Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ინციდენტი რუსეთის მორიგი “ფანტომი”?


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი ახლა კი გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა გამოხმაურება ჰპოვა რუსეთის ინტერნეტგამოცემებში 12 აპრილის ინციდენტმა, როდესაც კოდორის ხეობის სოფელ აჟარასთან რუსეთის მედესანტეები გადმოსხდნენ.



12 აპრილის ინტერნეტგაზეთი “გრანი” წერს, რომ 2 აპრილს თბილისში ხელმოწერილი ოქმი არ ითვალისწინებს რუსეთის მშვიდობისმყოფელთა განლაგებას კოდორის ხეობის ზედა ნაწილში მუდმივ საფუძველზე. გაზეთის თქმით, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პატრულირების ჩატარებაზე კოდორის ხეობის ზედა და ქვედა ნაწილში, რაც კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს. “ამდენად, რუსეთის მშვიდობისმყოფელთა ქვედანაყოფის ცალმხრივი დესანტი და მაღლობზე მისი კაპიტალური დაფუძნება დოკუმენტით განსაზღვრული არ არის”, - აღნიშნავს გაზეთი.

რუსეთის ქვეითი ჯარების შტაბის წარმომადგენელმა “გრანის” განუცხადა, რომ, შესაძლოა, მათ რამდენადმე გადააჭარბეს შეთანხმებებით განსაზღვრულ უფლებებს, მაგრამ, მისი თქმით, თბილისის რეაგირება მომხდარზე აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.

13 აპრილის ინტერნეტგაზეთი “სტრანა” იმოწმებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვით, “კოლექტიური სამშვიდობო ძალების 102-ე საგუშაგოს აღდგენის პროცესში გამოირკვა, რომ ქართული მხარე უხეშად არღვევს ხელშეკრულებას კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანის თაობაზე”. გაზეთის ცნობით, “აფხაზური მხარე არ გამორიცხავს, რომ კოდორის ხეობაში, ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად, თავი შეაფარეს საერთაშორისო ტერორისტთა რაზმებმა. აფხაზური მხარის აზრით, ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ, ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს არ უთქვამს უარი კოდორის ხეობის პლაცდარმად გამოყენებაზე, რათა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახორციელოს აფხაზეთის წინააღმდეგ”.

“სამშვიდობო ძალების სარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, გენერალ-მაიორმა ალეკსანდრ ევტეევმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 13 აპრილს მშვიდობისმყოფელთა ქვედანაყოფებმა დატოვეს აჟარის საგუშაგო და დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, მაგრამ, როგორც გენერალმა აღნიშნა, კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგრძელებენ პატრულირებას კოდორის ხეობის ზედა და ქვედა ნაწილში. ევტეევის თქმით, პატრულირება კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც განხორციელდება”.

“სტრანას” კიდევ ერთ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 13 აპრილს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის. კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბრის მსვლელობაში სახელმწიფოთა მეთაურებმა განიხილეს სიტუაცია, რომელიც შეიქმნა კოდორის ხეობაში კოლექტიურ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით. გაზეთი იმოწმებს საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტის” ცნობას, რომლის მიხედვით, ”ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სიტუაციის ნორმალიზება კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს კოდორის ხეობაში პატრულირების გაგრძელების საშუალებას მისცემს, 2002 წლის 2 აპრილს ხელმოწერილი ოქმის თანახმად, რაც ამ რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს ემსახურება”. “სტრანას” თქმით, “ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ვითარების სწრაფად მოგვარება შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ერთობლივი ძალებით, რასაც კოორდინიციას გაუწევს გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი”.

12 აპრილის ინტერნეტგაზეთ “ვესტის” სიტყვებით,

“საინტერესოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ხან “თბება”, ხან “ცივდება”, რასაც, მეტი რომ არ ითქვას, სხვადასხვა მოგონილი საბაბი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ნოემბრის დასაწყისში საყოველთაო სიხარული გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძემ აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. მაგრამ აჭარის მეთაურის სამშვიდობო მისია ფანტომი აღმოჩნდა. ამჯერად ასეთსავე, ოღონდ “საწინააღმდეგო ნიშნის” მქონე, ფანტომად მოგვევლინა კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის დესანტი სოფელ აჟარასთან.

ფანტომების წამალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ რეალობას უნდა გაუსწორო თვალი.

ან, იქნებ, ეს რეალობა, მართლაც, ისეთია, რომ აფხაზური ჩიხიდან გამოსავალი უახლოესი ათწლეულებისათვის, მართლაც, არ ჩანს? – სვამს კითხვას გაზეთი “ვესტი”.
XS
SM
MD
LG