Accessibility links

logo-print

არღვევს თუ არა აშშ კონსტიტუციას ტერორიზმთან ბრძოლის დროს?


მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტრაგედიამ შეერთებული შტატები და მასთან ერთად მთელი მსოფლიო სრულიად ახალი ყაიდისა და განზომილების საფრთხის წინაშე დააყენა,

ადამიანის უფლებათა დამცველები ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ზომიერება დაიცვას ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვისას. ასეა თუ ისე, ტერაქტებიდან 6 კვირის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა ახალ კანონს სახელწოდებით ”შეერთებული შტატების პატრიოტული აქტი”, რომელითაც ძალოვანი და დაზვერვის უწყებების უფლებამოსილებები გააფართოვა. თუ რამდენად გააფართოვა - ამას გვაჩვენებს ნიუ-იორკელი ვექილის, ლინ სტიუარტის სახელთან დაკავშირებული უთანხმოება, რომელსაც ახლა შევეხებით.

ლინ სტიუარტისნაირი ვექილი ცოტაა: მის კლიენტებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა დაცვაზეც სხვა ვექილებმა უარი თქვეს. სტიუარტს კი არასოდეს უღალატია პრინციპისათვის, რომ აქტიურ და კომპეტენტურ იურიდიულ თანადგომას იმსახურებს ნებისიმიერი ბრალდებული – თუნდაც შეიხი ომარ აბდელ-რაჰმანი: მუსლიმანი სასულიერო პირი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი ”ისლამური დაჯგუფების” უსინათლო ლიდერი. ლინ სტიუარტის ეს კლიენტი დამნაშავედ არის მიჩნეული ნიუ იორკში მსოფლიო ვაჭრობის ცენტრზე 1993 წელს მოწყობილი თავდასხმის ორგანიზებაში და ამჟამად შეერთებულ შტატებში სამუდამო პატიმრობას იხდის.

ორიოდე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს თვით ლინ სტიურტი: ბრალდების თანახმად, ის გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა აბდელ-რაჰმანს, რომელსაც ეკრძალება თანამოაზრეებთან კავშირის დამყარება. მაგრამ საგულისხმოა შემდეგი: როცა სამშაბათს ბრალდების შესახებ გამოაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ჯონ ეშკროფტმა, მას არ უთქვამს, საიდან შეიტყო მთავრობამ ნიუ-იორკელი ვექილისა და მისი კლიენტის საუბრების დეტალები! სამაგიეროდ, ეშკროფტს არ დაუმალავს, რომ სტიუარტის საქმე იქნება პირველი, რომელიც ზემოხსენებული ”შეერთებული შტატების პატრიოტული აქტის” შესაბამისად, პატიმრებსა და მათ ვექილებს შორის კომუნიკაციის თვალთვალს მოჰყვება. ანუ, ეშკროფტის სიტყვებმა ცხადჰყო, რომ ამერიკაში ხელყოფილ იქნა ე.წ.ი ”ვექილისა და კლიენტის პრივილეგია” – სამართლებრივი გარანტია, რომ მათ შორის ნათქვამი, რა თემასაც უნდა ეხებოდეს, არ გამჟღავნდება კლიენტის თანხმობის გარეშე.

რა გასაკვირია, რომ ასეთი გარანტიის ხელყოფას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: როგორც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა, ენდრიუ ტულიმ შეიტყო ამერიკელ იურისტ, პროფესორ რალფ სტეინჰარდისაგან, თუ მთავრობამ სტიუარტის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის მიზნით მისი და აბდელ-რაჰმანის საუბრებს მოუსმინა, საქმე მივა სასამართლო პროცესამდე, რომელზეც ”პატრიოტულ აქტს” კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადება ემუქრება:
[პროფესორ სტეინჰარდის ხმა] ”არა მგონია, მთავრობის მოქმედება კანონიერი იყოს და თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი მოქმედება შესაძლებელი გახადა ”პატრიოტულმა აქტმა”, ვფიქრობ, მას ”ვექილისა და კლიენტის პრივილეგიის” არაკონსტიტუციურ ხელყოფად მიიჩნევენ.”

თუ ეს არ მოხდა, ბევრი, მათ შორის პროფესორი სტეინჰარდიც შიშობს, რომ ტერორიზმთან საბრძოველად ამოქმედებული ”პატრიოტული აქტი” საყრდენს გამოაცლის ვექილსა და კლიენტს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას: შედეგად კი ვექილებს შეერთებულ შტატებში სულ უფრო გაუჭირდებათ თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვა.
XS
SM
MD
LG