Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გვჭირდება ახალი იმპერიები


დღეს, “უხილავი ფარდაში” დასავლეთში უკვე პოპულარულ თემაზე გესაუბრებით.

რატომ გვჭირდება ახალი იმპერიები, ამ შეკითხვაზე პასუხს გასცემს ბრიტანელი დიპლომატი, პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის "საერთაშორისო პოლიტიკის გურუდ" წოდებული რობერტ კუპერი. მას სჯერა, რომ ახალ კოლონიალიზმს შეუძლია გადაარჩინოს სამყარო.

ევროპის უშიშროებისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კუპერი ხსნას ხედავს თავისებურ, როგორც ის უწოდებს, "ნებაყოფლობით იმპერიებში", ამავე პრინციპზე დაფუძნებულ კოლონიალიზმში. ის თავის თეორიას აგებს ევროპის და, საერთოდ, წარსული იმპერიების დადებით მხარეებზე, იმაზე, რომ იმპერია ნიშნავდა წესრიგს, ამასთან, კულტურას, ცივილიზაციას და იმპერიების გარეთ კი სუფევდა ბარბაროსობა, ქაოსი და არეულობა.

კუპერი თავის წერილს, რომელიც ბრიტანეთის “ობსერვერმა” გამოაქვეყნა, ზუსტად ამ თეზით იწყებს. ის ამბობს, რომ იმპერიებს ერთი ნაკლი ჰქონდათ, კერძოდ ის, რომ არ იყვნენ ცვლილებებისთვის მზად, ამიტომ მართვის ავტორიტარულ სისტემებს წარმოადგენდნენ. ისტორიულად ისინი სტატიკურები იყვნენ.

კუპერის კლასიფიკაციით, ამჟამად საქმე გვაქვს პირველ რიგში პრემოდერნულ სახელმწიფოებთან, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის. ამის საუკეთესო მაგალითად ავღანეთი და სომალი მოჰყავს. შემდეგ მოდის პოსტიმპერიული სახელმწიფოები, პოსტმოდერნული ქვეყნები, რომლებიც თავიანთ მიზნად სხვების დაპყრობას აღარ ისახავენ. და კიდევ ერთი ყაიდის სახელმწიფოები ეგულება რიჩარდ კუპერს, ტრადიციული მოდერნული ქვეყნები და მათ მაგალითად ასახელებს ინდოეთს, პაკისტანს, ჩინეთს, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები და ამ ინტერესების დასაცავი ძალა.

პოსტმოდერნული სისტემა, რომელშიც ჩვენ, ევროპელები ვცხოვრობთო, წერს ბრიტანელი ავტორი, ბალანსს, როგორც ეს უწინ ხდებოდა, უკვე აღარ ეფუძნება და არც სუვერენიტეტზე ზრუნავს, ასევე არ ესწრაფვის საშინაო და საგარეო პრობლემების ერთმანეთისგან გაყოფას. ევროპის კავშირი განვითარებული სიტემაა, რომელიც მისი წევრი ქვეყნების ურთიერთზემოქმედებას გულისხმობს. ამასთან ისინი ერთმანეთს აღარ ემუქრებიან. მაგრამ საქმე ის არის, რომ კუპერის თქმით, მოდერნული და პრემოდერნული ქვეყნები ემუქრებიან მათ.

კუპერი გულწრფელად წერს, რომ პოსტმოდერნულმა სამყარომ, ე.წ. "ცივილიზებულმა სამყარომ", დაიწყო ორმაგი სტანდარტების გამოყენება. ერთმანეთს შორის ეს ქვეყნები სამართლის ფარგლებში ურთიერთობენ და უშიშროების სფეროშიც თანამშრომლობენ. მაგრამ სხვებთან, პოსტმოდერნული კონტინეტის გარეთ, ეს სამყარო იყენებს ძალასაც, მოტყუებასაც და ყველა იმ საშუალებას, რომელიც მიღებული იყო მეცხრამეტე საუკუნეში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დროს. ისე, რომ ჯუნგლებს ჯუნგლის ენაზევე ველაპარაკებითო, განმარტავს კუპერი. ის ამტკიცებს, რომ ევროპა ხანგრძლივი მშვიდობის გამო მოეშვა და თავდაცვის აუცილებლობა მიავიწყდა.

კუპერის სტატიაში, რომელიც “ობსერვერშია” გამოქვეყნებული, ახლა მივადექით იმ ადგილს, სადაც ავტორი უკვე პირდაპირ პრობლემას ეხება და წერს, რომ პრემოდერნული სამყარო წარმოაგენს არშემდგარი სახელმწიფოების ჯგუფს, რომელთა მსგავსი ბევრია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ასევე დიდია მათი წილი ნარკოტიკებით მოვაჭრე ქვეყნებს შორის, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში. ეს ქვეყნები, ანუ ამ სახელმწიფოების მმართველები, ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ ტერიტორიებს, იქ იწყებს დამნაშავეობა ფრთების გაშლას, გავლენას ახდენს სახელმწიფოზე, მთავრობაზე და შედეგიც არ აყოვნებს, ამგვარ ქვეყნებში იბუდებს ის ძალაც, რომელიც ამ ქაოსურ სიტუაციას იყენებს სხვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მუქარა, განაგრძობს კუპერი, თუკი მართლაც საშიში ხდება, ჩნდება თავდაცვითი იმპერიალიზმი, ისეთი, როგორსაც ავღანეთში დასავლეთის მოქმედებაში ვხედავთ.

რა უნდა ვიღონოთ პრემოდერნული ქაოსის შემთხვაში? - სვამს შეკითხვას კუპერი. თუკი ქაოსის ზონაში ჩავერიეთ, რისკს გავწევთ, ეს ჩარევა წარუმატებელი რომ გამოდგეს, ვავნებთ ამავე ქვეყნის მთავრობას და სხვა.

კუპერის დასკვნა ასეთია, ამ ქაოსის დაძლევის ლოგიკური გზაა კოლონიალიზმი. მაგრამ პოსტმოდერნული ქვეყნები ამაზე უარს ამბობენ. ყოველ შემთხვევაში იმ ფორმაზე, რომელიც ამ სიტყვასთან ადრე იგივდებოდა. საჭიროა ახალი იმპერიალიზმი, რომელიც მოერგება ადამიანის უფლებების დაცვის თეორიას და კოსმოპოლიტურ ფასეულობებს, იმპერიალიზმი, რომელიც წესრიგს დაამყარებს, მაგრამ რომელიც ნებაყოფლობითობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
კუპერი იქვე განმარტავს, ალბათ არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მკითხველი შეშფოთდეს, რომ ნებაყოფლობითი იმპერიალიზმის პრინციპით მოქმედებს, მაგალითად გლობალური ეკონომიკის გამტარებელი ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კუპერი წერს, რომ ისინი გლობალურ ეკონომიკაში გზის მოძებნის მსურველ ქვეყნებს მიმართულებას უჩვენებს და ამით შეჰყავს ისინი დაფინანსებისა და კეთილდღეობის ეფექტიან წრეში.

კუპერი აღწერს კიდევ ერთ ფორმას პოსტმოდერნული იმპერიალიზმისა. ეს გახლავთ მეზობლების იმპერიალიზმი, როცა მახლობლად წარმოქმნილი ქაოსის მოსაწესრიგებლად მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ ზრუნვას, როგორც ეს მაგალითად ხდება ბალკანეთში, რომლის არასტაბილურობა დანარჩენ ევროპას დაემუქრა და ამიტომ იქ ახლა სამშვიდობო ჯარია განთავსებული, ან კიდევ უცხო ადმინისტრაცია განაგებს იქაურობას.

და კიდევ ერთი, ევროპის გაფართოება, კუპერის აზრით, ასევე ნებაყოფლობითი იმპერიალიზმის სახეობაა. თუკი ხარ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი, უნდა მიღო მისი კანონი და წესი და შემდეგ შეგიძლია მასში შეხვიდე. სამაგიეროდ, კავშირში ხმის უფლებას იძენ. კუპერი წერს, რომ პოსტმოდერნული ევროკავშირი თანამშრომლობის იმპერი იქნება, საერთო თავისუფლებით და უსაფრთხოებით.

როგორც კუპერი წერს ბოლოს, მხოლოდ დრო გამოავლენს, რომელი ამ იდეათაგანი განხორციელდება. მისი აზრით, სიტუაცია ახლა ისეთია, რომ დრო არ ითმენს, რაც ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რეალობა გაიძულებს, ნებაყოფლობით დამორჩილდე იმას, რასაც გთავაზობენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG