Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეო კირხის იმპერიის დაცემა ევროპის მედიის ლანდშაფტის შეცვლას მოასწავებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რა აქვთ საერთო “ფორმულა 1”-ის ავტომანქანებით რბოლას, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატსა და გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერს?

ჩვენს მსმენელს, შესაძლოა, გაუჭირდეს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. აი, გერმანიაში კი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე გიპასუხებთ: ყოველ მათგანს ამა თუ იმ სახით შეეხო გერმანიის პრესის მაგნატ ლეო კირხისა და მისი იმპერიის გაკოტრება.

“კირხ-მედიას” – ამ უზარმაზარ კომპანიას – თითქმის ხუთი ათეული წლის წლის წინათ ჩაუყარა საფუძველი გერმანელმა მეწარმემ ლეო კირხმა, რომელმაც გასულ ორშაბათს მიუნხენში თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. დღეისთვის კომპანიის ვალები 5,7 მილარდ დოლარს აღწევს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ორ ათეულ წელს გერმანიაში ეკონომიკური აყვავების ხანას უწოდებენ. ლეო კირხსაც სწორედ მაშინ გაუღიმა ბედმა. 1956 წელს ღვინით მოვაჭრის ვაჟმა ბავარიაში თავისი ბიზნესი წამოიწყო. ისესხა ფული და ფედერიკო ფელინის ფილმის, “გზის”, გერმანიაში ჩვენების უფლებები შეისყიდა.

კირხის ბიზნესის ინტერესმა თანდათანობით მოიცვა კინოწარმოება და ფილმების დისტრიბუცია, პრესა, ტელევიზია და სპორტული ორგანიზაციები.

კირხი ფლობს გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის – “ბუნდესლიგის” მატჩების სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებას და იმან, რომ კლუბებს იგი ჰონორარებს ვეღარ უხდის, მომცრო გუნდები ლამის გაკოტრების პირამდე მიიყვანა. მსოფლიოს 2002 და 2006 წლების საფეხბურთო ჩემპიონატების ტელეტრანსლაციის პრობლემის მოგვარება მხოლოდ უფლებების შვეიცარიაში მოქმედი მდიდარი ფილიალისთვის, “კირხ სპორტისთვის” გადაცემით მოხერხდა.

კირხის ჯგუფი ფლობს, აგრეთვე, “ფორმულა 1”-ის ავტომანქანებით რბოლის ტრანსლაციის უფლებებს და აკონტროლებს იმ კომპანიის აქციებს, რომელიც “ფორმულა 1”-ის ავტორბოლებს აწყობს.

რაც შეეხება გერჰარდ შრიოდერს, კირხის იმპერიის კოლაფსის შედეგად დასუსტდა კანცლერის არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე, ბავარიის პრემიერი ედმუნდ შტოიბერი. ვარაუდობენ, რომ შტოიბერმა დიდი სესხი მისცა კირხს იმ ბანკის მეშვეობით, რომელიც ნაწილობრივ ბავარიას ეკუთვნის. არჩევნები სექტემბერში უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანია ახლოვდება და შრიოდერს, ცხადია, მეტოქის ნებისმიერი წაფორხილება ახარებს.

ექსპერტთა თქმით, კირხის პრობლემების მთავარი მიზეზი კომპანიის მეტისმეტად სწრაფი გაფართოება და უხეირო მენეჯმენტია. მაგალითად, “ფორმულა-1”-ის ორგანიზაცია კირხმა მხოლოდ შარშან შეიძინა, რაც მილიარდნახევარი დოლარი დაუჯდა.

ლეო კირხმა დაკარგა კონტროლი თავის ჯგუფზე და ახლა კრედიტორმა ბანკებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაყიდიან მისი იმპერიის ნარჩენებს ვალების გასასტუმრებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯერ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ კირხის ფინანსური მდგომარეობა.

კომპანიის შეძენისადმი, განსაკუთრებით სატელევიზიო სფეროში, ინტერესს გამოთქვამენ პრესის უცხოელი მაგნატები – რუპერტ მერდოკი და სილვიო ბერლუსკონი. ჰამბურგელი ანალიტიკოსი ჰარდი დრაირი აბობს, რომ გერმანიის ასპარეზზე მედიის უცხოელი ბარონების შეჭრა პრეცედენტს შექმნიდა.

კანცლერმა შრიოდერმა მიანიშნა, რომ არ მიესალმება გერმანიის მედიის ბაზარზე ბერლუსკონის გამოჩენას. კანცლერს არაფერი უთქვამს მერდოკის წინააღმდეგ, რომლის ფასიან ტელეარხ “BSkyB”-ს უკვე აქვს წილი კირხის ფასიან ტელეარხში.

დრაირი განმარტავს, რატომ არ მიესალმებიან გერმანიაში ბერლუსკონის, იტალიის პრემიერ-მინისტრსა და იტალიის მედიის მაგნატს. [ჰარდი დრაირის ხმა] “გერმანიაში ტრადიციულად ძალიან მკაფიოდაა გამიჯნული სახელმწიფოსა და პოლიტიკოსების გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც გერმანიაში პოლიტიკური პოსტი უჭირავს, არ შეიძლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც იყოს დასაქმებული. როცა ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური უეცრად გადაიქევა გერმანიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომპანიის მფლობელად, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკუსია გარიგების კანონიერების თაობაზე.”

დრაირი ვარაუდობს, რომ მერდოკს, წარმოშობით ავსტრალიელ აშშ-ის მოქალაქეს, ინტერესთა შეჯახების პრობლემები არ ექნება.

ნაწილობრივ, სწორედ უცხოური გავლენის შეჭრის შიშმა გამოიწვია დისკუსიები ე.წ. “გერმანული გადაწყვეტილების” გარშემო. ლაპარაკია იმაზე, რომ კირხის მთავარმა კრედიტორმა ბანკებმა არ უნდა დაუშვან გერმანიის მედიის ბაზრის საკონტროლო პოზიციებზე უცხოეთის კომპანიები.

ანალიტიკოსების თქმით, ეს ე.წ. “გერმანული გადაწყვეტილება” დრომოჭმული კონცეფციაა, მაგრამ კონსერვატული წრეები მას მაინც მხარს უჭერენ. ჰარდი დრაირი აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების შემდეგ მსოფლიო მედიის კონცენტრაცია შეინიშნება. მისივე თქმით, ევროპა ამას თავს ვერ დააღწევს და ამგვარ განვითარებას წინ ვერ აღუდგება. დრაირი დასძენს, რომ ჩვენს თვალწინ ევროპის მედიის ახალი ლანდშაფტის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG