Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს 11 აპრილს, ძალაში შევიდა ხელშეკრულება მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების შესახებ,

რომელიც სამხედრო დამნაშავეებს გაასამართლებს. შეთანხმება ამგვარი ტრიბუნალის დაარსების თაობაზე 1998 წელს დაიდო რომში. მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი მომავალი წლის 1 ივლისს შეუდგება საქმიანობას ჰააგაში. აი როგორ გამოეხმაურა ამ ცნობას გაზეთი ”ტაიმსი”:

”რომში დადებული შეთანხმება 66 ქვეყნის პარლამენტებმა დაამტკიცეს, მაგრამ ამგვარი ტრიბუნალის დაარსებამ შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს შეერთებულ შტატებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია, თავისი ევროპელი მოკავშირეებისაგან განსხვავებით, არ ცნობს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის ლეგიტიმურობას, და რომის შეთანხმებაზე ბილ კლინტონის ხელმოწერის გაუქმება აქვს განზრახული. რესპუბლიკელ კანონმდებელთა სურვილია, რომ შეერთებულმა შტატებმა ტრიბუნალის მიერ დაპატიმრებული ნებისმიერი ამერიკელის განთავისუფლება ივალდებულოს. ვაშინგტონი შიშობს, რომ ტრიბუნალი ვერ აღკვეთს საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების, პოლიტიკური მოტივით მოსალოდნელ დევნა-შევიწროებას. იგივე ადარდებს ისრაელსაც, რომელმაც შეთანხმებას კი მოაწერა ხელი, მაგრამ დღემდე აყოვნებს მის რატიფიკაციას.”

”უკანონობის დასასრული”-ასე მოიხსენიებს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებას გაზეთი ”ფრანკფურტერ რუნდშაუ”. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”მას შემდეგ, რაც რომის შეთანხმება მსოფლიოს 66 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული, მუდმივმოქმედ ტრიბუნალს შეუძლია უკვე შეუდგეს საქმიანობას. მომავალში, არცერთი სამხედრო დანაშაული, კაცობიობის წინაშე ჩადენილი არცერთი დანაშაული და არცერთი გენოციდი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რამდენად ეფექტიანი იქნება საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობა შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე. პრეზიდენტმა ბუშმა მიანიშნა, რომ რომის შეთანხმებას, კონგრესს არ გაუგზავნის სარატიფიკაციოდ. ვაშინგტონის ულტრაკონსერვატიული წრეებისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ახალმა ტრიბუნალმა შესაძლოა ბრალდება წაუყენოს ოდესმე ამერიკელ სამხედროებს, ანდა პოლიტიკოსებს, და ეს ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რაოდენ წინააღმდეგობრივია მათი პოზიცია – როგორ შეიძლება მხარს უჭერდე გაეროს ტრიბუნალებს, რომლებიც იუგოსლავიასა და რუანდაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებს იძიებენ, და იმავდროულად საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენო საკუთარი ქვეყანა.”

”უსამართლო საერთაშორისო სასამართლო”-ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”. სტატიაში ვკითხულობთ:

”სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მსგავსად, მართლმსაჯულება, სხვადასხვა სახელმწიფოთა ბიუროკრატიითა და კაპრიზებით იქნება პარალიზებული. ნაკლებადაა მოსალოდნელი, გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეთანხმების გარეშე შეუდგეს მუდმივმოქმედი ტრიბუნალი დანაშაულებრივ ქმედებათა გამოძიებას. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები ხომ საბჭოს მუდმივ წევრ-ქვეყნებში: რუსეთსა და ჩინეთში ხდება. ასე რომ, ტრიბუნალი ალბად უძლური იქნება ამ ორი ქვეყნის მიმართ.”

გაზეთი ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსება არ აწყობს დიდ სახელმწიფოებს – რომის შეთანხმება არ ყოფილა რატიფიცირებული რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების, აგრეთვე ინდოეთისა და თითქმის ყველა მუსულმანური ქვეყნის მიერ. საერთაშორისო ტრიბუნალი ერთი ხელის მოსმით ვერ შეზღუდავს ძლიერის უფლებას. თუმცა პირველი ნაბიჯი – გადადგმულია. ტრიბუნალი არსებობს და განაჩენებსაც გამოიტანს, როცა კი ეს, იურიდიულად აუცილებელი, და პოლიტიკურად შესაძლებელი გახდება”.

როგორც გაზეთ ”ზიუდოჩე ცაიტუნგის” მიმომხილველი სტეფან ულრიხი მიიჩნევს, ხუთშაბათს, როცა ძალაში შევიდა შეთანხმება მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების შესახებ, მწარე დარტყმა იგემა შეერთებულმა შტატებმა, რომლის მტკიცებით ამგვარი ტრიბუნალი ეროვნული სუვერენიტეტს შეზღუდავს. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

”რომის შეთანხმების რატიფიკაცია მსოფლიოს 66 ქვეყნის მიერ იმითაა უწინარესად განპირობებული, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გაიცნობიერა ბოლოს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების აუცილებლობა, რაც საერთაშორისო სამართლის ინტერესებს მოემსახურება. ახალი ტრიბუნალი ვერ გახდება, რაღა თქმა უნდა, დედამიწაზე მშვიდობის გარანტი, მაგრამ სამართლის დამკვიდრებას კი უდაოდ შეუწყობს ხელს. დესპოტი პოლიტიკოსები, დანაშაული რომ მიუძღვით კაცობრიობის წინაშე, კანონგარეშედ გამოცხადდებიან, და ყველასაგან გარიყულნი, დაკარგავენ მხარდაჭერას. ტრიბუნალი აიძულებს ამასთანავე მთელ რიგ ქვეყნებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოახდინონ თავიანთი საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების რეფორმირება, ვინაიდან ტრიბუნალის იურისდიქციას მხოლოდ ის საქმეები შეიძლება დაექვემდებაროს, როცა ესა თუ ის სახელმწიფო არ მოისურვებს, ანდა უსუსრი აღმოჩნდება სამართალში მისცეს საკუთარი სამხედრო დამნაშავენი".

მეორე საკითხი, რომელიც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია ასევე მოქცეული, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს ეხება. როგორც გაზეთი ”ბოსტონ გლოუბი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მძაფრი ზეწოლა უნდა მოახდინოს როგორც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერზე, იასირ არაფატზე, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონზეც, რათა ბოლო მოეღოს სისხლისღვრას ახლო აღმოსავლეთში. გაზეთი წერს:

”რთული პრობლემის წინაშე დგას ბატონი პაუელი. თუ არაფატი ვერ აღკვეთს თვითმკვლელი ფანატიკოსების ტერორისტულ აქტებს, როგორღა უნდა მოითხოვოს კოლინ პაუელმა შარონისაგან, რომ ისრაელმა შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე სამხედრო ოპერაცია? ხოლო თუ შარონი არ შესთავაზებს პალესტინელებს სამხედრო ოკუპაციის შეწყვეტას, მაშინ როგორღა დაიყოლიებს პაუელი არაფატს, რომ პალესტინელებმა ბოლო მოუღონ ყოველგვარ ძალადობას?”

გაზეთ ”ფაინენშალ ტაიმსის” აზრით, თვითმკვლელი ფანატიკოსების მიერ მოწყობილმა უკანასკნელმა ტერორისტულმა აფეთქებებმა ჯერ ჰაიფაში, ხოლო შემდეგ იერუსალიმში კიდევ ერთხელ ცხადყო პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის მხედრიონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის უაზრობა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”და მიუხედავად მძაფრი კრიტიკისა საერთაშორისო თანმეგობრობის მხრიდან პალესტინელთა ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, არიელ შარონმა ყურად არ იყო ვაშინგტონის მოწოდება და განაგრძობს ამ ოპერაციას. თუმცა არც არაბული სამყაროს ლიდერთა მოქმედებაა გამართლებული. ისინი არ გმობენ თვითმკვლელ ფანატიკოსთა თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ისრაელში, რათა ამით არ გაანაწყენონ საკუთარი მოსახლეობა. არაბული ქვეყნების ლიდერები არ უნდა აყვნენ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს და ერთხმად უნდა დაგმონ პალესტინელთა ტერორისტული თავდასხმები. შეერთებული შტატების აქტიური ჩარევის გარეშე აზრი არ ექნება დაზავებას კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს შორის”.
XS
SM
MD
LG