Accessibility links

430-ე გამოშვება


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 430-ე გამოშვება


მარიამ ჭიაურელი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ პროგრამას, როგორც ყოველთვის, ”მეათე სტუდიაში” გავაგრძელებთ. ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ჯერ ჩავეძიებით შეკითხვებს, რატომ რჩება საქართველოს პარლამენტში ყველა თავის ადგილზე? და იქცევა თუ არა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად? შემდეგ გაგაცნობთ ზოგ მოსაზრებას რელიგიურ უმცირესობათა დევნა-შევიწროვების თაობაზე, გიამბობთ პრაღის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოშობით ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე ჩხეიძის წიგნის პრეზენტაციის შესახებ. დაბოლოს, გამოვეხმაურებით კინოვარსკვლავ ომარ შარიფის დაბადების 70-ე წლისთავს.

[მუსიკა]

რატომ რჩება პარლამენტში ყველა თავის ადგილზე?

მარიამ ჭიაურელი:
ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნოემბრის დასაწყისში ყველა ელოდა, რომ საკადრო და, შესაბამისად, პოლიტიკური ცვლილებები პარლამენტში გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სპიკერის გარდა, პოსტი აღარავის დაუკარგავს. ლაპარაკიც, რომ მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებმა ამა თუ იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვონ, სულ უფრო იშვიათად გაისმის. რატომ არ გადანაწილდა პარლამენტში თანამდებობები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას დავით პაიჭაძე შეეცდება.

დავით პაიჭაძე:
შარშანდელი ოქტომბრის მიწურულს ზურაბ ჟვანიას გადადგომას თითქოს უნდა მოჰყოლოდა სერიული გადადგომა “მოქალაქეთა კავშირის” იმ წევრებისა, ვისაც პარლამენტში რაიმე თანამდებობა ეკავა. თუ ეს ხალხი გადადგომას ნებით არ ისურვებდა, პარტიის დასუსტება მოჩანდა მათი იძულებითი გადადგომის ან გადაყენების წინაპირობად. ეს პროცესი კი არც დაწყებულა, ისე დამუხრუჭდა სპიკერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის – ჟვანიასთვის სასურველი კანდიდატის – არჩევის შემდეგ. ბურჯანაძის გასვლამ “მოქალაქელთა” ოპონენტებს დაანახა, რომ პარლამენტში პარტიის საბოლოო ჩამოწერა ჯერ ადრე იყო.

ჟვანიას გადადგომის შემდეგ მხოლოდ ერთმა პიროვნება სტოვებდა თანამდებობას – პარლამენტის აპარატის უფროსი ხათუნა გოგორიშვილი. იგი ყოფილი სპიკერის პირადი ნომენკლატურა იყო. ამ პოსტზე “აღორძინების” თვალსაჩინო წევრის, ვახტანგ რაზმაძის სიძის გამწესებაზე ლაპარაკმა ბევრს აფიქრებინა, რომ ამის შემდეგ მაინც დაიწყებოდა საპარლამენტო “საკუთრების გადანაწილება”, მაგრამ ეს მოლოდინიც გაცრუვდა.

პარლამენტარი საკუთარი ნებით თუ არ ტოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მის გადაყენებას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც თავის დროზე დამტკიცებას დასჭირდა. 118 ხმის მოგროვება კი კონკრეტული პოსტის მქონე პირის “დასაცურებლად” დეპუტატებს გაუჭირდებათ. ეს ნიშნავს: პარლამენტის ნახევარზე მეტი უნდა შეთანხმდეს და კოლეგას დაუსაბუთოს, რომ ის უვარგისია დაკავებული თანამდებობისთვის. პოლიტიკურ ნიადაგზე რა ეპითეტებსაც უნდა იმეტებდნენ პარლამენტარები ერთმანეთისთვის, დეპუტატთა კორპუსის საგრძნობი ნაწილი ნორმალურ პირად ურთიერთობებს ინარჩუნებს. პირადი ურთიერთობების გაფუჭება კი ცოტას თუ უნდა. არადა, ეს გარდაუვალია კომიტეტის თავმჯდომარეებზე კანონიერი გზით გალაშქრების შემთხვევაში. “ნამუსზე შეგდება” ჩვენს საჯარო პოლიტიკოსებზე არ მოქმედებს – აქაოდა, “მოქალაქეთა კავშირი” დაიშალა და ამ პარტიის წევრებმაც თანამდებობები უნდა დატოვოთო – ასეთი შეძახილები არათუ არ ჭრის, ადრესატებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით.

პარლამენტში ინტერესები გამუდმებით იცვლება, საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს, პრეზიდენტის გავლენა ძველებურად ძლიერი ვერ არის, ამიტომაც დეპუტატთა უმეტესობის კონსოლიდაცია იმავე შევარდნაძისათვის არასასურველი რომელიმე თავმჯდომარის გადასაყენებლად გაძნელებულია. საკანონმდებლო ორგანოში აშკარად პროპრეზიდენტული ძალები ამინდს ვერ ქმნიან ისევე, როგორც ვერც ერთი ცალკე აღებული ძალა თუ ფრაქცია ვერ ქმნის ამინდს. შევარდნაძემ დღეს არც ის იცის, ვინ იქნება საპრეზიდენტო ხელისუფლების დასაყრდენი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და არც ის, კიდევ ვინ გამოცხადებს თავს შეურიგებელ ოპოზიციად; ამდენად, პარლამენტში კონკრეტული პოლიტიკური ფიგურისა თუ ძალის გასანეიტრალებლად მოკავშირეების შემოკრება გაუჭირდება. თავად პარლამენტშიც დეპუტატთა ნორმალური პირადი ურთიერთობები დიდწილად ეფუძნება მათივე ინტერესების დამთხვევასა თუ ურთიერთშეღწევას. მაგალითად, შეიძლება წარმოვიდგინოთ პარლამენტართა უმეტესობის ერთსულოვნება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გია ბარამიძის მოხსნის სასარგებლოდ, მაგრამ იგივე შემადგენლობა ერთსულოვანი ვერ იქნება ბარამიძის “პარტაიგენოსეების” – ზურაბ ცქიტიშვილისა თუ ვიტალი ხაზარაძის საკითხის წამოჭრისას.

“მოქალაქეთა კავშირი”, მართალია, დაიშალა და დასუსტდა, მაგრამ ჯერ კიდევ გვარიანად ჭრელია საიმისოდ, რომ პარლამენტში ყველა დანარჩენის სამიზნე ვერ გახდეს.

ესეც არ იყოს, პოსტების დატოვებას მათი დაკავება მოსდევს. აქ კი შეთანხმება დეპუტატებს შორის უფრო ძნელი მისაღწევი იქნება, ვიდრე ვისმე გადაყენების დროს. პარლამენტარებს ახალი ვაჭრობისა და საქმის გარჩევისათვის დრო არ ეყოფათ და ამას უთუოდ ხვდებიან. და კიდევ ერთი: ძალიან საეჭვოა, რომ კომიტეტების სათავეში ახალი ხელმძღვანელების მოსვლამ, არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე, მკვეთრად გააუმჯობესოს პარლამენტის მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ახალ თავმჯდომარეებსა და მათ თანამგრძნობ ძალებს დამატებითი საფუძველი გაუჩნდებათ ავტორიტეტის შესამცირებლად.

დავით პაიჭაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

იქცევა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად?

მარიამ ჭიაურელი:
საპარლამენტო არჩევნების თემა, რომელსაც დავით პაიჭაძე შეეხო, შემდეგ სიუჟეტშიც გაიჟღერებს. ჩვეულებრივ, არჩევნები ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ამომრჩეველთა შორის პარტიების პოპულარობის დასადგენად. მართალია, სოციოლოგიურ გამოკითხვებთან შედარებით, პარტიას არჩევნები არა მხოლოდ გაცილებით უფოლ ძვირი უჯდება (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), არამედ, წაგების შემთხვევაში, ის კარგავს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილოების საშუალებას, მაგრამ, რეალურად, ქვეყანაში მომხრეთა გამოვლენის ყველაზე ეფექტური გზა პარტიისათვის მაინც არჩევნებია. მით უფრო უცნაურია, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ არაერთი განცხადება გაკეთდა პარტიების მიერ ამ არჩევნების საწინააღმდეგოდ. ვის რატომ უნდა ან არ უნდა ადგილობრივი ორგანოების არჩევნების გამართვა? ამ შეკითხვას თამარ ჩიქოვანი ჩაეძიება.

თამარ ჩიქოვანი:
როგორც წესი, ადგილობრივ დონეზე არჩევნებს პარტიები საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევენ. ოღონდ - არა საქართველოში. როგორც გახსოვთ, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგს დღემდე ევროსასამართლოში ასაჩივრებს – ლეიბორისტებმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. თუმცა 2002 წლის 3 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მაინც უაღრესად საინტერესო ვითარებაში იმართება: ჯერ ერთი, არჩევნების მიმდინარეობაში აქტიურად აღარ ჩაერევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური “სუბიექტი” გახლდათ; მეორე – მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ მოუგვარებელი შიდა პრობლემები, უდავოდ, იმოქმედებს არჩევნების მიმდინარეობაზე; და მესამე – თავად პარტიები მაინცდამაინც აღფრთოვანებულნი არ ჩანან არჩევნების გამართვის პერსპექტივით.

ამის თაობაზე საჯაროდ არაერთი განცხადება გაკეთდა. მაგალითად, მრეწველთა ფრაქციის წევრი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე დაუფარავად აცხადებს: [ვახტანგ ხმალაძის ხმა] “ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ნაწილს უნდა, არჩევნები გაიმართოს დროულად, ნაწილს ეს არ უნდა.”

ვის არ უნდა არჩევნების ჩატარება? ამ კითხვაზე პასუხი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ [დავით გამყრელიძის ხმა] “დღეს ბევრი პარტიისგან გაიგონებთ, რომ ვიღაცას უნდა არჩევნების გადადება და დღეს ქალბატონმა თავმჯდომარემაც გააკეთა რეპლიკა, რომ ვიღაცა ცდილობს არჩევნების გადადებას. მე კარგად ვიცი, ვინც ცდილობს. ალბათ, ცდილობს ის ძალა, ვისაც პარტიაში პრობლემები აქვს, ვინც დღეს მზად არ არის არჩევნებისთვის და უნდა, ეს გადადება სხვას გადააბრალოს.” (სტილი დაცულია).

სხვა მინიშნებას აკეთებს ფრაქციის “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი გოგავა – შეგახსენებთ, ეს ფრაქცია რეალურად ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის წევრებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას ირაკლი გოგავამ განაცხადა:
[ირაკლი გოგავას ხმა] “ აბსოლუტური უმრავლესობა პარტიებისა დღეს მზად არ არის არჩევნებისთვის. ყველას სურს, გადადოს ეს არჩევნები. მითუმეტეს, მაჟორიტარული მოდელი. პარტიებს არ ჰყავთ სრულფასოვანი კანდიდატები იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის სერიოზული საკადრო რესურსის პრობლემა პარტიის შიგნით. ამიტომ მაჟორიტარულ არჩევნებს ყველა თავს არიდებს. დღეს გამოჩნდა, პროპორციულ მოდელს როგორ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი.”

არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ადანაშაულებს. რეგიონებში გამსვლელი ვოიაჟებიდან დაბრუნებული ნაციონალისტები, ერთი მხრივ, ხელისუფლების დაბალ რეიტინგზე საუბრობენ, მეორე მხრივ – თავიანთი მხარდამჭერების სიმრავლეზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე პოპულარული სამეგრელოში ისევე, როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში.”

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების სასარგებლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ახალი მემარჯვენეების განსხვავებულ მოტივაციაზე აკეთებს განცხადებას ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი მაია ნადირაძე, რომლის აზრითაც: [მაია ნადირაძის ხმა] “ახლა ეს ფრაქციები, ახლად ჩამოყალიბებული პარტიები მონდომებულნი არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ რომ მერე ჰყავდეთ წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველამ ვიცით, რა მოტივაცია და მიმდინარეობაა.”

მოკლედ, ასეა თუ ისე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია თუ არა, უვერტიურა ნამდვილად არის.

თამარ ჩიქოვანი რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

მოსაზრებები რელიგიურ უმცირესობათა დევნასა და შევიწროებასთან დაკავშირებით

მარიამ ჭიაურელი:
როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. სხვადასხვა საკითხთან ერთად, ამ დოკუმენტში ლაპარაკია რელიგიურ უმცირესობათა დევნასა და შევიწროებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სათანადო რეაგირება მოახდინა ამ პრობლემაზე, რაც მის განსაკუთრებულ სიმწვავეზე მიუთითებს.

რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შევიწროების თემაზე ვესაუბრეთ სახელმძღვანელო “რელიგიის კარიბჭის” ავტორს ნუგზარ პაპუაშვილს.

გიორგი კაკაბაძე:
ნუგზარ პაპუაშვილის აზრით, რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შევიწროების პრობლემას განაპირობებს არა საქართველოს კანონმდებლობა ან ეკლესია, საეკლესიო იერარქია და მისი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, არამედ საზოგადოების მენტალიტეტი, [ნუგზარ პაპუაშვილის ხმა] “ანუ საზოგადოების თვალსაზრისი და საზოგადოებაში გამჯდარი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო იდენტიფიცირებულია ერთ რომელიმე კონფესიასთან – მართლმადიდებლობასთან და, აქედან გამომდინარე, სხვა მადიდებლობა, ანუ სხვა კონფესიები, სხვა დენომინაციები, რომლებიც საქართველოში არსებობენ ან შემოღწევას აპირებენ, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას.”

ჩემი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ ამგვარი თვალსაზრისი და შეშფოთება საზოგადოებაში დამკვიდრდა ცრუ ინტელიგენციის მიერ ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ეროვნული მოძრაობა იკრებდა ძალას. მისი თქმით, “დღეისათვის შექმნილი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ: თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაფუძნებული იქნება მართლმადიდებლობაზე, მაშინ არსებული შეშფოთება საფუძვლიანია, მაგრამ თუ დემოკრატიული განვითარების გზით მივდივართ, მაშინ ამოსავალი უნდა იყოს ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია, რომელიც მოქალაქეებს არ ახარისხებს რელიგიის ან რწმენის მიხედვით” [ნუგზარ პაპუაშვილის ხმა] “და რომელიც ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას იწამოს, რაც მის სულსა და გულს სწადია და გაავრცელოს ის, რაც მან იწამა. აქედან გამომდინარე, კონსტიტუცია თითოეულ ადამიანს აძლევს როგორც რწმენის, ისე ქადაგების ანუ რწმენის გავრცელების უფლებას, თუკი, რასაკვირველია, ეს რწმენა არ არის დანაშაულებრივი რწმენა, თუკი მას არ მოაქვს ზიანი როგორც სახელმწიფოსათვის, ისე ქვეყნის მოქალაქეებისათვის; თუკი მოაქვს ზიანი, მაშინ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა უნდა ჩაერიოს”.

ნუგზარ პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლობისა და ქართველი ერის გაიგივების შესახებ თვალსაზრისი გამჯდარია არა იმდენად ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებლებში, რამდენადაც საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ეროვნული ფასეულობების დაცვასა და ეროვნული პრობლემების გადაწყვეტაზე აცხადებს პრეტენზიას. “საზოგადოების ეს ნაწილი კი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რაც, განსაკუთრებით ამძაფრებს რელიგიურ უმცირესობათა დევნისა და შევიწროების პრობლემას” – ამბობს რესპონდენტი.

[ნუგზარ პაპუაშვილის ხმა] “მე ვგულისხმობ პარლამენტარებსაც კი, იმ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით პრესაში, სატელევიზიო გადაცემებში. ზოგჯერ აშკარად ჩანს, რომ მათ სახარებაც არა აქვთ წაკითხული, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, იცნობენ თუ არა მამათა მემკვიდრეობას, იცნობენ თუ არა საეკლესიო კრებებს, საეკლესიო კრებების განჩინებას: რასაკვირველია, ჩანს, რომ არ იცნობენ, მაგრამ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ის, რომ მათი წინაპრები იყვნენ მართლმადიდებლები და, აქედან გამომდინარე, თვითონაც უნდა იყვნენ მართლმადიდებლები.”

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, “ამგვარ ვითარებაში მარტივი გონების ადამიანებს გამოაქვთ დასკვნა, რომ, თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ზომების მიღებას ქვეყნისათვის “საშიში” სარწმუნოების აღსაკვეთად, მაშინ ეს ფუნქცია საზოგადოებამ უნდა იტვირთოს. მაგრამ სწორედ რელიგიურ უმცირესობათა დევნა და შევიწროება უქმნის საფრთხეს ქვეყნის მთლიანობასა და ერთიანობას, ვინაიდან ამ უმცირესობათა წარმომადგენლები ბევრის მიერ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქმება.”

ნუგზარ პაპუაშვილი ამბობს, რომ, “ისტორიულ-კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მართლმადიდებელ ეკლესიას მუდამ გამორჩეული ადგილი ექნება საქართველოში, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული, მაგრამ ეს ასპექტი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოქალაქეებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებას”.

გიორგი კაკაბაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

კონსტანტინე ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია პრაღის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

მარიამ ჭიაურელი:
9 აპრილს პრაღის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში მოეწყო წარმოშობით ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია. კონსტანტინე ჩხეიძე ჩეხოსლოვაკიაში რუსული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ქართული, მართალია, არ იცოდა, მაგრამ თავი ქართველად, კავკასიელად მიაჩნდა. მით უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის კონსტანტინე ჩხეიძის სახელი თითქმის უცნობია და პრაღაში მოღვაწე ფილოლოგის ზურაბ ბოცვაძის რამდენიმე საგაზეთო პუბლიკაცია რომ არა, მის შესახებ ალბათ არც ქართველ მწერალთა თუ მეცნიერთა ვიწრო წრეში ეცოდინებოდათ რამე. პროფესორი ზურაბ ბოცვაძე კარგად იცნობს კონსტანტინე ჩხეიძის პირად არქივს, რომელშიც, მხატვრულ მემკვიდრეობასთან ერთად, დაცულია მწერლის მემუარული ლიტერატურა, პუბლიცისტური და პირადი წერილები, დღიურები, სხვადასხვა სახის ჩანაწერები. კონსტანტინე ჩხეიძეზე სასაუბროდ ზურაბ ბოცვაძე “მეათე სტუდიაში” მოვიწვიეთ. მას დავით კაკაბაძე მასპინძლობს.

[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “კონსტანტინე ჩხეიძე დაბადებული იყო მოზდოკის მიდამოებში და მისი წინაპრები ვახტანგ მეექვსეს გაჰყვნენ მე-18 საუკუნის 20-იან წლებში, პოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთში. ეკატერინე პირველმა სწორედ მათ წინაპრებს აჩუქა მოზდოკთან ადგილები, სადაც დაიბადა კონსტანტინე ჩხეიძე. კონსტანტინე ჩხეიძე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში საკმაოდ პატივცემული, საკმაოდ ცნობილია, როგორც ჩეხი მწერალი. მე ხაზს ვუსვამ: ჩეხი მწერალი, ვინაიდან, როდესაც ის ემიგრაციაში ჩეხოსლოვაკიაში მოხვდა, მან მაშინ დაიწყო თავისი ლიტერატურული შემოქმედება. ის წერდა რუსულად, მაგრამ მაშინვე ითარგმნებოდა მისი ნაწარმოებები ჩეხურ ენაზე. ის წერდა არა მარტო რომანებს; საინტერესოა მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, მისი მიმოწერა ჩეხ საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან.”

თუმცა, არა მარტო ჩეხებთან. კონსტანტინე ჩხეიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა სამშობლოდან გადახვეწილ თანამემამულესთან: გრიგოლ რობაქიძესთან. როგორ გაიცნეს ერთმანეთი ჩხეიძემ და რობაძიძემ?

[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “ჩეხოსლოვაკიაში იმ პერიოდში ითარგმნა გრიგოლ რობაქიძის ერთ-ერთი რომანი, რისთვისაც მას სთხოვეს, დაეწერა წინასიტყვაობა. კონსტანტინე ჩხეიძემ ეს წინასიტყვაობა დაწერა და როდესაც გრიგოლ რობაქიძემ წაიკითხა, ის ორჯერ იყო ამის შემდეგ უკვე ჩეხოსლოვაკიაში, დაინტერესდა კონსტანტინე ჩხეიძის პიროვნებით, შეხვდა მას და დამეგობრდნენ კიდეც. და ისინი ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს. მიმოწერაც არსებობს. ერთ-ერთი წერილი ჩვენ ადრე გამოვაქვეყნეთ “სამშობლო-ფორტეში”. ძალიან აფასებდა გრიგოლ რობაქიძე კონსტანტინე ჩხეიძეს, რაც წერილის მანერაში, სტილში, ტონში ჩანს.”

ვიდრე ჩეხოსლოვაკიაში ჩავიდოდა, კონსტანტინე ჩხეიძემ მრავალი ქვეყანა მოიარა. ტვერის საკავალერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა, ვრანგელის არმიის ნაწილებთან ერთად, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა თურქეთში, შემდეგ საბერძნეთში, ბულგარეთში, იქიდან კი – ჩეხოსლოვაკიაში.


[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “1932 წელს ჩეხოსლოვაკიაში ის მოვიდა, როგორც ემიგრანტი. მანამდე ის იყო თურქეთში, საბერძნეთში, შემდეგ მუშაობდა ბულგარეთში დაქირავებულ მუშად, შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა. აქ მან ჩამოაყალიბა დიდი მოძრაობა, “ევრაზიელის” მოძრაობა, რედაქტორობდა ჟურნალ “ევრაზიელს”, მას ჰქონდა, ასევე, წარსული თეთრგვარდიელების პოლკში მუშაობის, და სხვა და სხვა, და როდესაც საბჭოთა ჯარები შევიდნენ ჩეხოსლოვაკიაში, დააპატიმრეს კონსტანტინე ჩხეიძე. და ჯერ გადაიყვანეს მოსკოვში, ლუბიანკაში ჰყავდათ, გაასამართლეს და ათი წლით გადაასახლეს ციმბირში. გულაგში იმყოფებოდა ის ათი წელი. ათი წლის შემდეგ ის კვლავ ბრუნდება ჩეხოსლოვაკიაში.”

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კონსტანტინე ჩხეიძეს, როგორც ყოფილ პოლიტპატიმარს ძალიან უჭირდა ლიტერატურული მოღვაწეობის გაგრძელება. მაგრამ მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, 1967 წელს მაინც მიიღო ჩეხოსლოვაკიის ლიტერატურის ფონდის სტიპენდია, რათა საშუალება მისცემოდა, დაემთავრებინა მოგონებათა წიგნი “მოვლენები, შეხვედრები, ფიქრები.” ეს წიგნი კონსტანტინე ჩხეიძემ მართლაც დაამთავრა, მაგრამ, არაერთი ავტორიტეტიანი ჩეხი ლიტერატორისა თუ ისტორიკოსის უაღრესად დადებითი შეფასებების მიუხედავად, მემუარების გამოცემა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაცია პრაღაში 9 აპრილს მოეწყო, ამ მემუარებიდან მხოლოდ მცირე ნაწყვეტებს შეიცავს.

[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “წიგნს ეწოდება “მზის მაცქერალნი”, მისი ერთ-ერთი რომანის სათაური გახლავთ. წიგნში შესული არის კონსტანტინე ჩხეიძის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები. მოცემული არის მდიდარი ბიბლიოგრაფია მისი ნაშრომების, ასევე... როგორც ლიტერატურული, ისე წერილების, მისი რადიოგადაცემების, და თითქმის მთლიანად არის მოცული მისი შემოქმედება, ასე ვთქვათ, აი, ამ წიგნში.”


კონსტანტინე ჩხეიძის კალამს არაერთი მხატვრული ნაწარმოები ეკუთვნის. მათ შორის აღსანიშნავია რომანები და მოთხრობები “პრომეთეს ქვეყანა”, “მზის მაცქერალნი”, “ქარიშხლის შესახვედრად”, “აღმოსავლელი მგზავრი”, “მთის დედოფალი”, “უბედოდ დარჩენილი” და სხვა. რომანი პრომეთეს ქვეყანა 1932 წელს პრაღაში ჩეხურ ენაზე გამოიცა, ხოლო შანჰაიში – რუსულ ენაზე. ჩეხურის გარდა, ჩხეიძის რამდენიმე ნაწარმოები გერმანულადაც თარგმნილია. ვინ გამოსცა კონსტანტინე ჩხეიძის შემოქმედების ამსახველი ახალი წიგნი? ამ შეკითხვაზე ისევ ზურაბ ბოცვაძე გვიპასუხებს.

[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “გამოსცა გამომცემლობამ “ბისტროვი და შვილები”. ეს ბისტროვი გახლავთ კონსტანტინე ჩხეიძის მეგობრის შვილი, რომელიც პრაღაში დაიბადა და მის მეგობართან ერთად ის – ბატონი კონსტანტინე – ბრძანდებოდა გულაგში. ვლადიმირ ბისტროვი თავისი ბავშვობიდან იცნობდა კონსტანტინე ჩხეიძეს, თითქმის მათ ოჯახში გაიზარდა ბისტროვი და ის ვალდებულადაც თვლის თავს, რომ აი, ეს დიდი საქმე, რომელიც დიდი ხანია, მან დაიწყო, ბოლომდე მიეყვანა: თავის გამომცემლობაში გამოსცა ეს წიგნი. არ შემიძლია, აგრეთვე, არ მოვიხსენიო მეორე პიროვნება, ვინც ამ წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა. ეს არის ბატონი ვაცეკი, სახალხო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი, რომელიც თავის დროზე თარგმნიდა, ასევე, კონსტანტინე ჩხეიძის ნაწარმოებებს და კარგად იცნობდა მას.”

აი, როგორ იხსენებს ჩეხი გამომცემელი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი ვლადიმირ ბისტროვი კონსტანტინე ჩხეიძეს:
“მაღალი, იმ კეთილშობილური აგებულებისა, რაც დამახასიათებელია ინგლისელი მეფეებისთვის, რომლებსაც კინოქრონიკიდან ვიცნობდით. ეჭვს არ იწვევდა, რომ იგი კავკასიელ თავადთა შთამომავალი იყო. პრაღაში დანარჩენი ემიგრანტებისგან კონსტანტინე ჩხეიძე ევროპული სულისკვეთებით და აზროვნებით გამოირჩეოდა. თავადი ჩხეიძე იმითაც გამოირჩეოდა, რომ თავისი ადგილი მონახა ახალ სამშობლოში, როგორც კავკასიელ ხალხთა მწერალმა. ლიტერატურულ მოღვაწეებს, ჩვეულებრივ, ძნელად ჰგუობს უცხოური კულტურული გარემო, მაგრამ ჩხეიძემ ამას მიაღწია: მისი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც სტრუქტურულად ფრიად რთული იყო, მაშინვე პოულობდნენ ჩეხ მთარგმნელებს, ჩეხ გამომცემლებს, ჩეხ კრიტიკოსებს და, უწინარეს ყოვლისა, ჩეხ მკითხველებს. კავკასიელი მწერალი, რომელიც რუსულად წერდა, ჩეხური ლიტერატურის შემადგენელი ნაწილი გახდა. მახსოვს, ძალზე თავაზიანი მოუბარი იყო, თავისუფლად გადადიოდა რუსულიდან უზადო ჩეხურზე, ყოველთვის თავაზიან ყურადღებას უთმობდა დამსწრე ქალებს, რომლებსაც არ აინტერესებდათ თავიანთი ქმრების პოლიტიკური მსჯელობა. იგი ზედმიწევნით უპატიოსნეს კაცად რჩებოდა, როცა დიდად განათლებული გერმანისტი შეირთო და მისი მოხუცი დედა შეიკედლა; ზედმიწევნით უპატიოსნეს კაცად რჩებოდა, როცა გულაგიდან დაბრუნებულმა იშვილა გოგონა, რომელიც მისმა ცოლმა შობა, როცა იგი გულაგში იყო გადაკარგული; ზედმიწევნით უპატიოსნეს კაცად რჩებოდა, როცა შეიტყო, რა საფრთხეს შეიცავდა მისი ფსიქიკური დაავადება და სავსებით შეგნებულად მოიკლა თავი... დიდი კაცი იყო ეს ქართველი თავადი და ჩეხი მწერალი, კონსტანტინე ჩხეიძე.”

ასეთი დახასიათების წიკითხვის შემდეგ, ბუნებრივია, დავინტერესდი, რა მონაწილეობა მიიღო საქართველომ კონსტანტინე ჩხეიძის წიგნის გამოცემაში. ზურაბ ბოცვაძის პასუხი ასეთი იყო:

[ზურაბ ბოცვაძის ხმა] “საქართველოს მხარე, საუბედუროდ, სამწუხაროდ, არ მონაწილეობდა. საქართველოში მე რამდენჯერმე გამოვაქვეყნე მის შესახებ წერილი, გამოვაქვეყნე მოთხოვნაც ჩეხეთის მწერალთა კავშირისა, რომ მხარში ამოსდგომოდნენ ქართველი კოლეგები, მაგრამ დუმილი იყო მხოლოდ პასუხი.”

ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოშიც გამოჩნდება ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეს ითავებს და კონსტანტინე ჩხეიძის შემოქმედებას ქართველ მკითხველსაც გააცნობს.

[მუსიკა]

ომარ შარიფი – 70

მარიამ ჭიაურელი:
”ეგზოტიკური დენდი”, ”მაცდური კაზანოვა”, ”ელვარე გამოხედვის მქონე სისხლსავსე მსახიობი” – ომარ შარიფს ყველა ეპითეტი უხდებოდა, რაც კი ვნებასთან, ეროტიკასთან და სამსახიობო მომხიბვლელობასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ერთ დროს კინოხელოვნების ოლიმპოზე ასული შარიფის დაღმასვლა საკმაოდ ადრე, უკვე 70-იან წლებში დაიწყო. ამ გამოჩენილი მსახიობის შესახებ, რომელსაც ამ დღეებში 70 წელი შეუსრულდა, ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
მეხელ ხალოუბი – ასეთია მისი ნამდვილი სახელი და გვარი – მდიდარი კათოლიკე ლიბანელის ოჯახში დაიბადა. ოთხი წლისა იყო, როცა ოჯახი გადავიდა ქაიროში, სადაც გიმნაზია და ”ბრიტიშ ვიქტორია” კოლეჯი დაამთავრა. ის იყო, სწავლის გაგრძელება ლონდონის დრამატული ხელოვნების აკადემიაში დააპირა, რომ შეხვდა ეგვიპტელ კინორეჟისორს, იუსეფ შაჰინეს, რომელმაც პირველი როლი შესთავაზა. ეს იყო 1953 წელს, ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა შარიფის პირველი ფილმი ”მოკაშკაშე მზე”.

1955 წელს იგი დაქორწინდა ეგვიპტელ კინოვარსკვლავ ფატენ ჰამამაზე. თავისი ცოლის ხათრით ის კათოლიკობიდან მაჰმადიანობაზე გადავიდა და მიიღო სახელი ომარ ელ-შარიფი. ეგვიპტეში მან 18 ფილმში ითამაშა. 1958 წელს კი პირველად გადაიღეს დასავლურ ფილმში ”გოჰაში”, რომლის პროდიუსერმა სემ სპიგელმა მოგვიანებით შეიხი ალის როლი შესთავაზა გახმაურებულ ფილმში ”ლორენს არაბი”, რომელშიც მას პიტერ ო’ტული უმშვენებდა გვერდს. ამ ფილმით მან საერთაშორისო სახელი მოიხვეჭა და ოსკარი მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლის საუკუთესო შემსრულებლისთვის.

შარიფს ჰოლივუდი იზიდავდა, მაგრამ ამერიკა მისთვის ოქროს გალიადაც იქცა. ”კოლამბიასთან” დადებული კონტრაქტი მას სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას უკრძალავდა.

ამერიკაში მალე აისრულა ახალგაზრდობის ოცნება – მთელი მსოფლიო მის შესახებ ალაპარაკდა. სამაგიეროდ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. დიდი ხნით ამერიკაში ცხოვრებამ მეუღლესთან გაუცხოება გამოიწვია და საბოლოოდ იგი გაშორდა ფატენ ჰამამას.

მართალია, ჟურნალ ”ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, ფატენის გარდა არავინ მყვარებიაო, მაგრამ ცნობილია მისი მრავალრიცხოვანი სატრფიალო თავგადასავლები. ბარბრა სტრაიზანდი, სოფია ლორენი, ინგრიდ ბერგმანი, ანუკ ემე... ქალების სია ძალზე გრძელია.

ომარ შარიფის კიდევ ერთი ძლიერი გატაცებაც უნდა ვახსენოთ. იგი ბანქოს ტყვეობაში იყო ლამის ბავშვობიდან. 1973 წელს ბრიჯში მსოფლიო ჩემპიონობაც კი მოიპოვა. მაგრამ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ბანქოში წააგო. საერთო ჯამში – 12 მილიონი დოლარი.

ეს ეგზოტიკური, რომანტიკული გარეგნობის გმირი ყველგან უცხო იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელებმა ის რუსის როლში ათამაშეს (დაუვიწყარია მისი დოქტორი ჟივაგო), იაპონელებმა – ჩინელის, ინგლისელებმა – ფრანგის. მას ჩინგის ხანისა და ჩე გევარას როლებიც აქვს ნათამაშევი.
მაგრამ მას მერე, რაც ბედმა უმტყუნა, 1995 წელს იგი მაინც თავის სამშობლოში, ეგვიპტეში დაბრუნდა.”მხოლოდ აქ მყავს ნამდვილი მეგობრებიო”, ხშირად ამბობს იგი.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
”მეათე სტუდია”და მასთან ერთად რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის დღევანდელი პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით მორის ჟარის მუსიკით კინოფილმიდან ”დოქტორი ჟივაგო”, რომელშიც მთავარ როლს ომარ შარიფი ასრულებს. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.
XS
SM
MD
LG