Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობასთან რუსეთის სამხედრო დესანტის კოდორის ხეობიდან გაყვანა შეათანხმა


რუსეთის 100 კაციანმა სამხედრო დესანტმა კოდორის ხეობა 13 აპრილის დილამდე უნდა დატოვოს. ასეთი შეთანხმება შედგა ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობას შორის კოდორის ხეობაში.

შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანის თობაზე.

თავდაცვის მინისტრმა რუსეთის სამხედროებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა.

12 აპრილის მოვლენებმა ცივი წყალი გადაასხა ედუარდ შევარდანძის ოპტიმიზმს, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის კოდორის ხეობიდან გამოყვანას ხეობაში ვითარების დაძაბვა არ უნდა მოჰყოლოდა. პარასკევს, კოდორის ხეობაში გამგზავრების წინ (შეგახსენებთ, 12 აპრილს იქ გადასროლილ იქნა რუსეთის სამხედრო დესანტი, რის გამოც, ფაქტობრივად, საომარი სიტუაცია შეიქმნა), პრეზიდენტი იძულებული გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, უფრო ზუსტად, რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ელაპარაკა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მივდივარ, რომ ჩემით თვალით ვნახო. თუ დადასტურდა ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, ჩათვალეთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ოპერაცია ჩაშლილი იქნება.”

გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა. ედუარდ შევარდნაძემ კოდორის ხეობაში თავისი თვალით ნახა კბილებამდე შეიარაღებული რუსი სამხედროები, რომლებსაც ადგილობრივ მკვიდრთა სახლებიც კი დაეკავებინათ, მაგრამ აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეჩერდა. პარლამენტის ცნობილი დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობასთან მიღწეული შეთანხმება დაირღვევა. კოდორის ხეობაში შევარდნაძე სამშვიდობო ჯარების სარდალს შეხვდა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “პირდაპირ ვუთხარი: “ეს არის უკანონობა და თქვენ დილამდე უნდა დატოვოთ დაკავებული ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები შევწყვიტო სამშვიდობო ოპერაცია. შევთანხმდით, რომ გასვლის პროცესი ამაღამ დაიწყება და დილისთვის დამთავრდება; თუ არ დამთავრდება, მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ სამშვიდობო ჯარები აფხაზეთიდან გავიდნენ. “

თავის მხრივ, კოდორის ხეობაში შეჭრილი რუსი სამხედროებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა თავდაცვის მინისტრმაც. ის იმუქრებოდა, რომ თუ რუსი სამხედროები ხეობას 12 აპრილის საღამომდე არ დატოვებდნენ, ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანებას აამოქმედებდა. კოდორის ხეობაში მომხდარის გამო შეწყდა რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მესამე რაუნდი. თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ, ლტოლვილთა და სტუდენტთა საპროტესტო აქციები გაიმართა.

რუსეთის სამხედროები კოდორის ხეობაში რამდენიმე ვერტმფრენით შეიჭრნენ. როგორც გაირკვა, ეს ოპერაცია რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლის ევტეევის ბრძანებით განხორციელდა. 12 აპრილს მომხდარს რუსეთის ოფიციალური პირები თავიდან კატეგორიულად უარყოფდნენ. მოგვიანებით აღიარება შედგა. თუმცა რუსეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული თავხედური სამხედრო მანევრი კოდორის ხეობის უსაფრთხოების დაცვის მომიზეზებით ახსნა. საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვება ყოველივე ამას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საქართველოს პარლამენტმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG