Accessibility links

ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მონოპოლისტი კომპანიები დაასახელა


საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, როდესაც მაღალია კორუფციის დონე და სახელმწიფო სტრუქტურების ღია თუ ფარული მონაწილეობა კერძო ბიზნესში, ბუნებრივია,

რომ არსებობენ ბაზრის მონოპოლისტებიც. ბოლო დრომდე ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ, ახლა კი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მონოპოლისტების გამოვლენა დაიწყო და, შესაბამისად, მათი საქმიანობის კონტროლსაც ცდილობს.

ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა პირველი 9 მონოპოლისტი რამდენიმე თვის წინ დაასახელა, რასაც მათი მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. საპროტესტო განცხადებებით მონოპოლიური ბიზნესის წარმომადგენელი პოლიტიკური ძალებიც კი გამოვიდნენ. მიუხედავად ამისა, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მონოპოლისტებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად მათი შესწავლა კვლავ გააგრძელა და ახალი მონოპოლისტებიც გამოავლინა. ამ სამსახურის უფროსის არმაზ თავაძის თქმით: [თავაძის ხმა] „რომელმა მეწარმემაც არ უნდა განაცხადოს რაიმე წინააღმდეგობა, ყველას მისამართით ვამბობთ, ცალსახად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა მიმართული არის ბაზრების ლეგალიზაციისაკენ, ყველა მეწარმე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება სრულყოფილად მოახერხოს ამა თუ იმ ბაზრის შესწავლა“სტილი დაცულია].

პირველი მონოპოლისტების გამოვლენის შემდეგ იმის შემოწმება მიმდინარეობს, არღვევენ თუ არა ისინი მომხმარებელთა უფლებებს, ან ზღუდავენ თუ არა ბაზარზე ახალი კომპანიების დამკვიდრებას. სანამ ეს სამუშაო დამთავრდება, მანამდე ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კიდევ 8 მონოპოლისტი გამოავლინა, რომლებიც სამსახურის ხელმძღვანელმა არმაზ თავაძემ 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. მონოპოლისტად ითვლება ის კომპანია, რომელსაც ბაზრის 35 პროცენტზე მეტი უჭირავს. ასეთად ავიაბიზნესში „აირზენა“ დასახელდა; თამბაქოს ბაზარზე - კომპანია „სტრაიკი“ და „საქართველოს თამბაქოს წარმოება“; სასოფლო სამეურნეო სასუქების სფეროში - სააქციო საზოგადოება „აზოტი“, რომელსაც ბაზრის თითქმის 100 პროცენტი აქვს ათვისებული. დასახელდნენ რძის პროდუქტების, ყავისა და ჯართის ბიზნესის მონოპოლისტებიც.

ამ კომპანიების პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა „აზოტმა“ წინასწარვე გამოაცხადა, რომ ის თავს მონოპოლისტად არ მიიჩნევს, რადგან მისი პროდუქციის რეალიზებას სულ სხვა კომპანია აწარმოებს. ამ აზრს ანტიმონოპოლიური სამსახური არ იზიარებს, რადგან მონოპოლისტის გამოვლენა, რეალიზაციის გარდა, სხვა მრავალი კრიტერიუმითაც ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს მონოპოლისტის აღმოჩენა განსაკუთრებით ნავთობის ბიზნესში გაუჭირდა. ამ სფეროში 100-მდე კომპანია მოღვაწეობს და თავაძე ფიქრობს, რომ მათ შორის ფარული კავშირი არსებობს, რომლის დადგენა შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.

[თავაძის ხმა] „საქართველოში, ალბათ, უკვე დადგა დრო, რომ დასრულდეს საუბარი კლანურ ეკონომიკაზე, დასრულდეს საუბარი კლანურ ბიზნესზე და მე გპირდებით, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური მიაღწევს ამას. ანუ თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, ამა თუ იმ სფეროში რომელი კომპანია აწარმოებს ბიზნესს, რომელი ბიზნესმენი მოღვაწეობს, ვინ რა ფორმით და ასე შემდეგ.“

თავაძის თქმით, მონოპოლისტების გამოსავლენად მიმდინარე სამუშაოებისას იგი სახელმწიფო სტრუქტურების დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა. მომავალში მათი კერძო ბიზნესით დაინტერესების მიზეზებიც გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG