Accessibility links

ქართველმა მეცნიერებმა წმინდა მიწაზე ოთხმოცდაათი ქართული წარწერა და ''ოქროს ოთხთავი'' აღმოაჩინეს


აპრილის დასაწყისში საერთაშორისო ექსპედიციიდან დაბრუნდა ქართველ მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომელიც ისრაელსა და პალესტინაში სამი თვის მანძილზე ქართულ სიძველეებს იკვლევდა.

15 აპრილს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპედიციის წევრებმა გაწეული მუშაობის შედეგები წარმოადგინეს. მეცნიერთა თქმით, თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ წმინდა მიწაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევა- ძიება, რომელიც ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსა, სენსაციური შედეგით დასრულდა. ორმოცი ახალი ქართული წარწერის გარდა, ექსპედიციის მუშაობისას მიკვლეულია ხელნაწერი, რომელსაც ტექსტშივე "ოქროს ოთხთავი" ეწოდება. თუმცა ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე ვერც უსიამოვნებებს გადაურჩნენ.

ქართველ მეცნიერთა ოცკაციანი ჯგუფისა და მღვდელმსახურებისგან შემდგარი კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია წმინდა მიწაზე მუშაობას გასული წლის 17 დეკემბრიდან შეუდგა.

სამთვიანი დაძაბული კვლევა-ძიების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მეცნიერები სიხარულს ვერ მალავენ. ჯგუფის ხელმძღვანელის ფილოლოგ თამილა მგალობიშვილის განცხადებით, ექსპედიციის შედეგად, ქართველთა სახელთან დაკავშირებული ოცდათხუთმეტი მონასტერი, საეკლესიო ნივთები და მრავალი ხელნაწერი დოკუმენტი დაფიქსირდა. წაკითხულია და კალკაზე გადმოღებული ოთხმოცდაათამდე ქართული წარწერა, მათ შორის, ორმოცამდე - უცნობი. აღიწერა მრავალი, ცნობილი თუ უცნობი, მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი.

გარდა ამისა, პირველად მოხერხდა ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მხატვრობის დათვალიერება-აღწერა და სამომავლო კვლება-ძიების დასაწყებად საჭირო მასალების მომზადება.
თამილა მგალობლიშვილის თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბერძნულ საპატრიარქოში ექსპედიციის მიერ მიკვლეული ქართულ-ბერძნულ წარწერიანი სპილენძის საბეჭდავი და აქამდე უცნობი ხელნაწერი, რომელიც ოქროს ასოებითაა შესრულებული და ორმოცდარვა ილუსტრაციითაა შემკული.
[თამილა მგალობლიშვილის ხმა] " რომელსაც ანდერძშივე ეწოდება "ოქროს ოთხთავი" იმიტომ, რომ ის, მართლაც, ოქროს მელნით არის ნაწერი. არის ორმოცდარვა მინიატურა, სუყველა ოქროზე - ფენოვან ოქროზე - შესრულებული. ეს ორმოცდარვა მინიატურა ეკუთვნის ორ მხატვარს, ერთი არის კლასიკური ტიპის მხატვარი, მეორე არის სრულიად უნიკალური თვითნასწავლი მხატვარი. ჩვენ მას შევარქვით გვიანი შუასაუკუნეების ფიროსმანი".

მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიციის წევრებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა ჰქონდათ მიღებული, როგორც ირკვევა, ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ისინი არაერთ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას წააწყდნენ. თამილა მგალობლიშვილის თქმით, ქართველ მეცნიერებს მხოლოდ ორ-ორი საათით, და ისიც მხოლოდ საღამოობით, აძლევდნენ ხელნაწერებზე მუშაობის უფლებას.
დაფიქსირდა აშკარა ვანდალობის ფაქტიც: 21 მარტს ბერძნული საპატრიარქოს ეზოში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის კედელზე უცნობების მიერ მონგრეულ იქნა ფრაგმენტი, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა დიდი რუდუნებით 14 თებერვალს აღმოაჩინეს.

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] "ეს არის წარწერა წმინდა ნიკოლოზის მონასტრის აღმოსავლეთ კედელზე. ეს კედელი გამოდის საპატრიარქოს -ბერძნული საპატრიარქოს - ბაღში, რომელიც დახურულია, დაკეტილია და, თუ ნებართვა არა გაქვს, იქ ვერ შეხვალ. ეს არის კახთა დედოფლის, ელენეს, წარწერა, რომელიც შემდეგ იქ გახდა მონაზონი. ის შესთხოვს მეოხებას წმინდა ნიკოლოზს და დახმარებას უფალთან"(სტილი დაცულია).

საბედნიეროდ, წარწერა დაზიანებამდე იქნა დაფიქსირებული და კალკაზე გადმოტანილი ქართველი მეცნიერების მიერ. ხოლო ექსპედიციის წევრების პროტესტისა და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო თანახმაა პირვანდელ ადგილას აღადგინოს ამ წარწერის ასლი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თუ ამ უსიამოვნო ფაქტს არ მივიღებთ მხედველობაში, მგალობლიშვილის განცხადებით, კვლევის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს როგორც წმინდა მიწაზე მომუშავე ევროპელმა მეცნიერებმა, ასევე ისრაელმა, პალესტინელმა და იორდანელმა მეცნიერებმა. კერძოდ, დაგეგმილია ჯვრის მონასტრის ეზოში ბიბლიური წმინდა ლოტის მღვიმის გათხრა ისრაელ და ბერძენ არქეოლოგებთან ერთად. უცხოელი მეცნიერების თანამონაწილეობით განზრახულია, აგრეთვე, პეტრე იბერის მიერ წმინდა მიწაზე აშენებულ მონასტერთა მოძიება და რუკაზე გადატანა. და ეს ყველაფერი, ქართველი მეცნიერების აზრით, მეცნიერულის გარდა, პოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს.
XS
SM
MD
LG