Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც მოსალოდნელი იყო, გასული კვირის კულტურული ცხოვრების შინაარსი 9 აპრილის


როგორც მოსალოდნელი იყო, გასული კვირის კულტურული ცხოვრების შინაარსი 9 აპრილის ხსოვნამ განაპირობა.

ხალხმა აქტიურად დაიწყო საუბარი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა მემორიალის აგების აუცილებლობაზე, სურათების ეროვნულ გალერეაში გამოიფინა 9 აპრილის მუზეუმის გადარჩენილი ექსპონატები, პანტომიმის თეატრმა კი ამ თარიღს პრემიერა დაამთხვია – ამირან შალიკაშვილის ახალი სპექტაკლი “კრიმანჭული”. ტრადიციულად, აპრილის ამ დღეებში საქართველოში აფხაზეთსაც იგონებენ ხოლმე – კერძოდ, იმ მოვლენას, რამაც 1989 წელს ქართველები რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლთან, გამოიყვანა – ამავე წლის 18 მარტს ლიხნში გამართულ მიტინგს, სადაც საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსება მოითხოვეს. “ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში მოვხვდით, – წერდა იმ დღეებში აკაკი ბაქრაძე. – უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვითარების შექმნაში, ერთის მხრივ, ბრალი მიუძღვის პოლიტიკურ მმართველობას და, მეორეს მხრივ, მეცნიერებას... ჩვენმა მოსახლეობამ – მე ვგულისხმობ მთელი საქართველოს მოსახლეობას - ძალიან მკაცრად და პრინციპულად უნდა მოსთხოვოს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობას, უსასტიკესად იქნან დასჯილნი ის პარტიული მოღვაწენი, რომელთაც დაუშვეს აი, ამგვარი სისაძაგლის ჩადენა”

მაგრამ, როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობამ, მათ შორის, ანტიკომუნისტური მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა, კრემლთან შეხმატკბილებული საქართველოს კომპარტიის ძალისხმევით, პასუხი არა იმდენად საქართველოს ხელისუფლებას, რამდენადაც მხოლოდ აფხაზებს მოსთხოვა. ლიხნში გამართული კრების შემდეგ ქართულ-აფხაზურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია.

პრეზენტაცია აკაკი ბაქრაძის წიგნისა “აფხაზეთისთვის”, რომელიც 11 აპრილს მოეწყო კლუბ “სარდაფში”, დაემთხვა იმ პერიოდს, როცა საქართველოს მოსახლეობა აფხაზეთის საკითხს მხოლოდ შიშველი ემოციებით აღარ განიხილავს. საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა შეცდომა დაუშვა იმხანად ხელისუფლებამ და, შესაძლებელია, მთელმა ქართველმა ხალხმა, რადგან ჩვენი საზოგადოების ყველაზე აგრესიულ ნაწილსაც კარგად აქვს გააზრებული უკვე, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება, სანამ კონფლიქტის როგორც ერთი, ისე მეორე მხარე თავის შეცდომებს არ აღიარებს. აკაკი ბაქრაძის კრებული “აფხაზეთისთვის”, რომელიც მისმა ვაჟმა, ლაშა ბაქრაძემ, შეადგინა, თვალნათლივ დაგვანახვებს საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს აფხაზეთთან დაკავშირებით - 70-იანი წლებიდან დაწყებული, დამთავრებული 1999 წელს დაწერილი სტატიით (ფრიად საგულისხმო სათაურით “დავაბრუნოთ აფხაზები აფხაზეთში”). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის შესახებ გამოცემული ეს კრებული პაციფისტური და, მით უფრო, პროაფხაზური ხასიათისაა. ჩვენს კითხვაზე, როგორი იქნება სეპარატისტების რეაქცია, როცა აკაკი ბაქრაძის ამ წიგნს გაეცნობიან, ლაშა ბაქრაძემ გვიპასუხა [ლაშა ბაქრაძის ხმა]: “ალბათ, ძალიან ცუდი იქნება რეაქცია, რადგანაც მამაჩემი რატომღაც ითვლება აფხაზების დიდ მტრად... აფხაზეთში, მას მერე, რაც საქართველომ დაკარგა, მუდმივად მიდის ანტიქართული პროპაგანდა, რაც კონფლიქტის გადაწყვეტას ართულებს. შეიქმნა პირსისხლიანი, პირუტყვი ქართველის ხატი აფხაზეთში და ამ ხატის გამოცვლა შეუძლებელი იქნება.”

არსებობს თუ არა “პირუტყვი აფხაზის” ხატი საქართველოში? ბოლო დროის სოციოლოგიური გამოკვლევებით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს. აკაკი ბაქრაძის წიგნს რომ დავესესხოთ – არც არასდროს არსებულა. მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნეთ, აკაკი ბაქრაძე კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ, მშვიდობიან გზას მაინც უარყოფს. ბაქრაძის დღიურებში, პრესით, რადიო-ტელევიზიით მიცემულ მის ინტერვიუებში, რომელიც ამ წიგნში შევიდა, ხაზგასმულია, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა საქართველო სახელმწიფოს დაემსგავსება და როცა ხელისუფლება არც საკუთარ თავს და არც საკუთარ ხალხს აღარ მოატყუებს. ლაშა ბაქრაძის თქმით [ლაშა ბაქრაძის ხმა]: “ამ წიგნში არ არის მშვიდობის საწინააღმდეგო, რასაკვირველია, არაფერი... იგი იყო ადამიანი, რომელიც რეალურად ხედავდა და ამბობდა, რომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთსახად, რომ არის მხოლოდ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა. ჩვენ ვნახეთ, რომ ათი წლის განმავლობაში მშვიდობიანი გადაწყვეტის გზით არაფერი გაკეთდა და, როგორც ჩანს, არაფერი მოხერხდება. ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ჯარი.”

1989 წელს აკაკი ბაქრაძე წერდა: “ახლა, როცა საბჭოთა კავშირი ინგრევა, ყველა ეძებს გადარჩენის გზასა და მომავალი ცხოვრების ფორმას, ბუნებრივია, რომ ეძებენ აფხაზებიც და ოსებიც... ისინი ადარებენ, წონიან, ირჩევენ – ვინ სჯობს, ქართველი თუ რუსი და სრულიად მკაფიო დასკვნას აკეთებენ – უკეთესია რუსთან ყოფნა. რუსეთი დიდია, ღონიერია, მას ვერავინ დაჩაგრავს, ვერ მოერევა. საქართველო პატარაა, უძლურია, კაცმა არ იცის, მოიპოვებს თუ ვერა დამოუკიდებლობას.”

ანუ ჯერ კიდევ 13 წლის წინ აკაკი ბაქრაძე აფხაზეთის პრობლემას არა იმდენად სეპარატისტებში და არც იმდენად რუსებში, რამდენადაც ქართველებში ხედავდა. საქართველო უნდა გაძლიერდეს, როგორც სახელმწიფო... ამ თვალსაზრისით, ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას, შესაძლოა, ახლებურად შეხედოს დღევანდელი აფხაზეთის მოსახლეობამ და რუსებმაც იმ შემთხვევაში, თუ ეს წიგნი რუსულად ითარგმნა. კრებულის შემდგენელი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს [ლაშა ბაქრაძის ხმა]: “საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ხალხმა შეიძლება დაინახოს აფხაზეთის მიმართ, ამიტომ კერძო ინიციატივა თუ იქნება თარგმნა, ძალიან კარგი იქნება... მაგალითად, პავლე ინგოროყვას წიგნს აფხაზეთზე აფხაზები დანაშაულად მიიჩნევენ აფხაზეთის წინააღმდეგ... თავის დროზე ასეთი წიგნების შესახებ რომ ყოფილიყო დისკუსია, მეცნიერული, და არ გამოეწვია კონფლიქტი, რომ ერთმანეთისთვის თავი გაეხეთქათ, ვფიქრობ, რომ ბევრი საკითხი უფრო გამჭვირვალე გახდებოდა დღევანდელ კონფლიქტში ჩარეული მხარეებისთვის და, შესაძლებელია, ამ კონფლიქტამდე არ მივსულიყავით.. სწორედ მიჩუმებამ ამ პრობლემებისა გამოიწვია ეს კონფლიქტი”


“სულიერი კულტურა ჩვენი ძალაა,” – წერს აკაკი ბაქრაძე. კულტურას შეიძლება ძალა გამოეცალოს, ან, როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა, ისტორია შეიძლება “მოიპაროს” კიდეც ვინმემ. მაგრამ მისი კვალი აუცილებლად დარჩება და, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად მოულოდნელი ფორმით წარმოჩნდეს. ასეთი აზრი გაუჩნდა ბევრს გუგა კოტეტიშვილის ფოტოგამოფენაზე, რომელიც ამ კვირაში დაიხურა გალერეა “ტმს”-ში. გუგა კოტეტიშვილმა, რომელსაც საზოგადოება აქამდე იცნობდა როგორც ავეჯის დიზაინერს, ამ ექსპოზიციას “ინდური მოედნები” დაარქვა და, როგორც დამთვალიერებლებს უამბო, გამოფინა ფოტოები, რომელიც მან ინდოეთში მოგზაურობის დროს გადაიღო. ინდოეთი კი ქართველისთვის ეგზოტიკაა, ამიტომ გუგა კოტეტიშვილის ფოტოგამოფენაზე ყველა რაღაც “ტურისტულს”, წარმტაცს მოელოდა – ინდოეთის პეიზაჟებსა და არქიტექტურულ ძეგლებს თუ არა, ამ ქვეყნის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ სურათებს მაინც. გუგა კოტეტიშვილმა კი გამოფინა ერთი და იმავე ინდოელი ყმაწვილის, 14-15 წლის ბიჭის, ფოტოები: ორი - დიდი ზომის, შავ-თეთრი და ფერადი ფოტო და დანარჩენი – ამავე მოდელის ნახევრადშიშველი სხეულის ფრაგმენტები. მონოქრომული სურათები ლითონის ფირფიტებზეა დამაგრებული, ანუ ისეა გაფორმებული, თითქოს ინტერიერების კედლების მოსართავად იყოს გამზადებული. ამ თვალსაზრისით, “ტმს”-ში მოწყობილი ექსპოზიცია, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიზაინერის და არა იმდენად ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენაა. და, მართალია, ფოტოგრაფიის მოყვარულებმა აქ მაპელტორპის დანაწევრებული სხეულის ფოტოსერიები გაიხსენეს, ქართული კულტურისათვის “ინდური მოედნები” ნამდვილად ახალი მოვლენაა. და არა იმიტომ, რომ ახალგაზრდა კაცის შიშველი სხეულის ფრაგმენტებად ჩვენება გენდერული როლების შერყევის პროცესს ასახავს (აქამდე ჩვენს ფოტოგრაფიაში ასე მხოლოდ ქალის შიშველ სხეულს ანაწევრებდნენ, ფოტოგრაფიისთვის მხოლოდ ქალი იყო, ასე ვთქათ, “მოხმარების ობიექტი”). ახალი აქ ის იყო, რომ ქართულ კულტურაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, მოინდომეს ჩააცქერდნენ მოვლენებს, უფრო ღრმად განჭვრიტონ ესა თუ ის სახე და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ მისი ზედაპირული აღბეჭდვით. რამდენად მნიშვნელოვანი გახდება ამ ხალხის როლი ჩვენს კულტურაში და რამდენად დაძლევენ ისინი დღევანდელი ოფიციალური ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ზედაპირულობას, ამას დრო გვიჩვენებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG