Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტი ჩეჩნეთის მდგომარეობას განიხილავს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში ჩატარდა დებატები ჩეჩნეთის მდგომარეობის თაობაზე. გამოითქვა შეშფოთება,

რომ შეუძლებელია თვალის დახუჭვა ამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევებზე. საფრანგეთის წარმომდგენელმა მარი ისლერ-ბეგენმა ჩეჩნეთში შექმნილი ვითარება “გენოციდად” დაახასიათა.

“ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ პასიური დეკლარაციებით. რუსეთი იქ ტერორიზმთან ბრძოლის ნიღაბქვეშ გენოციდს ახორციელებს, განაცხადა ქ-ნმა ისლერ-ბეგენმა.

მისი თქმით, ევროპის კავშირმა რუსეთთან კონტაქტები სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა გამოიყენოს. მან დასძინა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით კავშირის გაფაროებასთან ერთად, რუსეთი ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება, რაც ძირფესვიანად შეცვლის მის სტატუსს და მის ურთიერთობას ახალი ევროპის შემადგენლობაში შემავალ მეზობლებთან.

ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა რამონ დე მიგელმა თქვა, რომ კავშირს სურს ჩეჩნეთში სრული დემოკრატიული სიტუაციის შექმნა, როცა დაცული იქნება ადამიანის უფლებები და ყველა ლტოლვილი დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.

დე მიგელის პრესმდივანმა ისაბელ რიკომ კი მოგვიანებით თქვა, რომ ამ საკითხს მომავალ კვირაში, ლუქსემბურგში, ევროპის კავშირისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრაზე წამოჭრიან. რიკოს თქმით, ესპანეთი მიიჩნევს, რომ ევროპის კავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში ჩეჩნეთი მთავარი ელემენტია.

სტრასბურგის დებატებში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში პაულ ნილსენმა. მან თქვა, რომ გაუმართლებელია კრიტიკა, თითქოს დახმარება დანიშნულებამდე არ აღწევდეს.

“სულაც არ ვფიქრობ, რომ ევროპის კავშირის დახმარების მხოლოდ 3 პროცენტი აღწევს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც იგი განკუთვნილია. ასე რომ იყოს, 200 ათასი ლტოლვილი ინგუშეთში დიდი ხანია შიმშილით მოკვდებოდაო”, განაცხადა ნილსენმა. მან აღნიშნა, რომ დახმარების მიწოდება უაღრესად რთული ოპერაციაა და სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა.

ნილსენმა თქვა, აგრეთვე, რომ ფართო პოლიტიკური დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე გამიჯნულ უნდა იქნეს დახმარების საკითხებისგან, რადგან ამ ორი პრობლემის გაერთიანება საერთაშორისო ჰუმანირაულ ორგანიზაციტებს რეგიონში ჩაღწევას გაურთულებს.

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ჩეჩნეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, გამოძებნონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მართალია, რეზოლუცია აღიარებს, რომ გადაგმული იქნა “გარკვეული კონსტრუქციული ნაბიჯები”, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლა გვიჩვენებს, რომ განსხვავება ჩივილისა და დამრღვევთა დასჯის შემთხვევებს შორის ჯერ კიდევ მეტად დიდია.
XS
SM
MD
LG