Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დარღვევა ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს ავღანეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ადამიანის უფლებების დარღვევები ხელს უშლის ავღანეთში სამშვიდობო პროცესს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩი”,

ყურადღებას ამახვილებს ძალადობაზე პუშტუნების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილოეთში. თუმცა პუშტუნები ავღანეთში ეთნიკური უმრავლესობაა, ჩრდილოეთ პროვინციებში ისინი უმცირესობას წარმოადგენენ.

თალიბანი უმთავრესად პუშტუნებისგან შედგებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პუშტუნი მისი მომხრე იყო. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთის ალიანსი სამხედრო მეთაურები ჯავრს იყრიან 1997-2001 წლებში თალიბანის მიერ არაპუშტუნების წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე.

“ჰიუმან რაიტს უოჩის” 9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია რომ 2001 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა რეგიონში ძალაუფლება ჩრდილოეთის ალიანსის ხელში მოექცა, ადგილი აქვს კოლექტიურ სასჯელს, სექსუალურ ძალადობას, გატაცებებსა და ძარცვა-გლეჯას.

ორგანიზაციის წარმომადგენელი პეტერ ბუკერტი შიშობს, რომ ეს ხელს შეუშლის ტრადიციული კონფერენციის – ლოია ჯირგას – მოწყობას, რომელზეც აირჩევა ახალი გარდამავალი მთავრობა ორი წლის ვადით. ლოია ჯირგაში შედიან პოლიტიკოსები, თემების უხუცესები, ეთნიკური და რეგიონული ლიდერები და სხვა გამორჩეული ფიგურები. მისი ჩატარება ივნისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ დელეგატების არჩევა ადგილობრივ დონეზე 13 აპრილს იწყება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ ერთი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშნელი” აგრეთვე ამახვილებს ყურადღებას პუშტუნების დევნაზე ჩრდილოეთ რეგიონში, განსაკუთრებით ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. ორგანიზაციის შვეციის განყოფილების მეთაური კარლ სოდერბერგი, რომელიც ცილობს ავღანეთში “ამნესტი ინტერნეიშნელის” მუდმივმოქმედი ოფისის გახსნას, ამბობს, რომ ისინი, ვინც ჩადიიან ბოროტებებს, გრძნობენ, რომ მათ არავინ არ მოსთხოვს პასუხს ამისთვის. სოდერბერგის თქმით, საჭიროა ამ დაუსჯელობის კლიმატის გაუქმება.

მისი აზრით, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები უნდა დაეხმარონ ადგილობრივ არასამთარობო ორგანიზაციებს, რათა მათაც დაიწყონ ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევების დოკუმენტირება.

“ჰიუმან რაიტს უოჩი” და “ამნესტი ინტერნეიშნელი” თვლიან, რომ საჭიროა ავღანეთის სახელმწიფო არმიის შექმნა, რომლის ჯარისკაცები პატივს სცემენ ადამინის უფლებებს, და რომელთა რიგებში აღარ იქნებიან ისინი, ვინც ადრე ხელყოფდა ამ უფლებებს.

“ამნესტი ინტერნეიშნელი” აგრეთვე თვლის, რომ აუცილებელია ავღანეთის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება. მთავრობის მცდელობები, დაიცვას ადამიანის უფლებლები, არ იქნება ეფექტიანი თუ მართლმსაჯულებაც არ გაიზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის იდეას.

დროებითი მთავრობის მეთაურს კარზაის სურს ავღანეთში ადამინის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, ვინაიდან ძალაუფლების დიდი ნაწილი რეგიონული სამხედრო მეთაურების ხელშია და ზოგიერთ მათგანს მთავრობასა და პროვინციების ადმინისტრაციებში მაღალი პოსტები უჭირავს.

“ჰიუმან რაიტს უოჩი” თვლის, რომ მხოლოდ უშიშროების საერთაშორისო ძალების გაფართოება შექმნის ქმედითუნარიანი მთავრობის არჩევის პირობებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ქაბულში უშიშროების დასაცავად საჭირო 5 ათასი მამაკაცის უზრუნველყოფაც კი დიდი გაჭირვებით მოახერხა.
XS
SM
MD
LG