Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს პაუნლის ვიზიტს ისრაელში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდა. ამასობაში კი თეთრმა სახლმა განცხადა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აზრით,

ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამწვავებისთვის პასუხიმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს, ანუ ისრაელს, არ უნდა დაეკისროს. ბუში აცხადებს, რომ პასუხიმგებლობა პალესტინელთა ხელისუფლებამ და რეგიონის არაბულმა ქვეყნებმაც უნდა გაინაწილონ.

ხუთშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ მხოლოდ ისრაელი არ არის დამნაშავე პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტაში. მან თქვა, რომ ბუშმა, ისრაელის ჯარების გაყვანის მოთხოვნასთან ერთად, მოუწოდა პაელსტინელთა ხელისუფლებას და მათ ლიდერ იასირ არაფატს, დაგმონ თვითმკვლელური აქტები, ხოლო არაბულ მთავრობებს – შეწყვიტონ პალესტინელებსა და ისრაელს შორის ძალადობის ატმოსფეროს შექმნისთვის ხელშეწყობა.

4 აპრილს ბუშმა საჯაროდ მოუწოდა შარონს, დაიწყოს უკანდახევა, მაგრამ ისრაელის ჯარები არამც თუ გაყვანილ არ იქნა, არამედ ზოგან კიდევ უფრო ღრმად შევიდა პალესტინელთა ტერიტორიებზე.

ისრაელს უკან დახევისკენ მოუწოდებენ, აგრეთვე, გაერო და ევროპის კავშირი, მაგრამ შარონი აცხადებს, რომ ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის და სანამ თვითმკვლელურ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლები სამსჯავროს წინაშე არ წარდგებიან, ამოცანა შესრულებულად არ ჩაითველება.

რაც შეეხება პაუელის მისიას, ფლაიშერის თქმით, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო მდივანი არაბული ქვეყნებისა და ისრაელის ლიდერებთან, აგრეთვე, პალესტინელთა ხელისუფლებთან შეხვედრის მსვლელობაში მოახერხებს ნაკლებ ძალადობრივი ატმოსფეროს შექმნას, რასაც, იმედია, მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო პროცესის განახლება.

პარასკევს კოლინ პაუელი შეხვდა არიელ შარონს. სახელმწიფო მდივნის თქმით, არ ყოფილა მიღწეული რაიმე შეთანხმება პალესტინელთა ტერიტორიებიან ისრაელის ჯარების გაყვანის გრაფიკის თაობაზე. შარონმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უახლოეს ხანში დამთავრდება.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პაუელმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მისი ორკვირიანი ოპერაცია უარყოფით გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე.

[კოლინ პაუელის ხმა] “ჩვენ გვესმის, რომ ისრაელმა თავი უნდა დაიცვას. გვესმის, რომ ისრაელს ტერორისტული თავდასხმები ემუქრება და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. მაგრამ, ამავე დროს გვჯერა, რომ, როგორც ისრაელის მეგობრებმა, უნდა გავითვალისწინოთ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული შედეგები და მისი გავლენა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, საერთაშორისო კლიმატზე.”

პაუელმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს შეხვედრებს ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან, მათ შორის, შაბათს იასირ არაფატთან მის შტაბ-ბინაში, ქალაქ რამალაში. შარონმა თქვა, რომ არაფატთან პაუელის შეხვედრა “ტრაგიკული შეცდომა” იქნება.

პრესკონფერენციაზე პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება მორიგება ოპერაციის ხანგრძლივობის თაობაზე და იმ კურსზე დაბრუნება, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე მიგვიყვანს. “ჩვენ ვიცით, რა არის ტერორიზმი, ვიცით როგორ ვუპასუხოთ ტერორიზმს და ვიცით, რომ ისრაელს პასუხის გაცემის უფლება აქვს. საკითხი ის არის, რას მივაღწევთ ამ პასუხის შემდეგო”, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG