამოვლენას ანიჭებს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ქვეყანა – სახელმწიფო ავად არის და მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება და არა 10 წლიანი გეგმა. ხაზს ვუსვამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ ფაქტებს. იმას, დაისჯებიან თუ არა პირები, რომლებიც სახელმწიფოსა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობენ.”

10 აპრილის მთავრობის სხდომაზე, მას შემდეგ, რაც იქ შეკრებილ საზოგადოებას ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა ანტიკორუფციულ ღონისძიებათა გეგმა გააცნო, პრეზიდენტმა სამართალდამაცავებისგან კორუმპირებულების წინააღმდეგ შეტევის განხორციელება მოითხოვა. თუმცა, სანამ ასეთი შეტევა დაიწყებოდეს, აღმასრულებლებს, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელების ჩათვლით, საკუთარი თავის ტკივილი აქვთ. ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მათ მთავრობის სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ რეორგანიზაციასთან შეგუება მოუწევთ, მათ შორის, სამინისტროებსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის ფუნქციების გადანაწილების თვალსაზრისით.

მირიან გოგიაშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმაში საუბარი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მოუქნელი სისტემის რეორგანიზაციაზე: სახელმწიფო კანცელარიაში, სამინისტროებსა და დეპარტამენტებში, აგრეთვე, ადგილობრივ სტრუქტურებში შტატების სერიოზულ შემცირებასა და მოხელეთა ხელფასების გაზრდის აუცილებლობაზე; სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გაკონტროლების ახლებური მექანიზმის ამოქმედებაზე, განათლების სისტემის დეცენტრალიზაციაზე, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნაზე, სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში გასატარებელ რეფორმებზე, ლიცენზირების სფეროში ქაოსის მოწესრიგების აუცილებლობაზე, კანონმდებლობაში არსებული კორუფციული ხვრელების მოსპობის, აგრეთვე, იმუნიტეტის სისტემის გადახედვის საჭიროებაზე და ა. შ.

ამ მოთხოვნებს შესაბამის ღონისძიებათა ნუსხა ახლავს. მთავრობის წევრებს კი, რამდენადაც არ უნდა მოსწონებოდათ ეს ნუსხა, გოგიაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით კრიტრიკული შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კორუფციასთან ბრძოლის მოსალოდნელ ახალ ეტაპს ყველა მიესალმა, თუმცა, საინტერესოა, მომავალში რომელი მათგანი მიიღებს ანტიკორუფციული საბჭოს უარყოფით დასკვნას. მთავრობის წევრების საანგარიშო მოხსენებებს ამიერიდან მუდმივად დაერთვება ანტიკორუფციული საბჭოს დასკვნები. პრეზიდენტის დაპირებით კი, უარყოფით დასკვნას შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობიდან დათხოვნა მოჰყვება.
XS
SM
MD
LG