Accessibility links

logo-print

ორი სტუდენტური ფორუმის მოლოდინში


დავით პაიჭაძე, თბილისი თუკი შეიძლება ვილაპარაკოთ საქართველოში სტუდენტური მოძრაობის არსებობაზე, მაშინ ამ მოძრაობის რიგებში სულ უფრო ძლიერდება განსხვავებული მიმართულებები.

ხუთშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრა ისურვა თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ორმა ჯგუფმა, რათა ემცნო, რომ შაბათს, 13 აპრილს, ჩატარდება ახალგაზრდობის ფორუმი. ეგ არის, რომ ჯგუფები ფორუმებს ცალ-ცალკე ატარებენ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, რომ მეორე ჯგუფი დესტრუქციული, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მათ უპირისპირდება; ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავმოყრილმა სტუდენტებმა თქვეს, რომ ფილარმონიაში ფორუმის ჩატარების მოსურნე ახალგაზრდები ხელისუფლებას წარმოადგენენ და თავიანთი საქმიანობით ხელს უშლიან სტუდენტთა ნამდვილი ინტერესების რეალიზებას.

ქართველი სტუდენტების სხვადასხვა, ხშირად კი ფართო საზოგადოებისათვის გაუგებარ, ვნებებს მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ. ამიტომაც ძნელია, სტუდენტთა პოლემიკისას – არა, ჩვენ დაგვებადა ფორუმის იდეა პირველად ან, არა, სწორედ ჩვენ ჩავიფიქრეთ მისი ორგანიზებაო – რომელიმე მხარეს თანაუგრძნო. ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტები ამბობდნენ, რომ ფორუმზე იწვევენ თანამოაზრეებს საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებლიდან. ასევე, მთელი საქართველოდან ეპატიჟება სტუდენტებს მეორე ჯგუფი. პირველთ უკვე გაინაღდეს ფორუმის ჩატარება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. მეორენი ამბობენ, რომ მათთვის ყველა დარბაზის კარი დახურეს და ფორუმის ჩატარებას არ ანებებენ. ერთიცა და მეორეც ფორუმს არა მარტო იწვევს, არამედ აფუძნებს, ანუ სტუდენტთა შეკრებას არასამთავრობო გაერთიანების, ორგანიზაციის ფორმას აძლევს. ფილარმონიის ფორუმის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტი კოლეგების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან, თუმცა ცოცხალი თავით არ აკონკრეტებენ ამ ძალებს. პასუხად გაისმის, რომ ფორუმის ფილარმონიაში გასამართავად ამ სტუდენტებს ხელს უწყობს ხელისუფლება და პირადად სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თედო ისაკაძე, ხოლო გუბერნატორებს დავალებული აქვთ რეგიონებში სტუდენტების მობილიზება თბილისში გამოსაშვებად. ერთნი, მართალია, არ ასახელებენ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, მაგრამ აშკარაა, რომ გულისხმობენ ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ვართ სტუდენტთა ერთიანობის მომხრე, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე – თქვეს ხუთშაბათს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თავისთავად, სტუდენტის დაინტერესება პოლიტიკით და პოლიტიკოსთა დაინტერესება სტუდენტობით საძრახისი არ არის, მაგრამ ფილარმონიის ფორუმის ორგანიზატორები მიუღებლად მიიჩნევენ სტუდენტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პარტიების ინტერესთა გაჩენასა და რეალიზებას. ჯერჯერობით უდარბაზო ფორუმის ინიციატორები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები მათ უკან კი არ დგანან, არამედ მათ გვერდით და ისინი, სტუდენტები, ყოველთვის შეეწევიან პოლიტიკოსებს მისაღებ წამოწყებათა განხორციელებაში. რაც შეეხება მიზნებსა და საზოგადოებისთვის გასაგზავნ შეტყობინებებს, ამას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები უფრო კონკრეტულად აყალიბებენ [დათო მესხიშვილის ხმა]: “ჩვენი მიზნები არის გაერთიანება; ეს ორგანიზაცია არის აპოლიტიკური; ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ორგანიზაციისათვის იქნება დაწყებული ანტიკორუფციული მოძრაობის უფრო და უფრო გაძლიერება”.

უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფორუმის ჩამოთვლილ მიზნებს სტუდენტთა პრობლემების კვლევასა და გადაჭრას ამატებს.
XS
SM
MD
LG