Accessibility links

logo-print

საარჩევნო კომისიათა პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე 50 დღე რჩება, საარჩევნო კომისიები კი არაერთი პრობლემის წინაშე დგანან. ფინანსური სირთულე კიდევ შეიძლება მოიხსნას:

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხის 4 მილიონ 200 ათასი ლარის გადასარიცხად, რაც კომისიის ანგარიშზე 13 აპრილს უნდა დაჯდეს, ხოლო საოლქო კომისიებს 18 აპრილამდე გადაუნაწილდეს. ფულის მიღების გარდა, არის რამდენიმე პრობლემა, რომელთაც თქვენს ყურადღებას მივაპყრობ.

საარჩევნო კომისიებს ფინანსური პრობლემის დაძლევა თუ თავად არ შეუძლიათ - ფული მათ ყოველთვის სახელმწიფომ უნდა მისცეს – სხვა რიგის სირთულეებთან, ძირითადად, თვითონ უწევთ გამკლავება. ასეთ სირთულეს, უწინარესად, წარმოადგენს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ცვლილებების შეტანა საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ ტრადიციას საქართველოს პარლამენტი არც ახლა არღვევს, რის შედეგადაც საარჩევნო კომისიებში გაურკვევლობა მატულობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი ერთ ასეთ გაურკვევლობად მიიჩნევს ვითარებას, კომისიების დაკომპლექტების წესის განხილვისას რომ წარმოიშვა [ზესაშვილის ხმა]: “აი თუნდაც, ვინ ატარებს არჩევნებს? ყველა უნდა იყოს კანონიერად დანიშნული. როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ყველა მოიკითხავს, თუ ვინ ჩაატარა. არ შეიძლება უკანონოდ დანიშნულმა პირმა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. აქ მთელ სტრუქტურაზეა ლაპარაკი; წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების წინ, დაახლოებით, 40-50 ათასი კაცი იკრიბება ცენტრალურ, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათი დანიშვნა იოტისოდენა ეჭვს არ უნდა უწვევდეს. როცა კანონს ცვლიან არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ გვიწყობს, რადგან ფიზიკურად ძალიან ძნელი განსახორციელებელია”.

გია ზესაშვილის აზრით, პოლიტიკოსები არცთუ იშვიათად უსამართლონი არიან საარჩევნო კომისიების მიმართ; კომისიათა წევრები, უმეტესად, სწორედ ამა თუ იმ პარტიიდან დანიშნული ხალხია, არჩევნების შემდეგ კი საარჩევნო კომისიებს პარტიები ისე აკრიტიკებენ, თითქოს მათთან არავითარი საერთო არ ჰქონდეთ. სასამართლოში ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას ამჯობინებენ ხმამაღალი და მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთებას. [ზესაშვილის ხმა]: “პრეზიდენტის არჩევნები იყო საყოველთაო არჩევნები; ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ფაქტობრივად, საჩივარი არ შემოსულა და ათი დღის შემდეგ უკვე გაყალბებაზე დაიწყეს ლაპარაკი”. ამასთან, როცა საარჩევნო კომისიის წევრები შენიშვნებს გამოთქვამენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინიციატივის მიმართ, მათ პოლიტიკაში ჩარევას საყვედურობენ.

კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრთა უფლებამოსილება, ვისაც კომისიის მიღმა სხვა სახელმწიფო თანამდებობა უკავია. შარშან აგვისტოში მიღებული კანონის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები წარმოადგენენ სახელმწიფო მოხელეებს; ამდენად, მათ არა აქვთ უფლება შეითავსონ სხვა სახელმწიფო თანამდებობა და ხელფასი ორ ადგილზე მუშაობისთვის მიიღონ. თუ ვინმე მაინც ითავსებს, მას არჩევანიც აღარ აქვს – საარჩევნო კომისიის წევრის პოსტი უნდა დატოვოს. დღეს კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოთხი ასეთი ადამიანია, მათ შორის, პარლამენტის აპარატის უფროსი ხათუნა გოგორიშვილი და ფრაქცია “სოციალისტის” აპარატის უფროსი დენის დავითაშვილი. მათი დარჩენა ორივე ადგილას სამომავლოდ კარგ საფუძველს უქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრებას და უკანონოდ ცნობას.
XS
SM
MD
LG