Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში სრულიად განსხვავებულ თემებზე გვექნება საუბარი


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში სრულიად განსხვავებულ თემებზე გვექნება საუბარი,

თუმცა მე და ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე შევეცადეთ ორივე მათგანში სიახლის ძიებისა და გამბედაობის მოტივები წამოგვეწია წინ, რადგან, დამეთანხმებით, ის, რაც ახალგაზრდობას სხვა თაობებისგან გამოარჩევს, არის: მძაფრი შეგრძნებები, ძიების და სიმართლესთან მიახლოების სურვილი. სწორედ სიახლის და საკუთარი თავის ძიებამ მიიყვანა ლევან კოღუაშვილი კინოს სამყაროში (ის ჩვენი გადაცემის სტუმარია); სიახლის ძიებაა ისიც, რაც ჩვენი სტუდენტების ბოლოდროინდელ აქტივობას განაპირობებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე სტუდენტთა მოსაზრებების შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. მანამდე კი ახალგაზრდა კინორეჟისორ ლევან კოღუაშვილს წარმოგიდგენთ.

ლევან კოღუაშვილი ჩვენმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანია “იბერვიზიიდან” გაიცნო. ის იყო საკმაოდ წარმატებული ტელეჟურნალისტი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჟურნალისტობაზე უარი თქვა და კინორეჟისურის სწავლას შეუდგა, კინოს სამყაროში გადანაცვლება გადაწყვიტა. არადა, ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტელეჟურნალისტიკის განხრით მუშაობა გაცილებით იოლი იქნებოდა. რამდენიმე წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ლევანი მარტივად ხსნის და ამბობს, რომ მისი არჩევანი უმთავრესმა ადამიანურმა მოთხოვნილებამ განაპირობა.

[ლევან კოღუაშვილის ხმა] “ ადამიანური მოთხოვნილებაა ეძებო ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიამოვნებით გააკეთებ. რაღაც ეტაპზე ეს იყო ტელევიზია, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება იყო იქ მუშაობა. ვგულისხმობ იმ ბედნიერებას, რომელიც ადამიანს შეიძლება საკუთარმა პროფესიამ მიანიჭოს. მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა. თანაც, კინოზე ფიქრიც იყო”.

კინორეჟისორობის სურვილი ლევანს ადრიდანვე ჰქონდა. უბრალოდ, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება ვერ გაბედა და თეატრალურ ინსტიტუტში კინოეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ფიქრობს, რომ სწორედაც მოიქცა, რადგან კინორეჟისორობა ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოითხოვს - მუშაობის, საკუთარი საქმის კეთების და ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებას. ამ მხრივ, ტელევიზიაში მუშაობამ ბევრი შესძინა და, ბოლოს და ბოლოს, დადგა კიდეც დრო, როცა ძველი ოცნების განხორციელებისთვის უნდა ეზრუნა. მოსკოვში ყოფნისას მარლენ ხუციევის სახელოსნოს მიაკითხა და იქ მხოლოდ სტაჟიორობის სურვილი გამოთქვა. ასეთი დასაწყისი რუსეთის სახელმწიფო კინოხელოვნების ინსტიტუტის დამთავრებით დასრულდა. კინოში ლევან კოღუაშვილის დებიუტიც მოსკოვში, საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით, შედგა. სადიპლომო ნამუშევრის გადაღებაში მას ლევან პაატაშვილი დაეხმარა. მასთან მუშაობა კი დამწყები კინორეჟისორისთვის ნამდვილი ბედნიერება იყო.

დღეისთვის ლევან კოღუაშვილს 7 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და უკვე მერვე, ასევე მოკლემეტრაჟიან, ფილმზე მუშაობს. სცენარის ავტორი თავად არის, ფილმის გმირს კი კინორეჟისორებს შორის არჩევს, რადგან გადასაღებად ჩაფიქრებული ისტორიის მთავარი პერსონაჟი არის რეჟისორი, რომელიც კინოსტუდია “ქართულ ფილმს” ქარის ხმის ჩასაწერად მიაკითხავს.
ქარის ხმის მაძიებელი, ხმის ოპერატორის მოლოდინში, კინოსტუდიის დათვალიერებას იწყებს და, თავისდაუნებურად, ქართული კინოს დიდების პერიოდში აღმოჩნდება.

“აქ არ იქნება კრიტიკა ქართული კინოს დღევანდელი მდგომარების გამო, იქნება ტკივილი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, “- მითხრა ლევანმა. მისი მომავალი ფილმიც ამ იმედით უნდა დასრულდეს. ხმის ოპერატორი უნდა გამოჩნდეს და ამით უნდა დადასტურდეს, რომ კინოსტუდიაში სიცოცხლე არ მომკვდარა.

საქართველოში ფილმის გადაღება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ლევან კოღუაშვილი ერთი პერიოდი სარეკლამო კლიპებს იღებდა და აღებულ თანხას ფილმის გადაღებას ახმარდა. აქვე ვიტყვი, რომ ის ჩარიცხულია ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში, კინომაგისტრატურის განხრით და შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გამგზავრებას გეგმავს.

[შეკითხვა] “ჩვენს გარემოში ახალგაზრდებისთვის საკმაოდ ძნელია საკუთარი ადგილის პოვნა, საქმის კეთება, მით უფრო მაშინ, როცა ეს ყველაფერი შემოქმედებასთან არის დაკავშირებული. როგორ ფიქრობ, რაში მდგომარეობს იმ წარმატების საიდუმლო, რომელსაც შენ მიაღწიე - ხარ კინორეჟისორი და იღებ ფილმებს, რაც ნიჭიერი რეჟისორებისთვისაც კი ოცნებად რჩება?

[ლევან კოღუაშვილის ხმა] “წარმატებაზე ჩემგან საუბარი უხერხულია. ეგ არის, რომ ჯერჯერობით ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მინდა. ვგრძნობ მუდმივ დაუკმაყოფილებლობას, რადგან დრო გადის და ამ დროის მანძილზე უფრო სერიოზული რაღაცის კეთება შეიძლება. ამისთვის, თუ რაღაც სერიოზული ნაბიჯი არ გადადგი, მერე, შესაძლოა,ამის განცდა დაკარგო კიდეც. ვემზადები რაღაცისთვის და ეს მზადებაა ჩემი პატარა ფილმები. თუ იმ ნაბიჯს გადავდგამ, მერე ვიტყვი, რომ რაღაც დონეზე რაღაცა გამიკეთებია. რაც შეეხება საიდუმლოს. ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევის საიდუმლოა, ალბათ, ის, რომ არ უღალატო საკუთარ თავს და წუთიერში არ გაცვალო ის, რისთვისაც, შესაძლოა, გაჩნდი ამ ქვეყანაზე.”

ჩემმა მოსაუბრემ გამბედაობა ახსენა. ახალგაზრდულ პროგრამაში არაერთხელ გვიხსენებია ქართველი სტუდენტების სწორედ გაბედული და ჩვენი სინამდვილისთვის რამდენადმე უჩვეულო ინიციატივები. ცოტა ხნის წინათ ლამის მთელმა საზოგადოებამ შეიტყო სტუდენტების სოციოლოგიური გამოკითხვის შესახებ, რომელმაც თბილისის უნივერსიტეტის ერთ – იურიდიულ -ფაკულტეტზე ლექტორთა პროფესიონალიზმის, კორუმპირებულობისა და პატიოსნების ხარისხი უნდა დაედგინა. ამ წამოწყებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა თვით ლექტორთა მხრიდან, რამაც დაჩრდილა გამოკითხვის მთავარი მოტივი: სტუდენტები ყოველთვის არ არიან კმაყოფილნი სწავლების არც დონითა და მეთოდით, არც თავიანთი მასწავლებლების პიროვნული თუ პროფესიული ღირსებებით. სად ხედავენ იმის მიზეზებს სტუდენტები, რაც არ მოსწონთ და როგორ ესახებათ ვითარების გამოსწორება – ამ და სხვა საკითხზე ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ სტუდენტს იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტებიდან: აკაკი მინაშვილსა და ლაშა მაქაცარიას.

ჩვენ ამჯერად არ შევეხებით სტუდენტთა პოლიტიკური აქტივობის თემას. ისედაც, როცა კი სიტყვა ჩამოვარდება სტუდენტთა პრობლემებზე, მაშინვე წამოიჭრება პოლიტიკური დაკვეთისა თუ ანგაჟირებულობის საკითხი. არადა, სტუდენტების წუხილთა განხილვა უფრო მარტივ კონტექსტშიც შეიძლება. მათი საგრძნობი ნაწილის მთავარი პრობლემა მაინც სწავლაა. აკაკი მინაშვილი ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ სტუდენტი, ვინც მისაღებ გამოცდებს კორუფციული გზით ჩააბარებს [მინაშვილის ხმა]: “შემდეგ უკვე აღარ არის დაინტერესებული იმ პრობლემების გადაჭრით, რაც სწორედ სტუდენტის დასაწყებია. ადმინისტრაციაც ამის შემდეგ აღარაფერს არ ცდილობს”.

სტუდენტის მოტყუება ძნელია. ის თითქმის ყოველთვის ატყობს, როგორ ესმის საგანი მასწავლებელს და, უკვე ჩვენს სინამდვილეში, ყოველთვის ფლობს ინფორმაციას, წესიერია თუ არა ლექტორი. სტუდენტთა ნაწილი უკვე წამხდარი ცნობიერებით შემოდის უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტი ხშირად თავად არის ღია კორუფციული ურთიერთობებისათვის. და მაინც, სტუდენტებში ყოველთვის არიან ადამიანები, მნიშვნელობას რომ ანიჭებენ იმას, რასაც ასწავლიან და იმასაც, ვინც ასწავლის. თუ ასეთ სტუდენტს საჯაროდ შეაქვს ეჭვი პროფესორის პატიოსნებასა და პროფესიონალიზმში, უსამართლობა იქნება, მასში მხოლოდ პროტესტი და ნიჰილისტური პათოსი დავინახოთ, რადგან, წესისამებრ, ავსა და კარგს ერთმანეთისაგან კარგად არჩევს [ლაშა მაქაცარიას ხმა]: “დღეს უნივერსიტეტში ნამდვილად არიან პროფესიონალი ლექტორები, მაგრამ არის კატეგორია – მაგალითად, ავიღოთ საგანი “საოჯახო სამართალი” – რომელიც ისე წარმოაჩენს ცოდნას, რომ დარგში საერთოდ ჩაუხედავი სტუდენტიც კი იოლად ხვდება: ამ ლექტორმა არაფერი არ იცის – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”.

სტუდენტებისთვის ცნობილია სახელმძღვანელოთა ნაკლებობა ქართულ ენაზე, რაც ასევე მათი ლექტორების პროფესიული დონის მაჩვენებელი გახლავთ. ამავე დროს, ნაცნობია მოვლენა, როცა კონკრეტული ლექტორის გამოცემული სახელმძღვანელოს შეძენა მასთან გამოცდაზე ან ჩათვლაზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მაგრამ, როგორც ვთქვი, უნივერსიტეტში ისინი მხოლოდ სწავლას არ ეძიებენ. სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლებთან ნორმალური, თანასწორუფლებიანი პიროვნული ურთიერთობა. ჩემი მოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ აქაც, არცთუ იშვიათად, გაწბილება ელით [აკაკი მინაშვილის ხმა]: “პროფესიონალიზმის გარდა, რაგინდ უხერხულიც იყოს ჩემგან ამაზე ლაპარაკი, გარკვეული კატეგორიის ლექტორთა სტუდენტისადმი დამოკიდებულებაც არ მომწონს. ისინი სტუდენტს არ უყურებენ როგორც პიროვნებას. “გაჩუმდი ბავშვო! ხმას ნუ იღებ!” – ეს სასკოლო ტიპის ურთიერთობებია, რაც პირადად მე დამამცირებლად მიმაჩნია; გარდა იმისა, რომ მსურს ვისწავლო, მინდა ვისწავლო კოლეგიალური ურთიერთობები, ან უბრალოდ, ადამიანური; მოკლედ, რასაც გავცემ, ის მივიღო. ხომ შეიძლება ლექტორთან პირადი საუბარიც მინდოდეს. მაგრამ არიან ლექტორები, რომლებთან ლაპარაკი არ მომინდება, რადგან ან საერთოდ არ დამელაპარაკება, ან გამესაუბრება, როგორც თავის მორჩილს ან ქვემდგომს. ჩემთვის ეს დიდი პრობლემაა”.

ჩემი თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ეს არ არის მაინცდამაინც ძველი და ახალი თაობის დამოკიდებულების ან დაპირისპირების საკითხი. პროფესიონალებსა და ღირსეულ პიროვნებებს ისინი უფროსი ასაკის, ხანდაზმულ ლექტორებშიც ხედავენ და ახალგაზრდებშიც. და მაინც, ლაშა მაქაცარიას შენიშვნით, [მაქაცარიას ხმა]: “ერთი გამოსავალი უნივერსიტეტის დღევანდელი კონტინგენტის გაახალგაზრდავებაა – იმედი მაქვს, ამას არავინ მიიღებს შეურაცხყოფად. ჩემს ფაკულტეტზე ვიტყვი: თითქმის ყველა ძლიერი ლექტორი არის სადღაც 40 წლის ასაკამდე”.
XS
SM
MD
LG