Accessibility links

ბადრი ხატიძე და კორუფციული დარღვევები


დავით პაიჭაძე, თბილისი ორი თვის წინათ სამთავრობო სხდომაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის, კობა ბუჩუკურის, პოსტიდან მოხსნამ შექმნა პრეცედენტი,

თუ როგორ შეიძლება ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში არსებული დარღვევა-შეუსაბამობის გამო ადამიანმა თანამდებობა დატოვოს. პრეცედენტი ჯერჯერობით არ განმეორებულა, თუმცა ამავე სახის დარღვევაში საჯაროდ ამხილეს ლევან მამალაძე - პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში. და აი, ორშაბათს, 15 აპრილს, ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევა არანაკლებ მსხვილი ჩინოვნიკის დეკლარაციაში აღმოაჩინა. საქმე ეხება პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ბადრი ხატიძეს.

ისტორია სათავეს იღებს 1993 წელს, როცა მოქალაქე ლეილა ჭყოიძემ თავისი ახლობლის, თამარ გონგაძის, თხოვნით, ბადრი ხატიძისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად ფული ისესხა. იმხანად საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალი იყო: 35-დან 50%-მდე.12 500 დოლარის გასტუმრებას, თავისი პროცენტით, გონგაძე ერთ თვეში დაჰპირდა, მაგრამ ვერც ერთ თვეში და ვერც შემდგომ ეს ვერ მოახერხა და ხატიძისთვის ნასესხები ფულის პროცენტებს ლეილა ჭყოიძე თვეების მანძილზე ახალი პროცენტიანი ვალებით ისტუმრებდა, რამაც ვალის ოდენობა კატასტროფულად გაზარდა. ვალის გასტუმრებისათვის დღემდე ლეილა ჭყოიძეს მოუხდა ერთი აგარაკის, დის ორი, მშობლების ერთი და ერთიც საკუთარი ბინის გაყიდვა. დღეს იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

1995 წელს ბადრი ხატიძე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ხდება და ნახევარ წელიწადში ჭყოიძისთვის თანხის დაბრუნებას იწყებს. 23 ათასი დოლარის დაბრუნების შემდეგ გადახდას წყვეტს, რაც ვალის ოდენობას ისევ ზრდის. 1997 წელს აგარის შაქრის კომბინატი ლეილა ჭყოიძის ანგარიშზე, ხატიძის მითითებით, “ივერთბანკში” რიცხავს 50 ათას ლარს, მაგრამ ვალი ამით მაინც არ იფარება. იმავე წელს ჭყოიძემ, ხატიძისავე შუამდგომლობით, გორის წისქვილკომბინატიდან 100 ტონა ფქვილი გამოიტანა და მევალეთა დასაწყნარებლად, მალე გაყიდვის მიზნით, დაბალი ფასი დაადო და, შესაბამისად, ვალიც დაემატა.

1999 წლის 27 იანვარს ლეილა ჭყოიძე შეხვდა ბადრი ხატიძესა და მის მეუღლეს, მანანა მეტრეველს. შეხვედრაზე ჭყოიძეს დაუბრუნეს 50 ათასი დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში – 105 ათასი ლარი. ეს გაფორმდა, როგორც მანანა მეტრეველის მიერ ჭყოიძისათვის თანხის სესხება, რისი ნოტარიალურად დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი წარმოადგინა გივი თარგამაძემ და დასძინა [თარგამაძის ხმა]: “საქმე ის გახლავთ, რომ ეს თანხა არ არის მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში, რაც საკმაოდ უხეში დარღვევაა. აქ დასამტკიცებელია, რომ ეს განზრახ ხდება; ჩვენ ვფიქრობთ, დიდი დამტკიცება ამას არ სჭირდება: ბადრი ხატიძეს, წლების მანძილზე დეკლარაციებში აღწერილი მდგომარეობის მიხედვით, არ გააჩნია და არც გააჩნდა ამ ოდენობის თანხა. ამდენად, ვფიქრობთ, მან შეგნებულად გააყალბა დეკლარაცია და არ შეიტანა ეს თანხა დეკლარაციაში”.

თავად ბადრი ხატიძე თარგამაძის სიტყვებს აგებებს განცხადებას, რომ ანტიკორუფციული საბჭოს წევრი კარგად ცნობილი პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით მუშაობს და ჭეშმარიტება მაშინ დადგინდება, როცა თარგამაძე მოძიებულ მასალებს საბჭოს გადასცემს.

გივი თარგამაძე არაფრად აგდებს ეჭვს, რომ იგი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებს და ამბობს, რომ მასალები მაშინ გამოამზეურა, როცა ლეილა ჭყოიძეს მოთმინების ფიალა აევსო და აღარ შეუშინდა მის მიმართ მრავალგზის გამოთქმულ მუქარას [თარგამაძის ხმა]: “რაც შეეხება ბატონი ბადრი ხატიძის მიმართ ჩემს პოზიციას: სერიოზული ეჭვი ყოველთვის მქონდა, რომ ის იყო აბსოლუტურად კორუმპირებული. უბრალოდ, მიკვირს მისი მხრიდან ასეთი თავხედობა: იცის, ამხელა ტვირთი ადევს მხრებზე და მაინც არ ისტუმრებს ამ თანხას, მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, ამაზე ათჯერ მეტი ფული აქვს. ჩემთვის ეს გაუგებარია. ასეთ საქციელს დაუსჯელობის არსებული სინდრომი იწვევს, რაც პირველი შემთხვევა არ არის ჩემს პრაქტიკაში”.
XS
SM
MD
LG