Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტს არჩევნების არსზე სპეციფიკური წარმოდგენა აღმოაჩნდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 აპრილს, გვიან ღამით, პარლამენტმა კენჭისყრით დაადასტურა, რომ მას არჩევნების არსზე ფრიად ორიგინალური წარმოდგენა აქვს. პარლამენტმა, ერთი მხრივ,

მხარი დაუჭირა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, მაგრამ უარყო ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველი პირების არჩევითობის პრინციპი.

[ ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ 2-ში დანიშნულია არჩევნები, არავის ვაპატიებთ ამ არჩევნების გადადებას. ამიტომ მთავარი შედეგი მთელი საქართველოსთვის უნდა იყოს ეს – 2-ში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს თარიღი არ შეიცვლება.”

10 აპრილს, გვიან საღამოს, საქართველოს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და არ მიიღო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ კანონში. ვინაიდან ახალი წესით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა 2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

პარლამენტის 10 აპრილის გადაწყვეტილება დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. თუ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაუსრულებელი კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები მისაღებად მიიჩნევენ ახალი არჩევნების იმავე საარჩევნო კიმისიის მიერ ჩატარებას და თუ პარლამენტარები კვლავინდებურად დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩეველი მზად არ არის საკუთარი მერისა და გამგებლის არჩევნებისთვის, გაუგებარია, რატომ გადაიდო არჩევნები შარშან ნოემბერში.

საინტერესოა ხმების ის გადანაწილება, რაც მერებისა და გამგებლების არჩევნების პრინციპის კენჭისყრისას გაირკვა. ამ წინადადების დადებითად გადაწყვეტას სულ რაღაც 18 ხმა დააკლდა. მართალია, კენჭისყრის შედეგების გარკვევის შემდეგ ბევრი პარლამენტარი მოითხოვდა გამოქვეყნებულიყო, თუ ვინ არ დაუჭირა მხარი მერებისა და გამგებლების არჩევნებს, ჯერჯერობით ეს მონაცემები ოფიციალურად არ გახმაურებულა. მოარული ხმებით, მერებისა და გამგებლების არჩევითობის პრინციპს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა: “სოციალისტმა”, “ახლების” უდიდესმა ნაწილმა, “მრეწველებმა”, “თანადგომამ”, “ალიანსმა ახალი საქართველოსთვის”,” მოქალაქეთა კავშირის” მცირე ნაწილმა. ასევე, მოარული ხმებით, არჩევითობაზე უარის თქმა გამოიწვია იმის შესაძლებლობამ, რომ, ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პრეზიდენტი, რომელიც გადაჭრით წინააღმდეგია არჩევითობისა, ვეტოს დაადებდა კანონს.

პარლამენტის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, “მოქალაქეთა კავშირი”, ასე ვთქვათ, რევანშისთვის ემზადება. მეორე მოსმენისთვის ფრაქცია მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რაც გამორიცხული არ არის, ახალი საპარლამენტო კრიზისის მიზეზი გახდეს.
XS
SM
MD
LG