Accessibility links

logo-print

“რუსეთმა საქართველოში სამხედრო ოპერაცია დაიწყო,” “რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა,”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი “რუსეთმა საქართველოში სამხედრო ოპერაცია დაიწყო,” “რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა,”

“საქართველოს ანექსია იწყება,” “ერთი ნაბიჯი ანექსიამდე” – გასული კვირის ბოლოს ასეთი სათაურები ჭარბობდა ქართული პრესის პირველ ფურცლებზე. 13 აპრილის გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით, კოდორის ხეობაში ათმა რუსულმა ვერტმფრენმა ასამდე ჯარისკაცისგან შემდგარი დესანტი გადმოსხა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე დაიკავა. გაზეთი წერს:

“დღის ბოლომდე რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ რომელიმე რუსული სამხედრო ნაწილიდან ვერტმფრენის აფრენისა და სამხედრო კონტინგენტის კოდორის ხეობაში გადასროლის ფაქტს. ოფიციალურმა მოსკოვმა მხოლოდ გვიან საღამოს დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოდორში რუსი სამხედროების გადასხმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალების სარდლობის გადაწყვეტილებით მოხდა.ვაშინგტონში კი გუშინ საგანგებო, დახურული თათბირი გაიმართა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მსჯელობენ, რა ფორმით დაეხმარონ საქართველოს რუსეთის მოსაგერიებლად.
ყოველთვის დიპლომატიური თავდაჭერილობით გამორჩეული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იძულებული გახდა, საკმაოდ მწვავე შეფასებები მიეცა მომხდარი ფაქტისათვის. საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, პროვოკაციის მიზანი კოდორის ხეობაში სიტუაციის დაძაბვა და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისათვის ხელის შეშლაა. ამასთან, მენაღარიშვილი აღიარებს, რომ რუსულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, მოჰყვება თუ არა ხელშეკრულების დარღვევას საქართველოდან დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანა. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ როგორ შეაფასებს ოფიციალური მოსკოვი გუშინდელ ფაქტს. ანუ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობა რუსი გენერალიტეტის თვითნებობით აიხსნება თუ ფედერაციის ხელისუფლების პოზიციით.

13 აპრილის გაზეთ “ახალი თაობის” აზრით, რუსებმა კოდორში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. გაზეთი წერს, რომ რუსი ცისფერჩაფხუტიანების კოდორული სიურპრიზი ზედმიწევნით წააგავს რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამშვიდობო ქვედანაყოფის საქციელს იუგოსლავიის სამშვიდობო პროცესის დროს. მაშინაც რუსი სამხედროები ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გადაადგილდნენ, ამას კი იუგოსლავიაში რუსეთის გავლენის საბოლოოდ განეიტრალება მოჰყვა. გაზეთის ვარაუდით:

“წინასწარ ძნელი სათქმელია, ანალოგიურ შედეგს მოიმკის თუ არა რუსეთი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო რუს სამხედროებს კოდორის ხეობას დაატოვებინებენ, ამით რუსეთს არათუ კოდორის ხეობაში, მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც წაართმევენ პრაქტიკული მოქმედების კარტ-ბლანშს. შესაბამისად, ძალა სავსებით გამოეცლება რუსების ყოველგვარ მცდელობას, როგორმე არაპირდაპირი მეთოდებით შეეწინააღმდეგნენ სოხუმსა და თბილისს შორის უფლემამოსილებათა გამიჯვნის გაეროსეული დოკუმენტის მიღებას, რუსი სამხედროების აფხაზეთიდან გასვლის შესაძლებლობას და საქართველოსთვის მისაღებ სხვა მსგავს პოზიტიურ პროცესებს. სხვათა შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ “კოსოვოს ვარიანტის” საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ მიუთითა და, თუ ქართული კოსოვოც იმავე სცენარით განვითარდება, როგორც ეს იუგოსლავიაში მოხდა, მაშინ რუსები თავხედური მოქმედებებისთვის, ცხადია, ზუსტად იმავე შედეგს მოიმკიან, რასაც ანალოგიური საქციელით იუგოსლავიაში “მიაღწიეს.” ალბათ, მოვლენათა სწორედ ასეთი განვითარების შესაძლებლობას გულისხმობს კიდეც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბორის პასტუხოვის მინიშნება, რომ “რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა ევტეევმა დასანანი შეცდომა დაუშვა, როცა კოდორში დესანტი საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან და გაეროსთან შეუთანხმებლად გადასხა.” პასტუხოვის ამ კომენტარის ქვეტექსტს სავსებით შეესაბამება საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების გაბედული ტონი და, განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის სერიოზული მუქარა ცეცხლის გახსნით.ასე რომ, გამორიცხული არ არის, რუსების ამგვარმა თავხედობამ აფხაზეთის კონფლიქტის საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილისამებრ მოგვარება დააჩქაროს კიდეც.”

კოდორის ხეობის მოვლენათა განსხვავებულ ხედვას სთავაზობს თავის მკითხველს 13 აპრილის გაზეთი “ალია”. ის რუსი სამხედროების ქმედებათა საფუძველს 2 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტში ხედავს, რომელიც ქართულ მხარეს კოდორიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ნაწილების გაყვანას ავალდებულებდა. გაზეთის შენიშვნით, ამ ოქმის ხელმოწერისას ოფიციალური თბილისი ირწმუნებოდა, რომ კოდორის ხეობის დაკარგვის არანაირი საშიშროება არ არსებობდა. 12 აპრილის მოვლენების შემდეგ გაზეთი “ალია” მკითხველს რამდენიმე ვერსიას სთავაზობს იმის თაობაზე, თუ ვის დასჭირდა კოდორის მოვლენები. კერძოდ:

გუშინდელი ფაქტი რამდენიმე სახის ეჭვის საფუძველს იძლევა:
პირველი ის არის, რომ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და კოდორის მოვლენები, შესაძლოა, მისი ჩაშლის საფუძველი გახდეს...
შევარდნაძის გუშინდელმა მოქმედებამ სახელმწიფო ტელევიზიას მუხროვანის აჯანყება და აფხაზეთის კონფლიქტი გაახსენა....პრეზიდენტმა ქულა ჩაიწერა...
პარლამენტში ამერიკული საბრძოლო დახმარების თაობაზე დოკუმენტის რატიფიკაციის სასწრაფო მოთხოვნამ კოდორში ამერიკული ძალების გადასროლის ეჭვიც დაბადა.
ან იქნებ ყველაფერი ერთად? შევარდნაძეს მხოლოდ ერთი მიმართულებით არასდროს უსვრია. ერთი კია, გუშინ კოდორში ომის საშიშროება მართლა არსებობდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნის პოლიტიკის ბრალია, სადაც რუსებს 9 აპრილს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ჯავახეთს, პანკისს, ლარსს, შატილს დედის რძესავით არგებენ. კოდორიც სამჯერ შეარჩინეს....

13 აპრილის “დილის გაზეთი” ტელეფონით დაუკავშირდა ვაშინგტონში მივლინებით მყოფ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან თედო ჯაფარიძეს, რომელიც კოდორის მოვლენებს ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გაუგონარ ფაქტს უწოდებს. იგი გვატყობინებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან. როგორც “დილის გაზეთს” განუცხადა თედო ჯაფარიძემ:

დილიდანვე, პრეზიდენტის დავალებით, დავუკავშირდი თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების აპარატს. კოლეგებთან ერთად განვიხილეთ კოდორის ხეობის ინციდენტის ყველა დეტალი. როგორც ვიცი, ისინი რუსეთის პოლიტიკურ წრეებს დაუკავშირდნენ და დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ამერიკა მხარს არ უჭერს ასეთ ქმედებას, რომელი ქვეყნის მიერაც არ უნდა იყოს ის ინსპირირებული. საერთოდ, ამერიკელებს ბევრი კითხვა გაუჩინა კოდორის მოვლენებმა. მათთვის გაუგებარია რუსების გადაწყვეტილების სქემა, რომელიც მე ძალიან მაგონებს კოსოვოს სცენარს. თუკი გადაწყვეტილება გენერალიტეტმა მიიღო, მაშ რას აკეთებს რუსეთის მთავრობა? თუ ბრძანება ხელისუფლებიდან მოდის, რა მიზნით?”

კოდორის მოვლენებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე სოხუმის ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს იმ ოქმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, რომლის თანახმადაც, ქართულ მხარეს 10 აპრილამდე კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ნაწილები უნდა გაეყვანა.
XS
SM
MD
LG