Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის პერსპექტივები


ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივ ტელევიზიად და რადიოდ გარდაქმნაზე მსჯელობა იწყება.

ეს მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს ევროპის საბჭო უყენებს, პრეზიდენტის მოთხოვნაც გახდა. 10 აპრილის მთავრობის სხდომაზე მან სახელმწიფო ტეელვიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის აუცილებლობა აღნიშნა. ედუარდ შევარდნაძის მოთხოვნას მთლიანად იზიარებს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯომარე ზაზა შენგელიაც.

[ზაზა შენგელიას ხმა] “დღეს, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებს 2000 კაცს, ქვეყანა ამას, ასე თუ ისე, იტანს. ჩვენი ბიუჯეტი - ბიუჯეტიდან დაფინანსება და სარეკლამო შემოსავალი - 5 მილიონი დოლარია, რუმინეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა კი, სადაც, დაახლოებით, 2500 კაცი მუშაობს, - 60 მილიონი დოლარი. ამ სახით ჩვენ ხალხი ვეღარ შეგვინახავს.”

ზაზა შენგელიას აზრით, გამოსავალი სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის სერიოზულ რეფორმაში, მის საზოგადოებრივ ტელევიზიად და რადიოდ გარდაქმნაშია და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ მოთხოვნით ანტიკორუფციული საბჭოც გამოდის ( სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის მოთხოვნას საქართველოს ევროსაბჭოც უყენებს), ჩანს, საქართველოს ტელევზიისა და რადიოს სერიოზულ რეფორმას, მართლაც, გარკვეული პერსპექტივა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი 10 აპრილის მთავრობის სხდომაზე წამოიჭრა. პრეზიდენტმა სახელმწიფო სატელევიზიო სისტემის რეორგანიზაცია მოითხოვა და, სხვათა შორის, ისიც თქვა, რომ არ არის საჭირო ეს ტელევიზია ხელისუფლებას ემსახურებოდეს, რომ დროა, მან დამოუკიდებლობის რეალური ბერკეტების შექმნაზე ზრუნვა დაიწყოს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ვიფიქროთ თვით სატელევიზიო სისტემის სრულყოფაზე. მე არ ვიცი, საზოგადოებრივი იქნება ეს თუ სხვა სახის. არ შეიძლება 1 ან 2 პროგრამა 4000 კაცის ხელით მზადდებოდეს. “

საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნა დაფინანსებისა და მართვის სტილის შეცვლით, რესურსების ოპტიმიზაციით, საინფორმაციო სამსახურის ტრანსფორმაციით და ამ ყველაფრისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნით წარმოუდგენია. ზაზა შენგელია ფიქრობს, რომ დასახელებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მტკივნეული შტატების შემცირება იქნება და ამიტომ აუცილებლად უნდა გამოინახოს საშუალება, რათა დამსახურებულ ადამიანებს ტელევიზიიდან წასვლა შესაბამისი კომპენსაციის მიღებით მოუხდეთ. არ არის გამორიცხული არც არხების ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა, რადგან, ზაზა შენგელიას თქმით, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს მეორე არხების გავრცელება წელიწადში რამდენიმე მილიონი ჯდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, არსებობს საზოგადოებრივი ტელევიზიების დაფინანსების რამდენიმე მოდელი: სააბონენტო გადასახადი, საზოგადოებრივი ტელევიზიების გრანტებით დაფინანსება, - ამ შემთხვევაში გრანტებს გასცემს მთავრობა ან კერძო კორპორაციები. შესაძლებელია ელექტროენერგიის გადასახადზე მცირე დანამატით დაფინანსების გამოცდილების გათვალისწინება და ასე შემდეგ.
“თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის ლევან რამიშვილის აზრით კი, საქართველოს შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუ ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო კომპანიებს რეგულირებისა და ლიცენზირების საფასურს 1 პროცენტით გაუზრდიან და ამ 1 პროცენტიდან ამოღებულ თანხას საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსებას მოახმარენ. ასეთ მოდელს ექნება ნაკლოვანება. გაჭირდება დაზუსტება, თუ რამდენად დააკმაყოფილებს სამომავლოდ საზოგადოებრივი ტელევიზია საზოგადოების მოთხოვნებს. ამ მხრივ, გაცილებით ეფექტიანია სააბონენტო დაფინანსება, მაგრამ, ჩვენი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე გამართლებული რეგულირების საფასურის გაზრდა იქნება, ყოევლ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც, “- მიიჩნევს ლევან რამიშვილი.

საზოგადოებრივი ტელევიზია 3 მოთხოვნას უნდა უპასუხებდეს. ესენია: საზოგადოებრივი მართვა, საზოგადოებრივი დაფინანსება და საზოგადოებრივი კონტროლი. სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე მზად
არის კანონმდებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის გზები განიხილოს, მათ შორის ისიც, თუ როგორი წესით უნდა დაკომპლექტდეს ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო, ან როგორი უნდა იყოს ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები.

”მთვარია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყო, ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ სახელმწიფო ტეელვიზიისა და რადიოს სერიოზული რეფორმისთვის ნიადაგი მოგვემზადებინა,- ამბობს ის.
ასე რომ, ვნახოთ რა გზები გამოიძებნება რეფორმისთვის, რომელსაც სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე სასამართლო და მიწის რეფორმების მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას დრო, წლები დასჭირდება.
XS
SM
MD
LG