Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხოტივარის იუბილე


წელს ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა ქართული კინოს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილე აღნიშნეს.

ოთხ იანვარს 100 წელი გავიდა ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ლევან ხოტივარის დაბადებიდან. კინოში იგი სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1980 წელს, ერთ-ერთი პირველი ქართული მხატვრული ფილმი - ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი” აღადგინა. თუმცა მაყურებელს ლევან ხოტივარი უფრო მეტად პოპულარული კომედიებით დაამახსოვრდა. ხოტივარის “უდიპლომო სასიძო’ და “მხიარული რომანი” ყველაზე უხვშემოსავლიანი ქართული ფილმებია. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”, დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით ავხსნათ, თუ რამ განაპირობა ლევან ხოტივარის ფილმების პოპულარობა.

ქართველ კინომცოდნეებს ჯერ არ შეუსწავლიათ უჩვეულო ფენომენი, რომელსაც “მსახიობი-რეჟისორის კინო” ჰქვია. არა და ეს, მართლაც რომ, უნივერსალური ფენომენია. ყველა მსახიობს, რომელიც რეჟისორობას გადაწყვეტს (ქართველი იქნება იგი, რუსი თუ ამერიკელი), თითქოს შურისძიების სურვილი ამოძრავებს – აქამდე მას თრგუნავდნენ, მისით მანიპულაციას მიმართავდნენ, ხშირად მისი აზრი საერთოდ არ აინტერესებდათ. ახლა კი, როცა ფილმის გადაღების საშუალება მისცეს, არტისტი ცდილობს ერთბაშად განთავისუფლდეს წარსულის ტვირთისგან; იგი ცდილობს ერთბაშად თქვას ყველაფერი, რისი თქმის უფლებასაც მას არ აძლევდნენ; იგი ყველა ღონეს ხმარობს, რათა გამოასწოროს იმ რეჟისორების “შეცდომები”, რომლებთანაც აქამდე მუშაობა უხდებოდა, ანუ, როგორც წესი, ახლა უკვე რეჟისორად ქცეული მსახიობი საოცრად ტოლერანტულია თავისი მსახიობების მიმართ და ფილმზე მუშაობის პროცესში ცდილობს სრული თავისუფლება მიანიჭოს თავის კოლეგებს.

ქართული მხატვრული კინოს პიონერები კინორეჟისურაში, როგორც ცნობილია, ძირითადად, მხატვრობიდან, თეატრიდან, პოეზიიდან მოვიდნენ. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ლევან ხოტივარმა, მას შემდეგ, რაც 1925 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბებული კინომსახიობის სტუდია დაამთავრა, თავდაპირველად კინოარტისტის პროფესია აირჩია. იგი გადაიღეს ფილმებში: “ხანუმა”, “უკანასკნელი მასკარადი”, “ნახვამდის”, “ახალგაზრდობა იმარჯვებს” და კიდევ რამდენიმე სურათში, რომლებიც დღეს, კინოს ისტორიკოსების გარდა, აღარავის ახსოვს. თუმცა სწორედ ქართული კინოს ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ფილმებში ლევან ხოტივარმა დაუვიწყარი სახეები შექმნა. ეპიზოდურ როლებშიც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. აშკარა იყო, რომ მას არტისტობა არ აკმაყოფილებდა, რადგან 30-იანი წლების მკაცრად “რეგლამენტირებული კინოს” ფარგლებშიც კი იმპროვიზაციისთვის იღვწოდა, უფრო მეტიც, გადასაღებ მოედანზე თავის კოლეგებს აიძულებდა, ბრმად არ დამორჩილებოდნენ რეჟისორის მითითებებს.

მოუთვინიერებელ კინომსახიობს ყველაფერი ეს უკან დაუბრუნდა, როგორც კი თავად გადაწყვიტა რეჟისორობა. მაგალითად, ქართული კინოგაქირავების “ჰიტად” აღიარებულ ფილმს “უდიპლომო სასიძო”, რომლის გადაღება ხოტივარმა 1959 წელს დაიწყო, თავდაპირველად “მოტაცება” ერქვა, მაგრამ ფილმის გადაღების პროცესში შეიცვალა არა მარტო სათაური, არამედ სიუჟეტიც... და არამც და არამც ცენზურის მითითებების გამო. ყველაფერი შეცვალეს მსახიობებმა: აკაკი ვასაძემ, სანდრო ჟორჟოლიანმა, აკაკი კვანტალიანმა, ბელა მირიანაშვილმა, ვახტანგ ნინუამ, დოდო აბაშიძემ. ფილმს იღებდნენ ერთი ან ორი დუბლით, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდის საბჭოთა კინოში. მაგრამ აუთვისებელი ფირი არ დარჩენილა. დარჩა მხოლოდ გათვალისწინებულზე უფრო მეტი გადაღებული მასალა, რომელიც ფილმში ფიზიკურად ვერ შევიდა. ქართული კინოს ვარსკვლავები თითქოს იმპროვიზაციაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. და, მართალია, ინტელექტუალებმა “უდიპლომო სასიძოზე” კარგა მაგრად იქილიკეს, მაყურებელი მიაწყდა კინოთეატრებს, სადაც ლევან ხოტივარის კომედიას უჩვენებდნენ. და არა მარტო იმიტომ, რომ ხოტივარმა, როგორც არტისტმა, კარგად იცოდა, რომ პუბლიკა ჭკუას კარგავს ვოდევილის ჟანრზე, ყველანაირ მოულოდნელობაზე, რომელიც გაუგებრობით იქმნება ხოლმე, არც იმიტომ, რომ ხოტივარმა, როგორც ყოფილმა არტისტმა, სრულიად გაათავისუფლა მსახიობები, რომლებიც აქამდე სტალინური კინოს ფსევდოკლასიცისტურ მიზანსცენებში, რეჟისორისა და ოპერატორის გარეშე, ზედმეტ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდნენ. მთავარი ის იყო, რომ ლევან ხოტივარმა ძალიან კარგად იგრძნო ცვლილებები, რომელიც 50-იანი წლების მიწურულს ხდებოდა ჩვენში. ეს უპრეტენზიო, ექსცენტრიკული კომედია ხომ ადამიანურ სისუსტეებზე გვიამბობდა, ანუ რეჟისორი დემონსტრაციულად ამბობდა უარს ტოტალიტარული კულტურისთვის ჩვეულ ჰეროიკაზე.
[ხმა “უდიპლომო სასიძო”]

სხვათა შორის, სტალინურ-ჰეროიკული ესთეტიკის შერყევას ლევან ხოტივარი უფრო ადრეც შეეცადა დრამაში (უფრო სწორად, ალბათ, მელოდრამაში) “განაჩენი”, რომელიც მან “უდიპლომო სასიძომდე” გადაიღო. მიუხედავად ძალზე სქემატური სიუჟეტისა და კონსპექტური დრამატურგიისა, ფილმში ერთი რამ ნამდვილად ახალი იყო – ეს დრამატურგია ისე აიგო, რომ მაყურებელი თანაუგრძნობდა მთავარ გმირს, ინჟინერ-დამნაშავეს, რომლის დაუდევრობამ მშენებლობაზე ხალხი შეიწირა. 30-იან წლებში გადაღებულ ფილმებში ასეთი პერსონაჟი “ხალხის მტრის” თუ “მავნებლის” პროტოტიპი გახდებოდა, მაგრამ აქ სურათის გმირს, ამ მოსიყვარულე მამასა და თავისი საქმის ფანატიკოსს, არა თუ მაყურებელი, თვით პროკურორიც კი თანაუგრძნობს. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძე გაიხსენებს, თუ როგორი ეჭვით, გაღიზიანებით შეხვდა მოსკოვის ცენზურა ლევან ხოტივარის ამ სურათს. კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა ახალი ჩატარებული იყო და პარტიულ ბიუროკრატებს ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ამიტომ “განაჩენის” ჩაბარების პროცესი დიდხანს გაიწელა. ბოლოს და ბოლოს, ლევან ხოტივარმა გადაწყვიტა ფილმი საბჭოთა კავშირის პროკურატურის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა. სეანსი შედგა, მაგრამ სურათის დასრულების შემდეგ რეჟისორს საშინელი დღე დააყარეს. “ეს სასამართლოში გაწაფული ორატორები, –წერდა აკაკი ბაქრაძე, – ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ჩვენი ფილმიდან. დაიწუნეს ყველაფერი: დაწყებული იმით, რომ ფილმში არასწორად აქვს პროკურორს ღილი დაკერებული მუნდირზე, დამთავრებული კინოსურათის შინაარსით და აზრით... ტრიბუნაზე ავიდა ერთი ახალგაზრდა პროკურორი ქალი და დამსწრეებს მიმართა: - ამხანაგებო, დავწეროთ კოლექტიური წერილი. გავუგზავნოთ კინემატოგრაფიის მთავარ სამმართველოს თხოვნით: აიკრძალოს “განაჩენის” საჯაროდ ჩვენება, რადგან იგი ცილს სწამებს საბჭოელი პროკურორის საქმიანობას”. ამ გამოსვლის შემდეგ ტრიბუნაზე თავად ლევან ხოტივარი ასულა და უთქვამს “ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, გამიშვით აქედან სახლში, ბუტირკის ციხეში ნუ გამისტუმრებთო”.

ლევან ხოტივარმა მშვენივრად იცოდა, რომ იმხანად “მავნე ფილმისთვის” რეჟისორს ბუტირკაში აღარ გზავნიდნენ. მან ისიც იცოდა, რომ ამ სიტყვებით ახლად დამდგარი ხრუშჩოვის ეპოქის პროკურორებსაც მოხიბლავდა. და ასეც მოხდა. ქართველი რეჟისორის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში გამაყრუებელი ხარხარი ატყდა. ცოტა ხანში “განაჩენი” ეკრანებზე გამოვიდა.

30-იან წლებში, როცა კინოში იღებდნენ, მასზე ამბობდნენ, რომ პუბლიკას გრძნობდა ძალიან კარგად. მერე კი რეჟისორი გახდა და ისწავლა არა მარტო ის, თუ რა უნდოდა პუბლიკას, არამედ ისიც, თუ რა უნდოდა დროს, ისტორიას. 1971 წელს, როცა “უძრაობის ეპოქის” აჩრდილი ქართულ კულტურასაც მისწვდა, ლევან ხოტივარმა ექსცენტრიკული კომედია “მხიარული რომანი” გადაიღო, იმხანად ძალზე პოპულარული ფრანგული “ფანტომასის” სტილში. ოღონდ ლუი დე ფიუნესი აქ იპოლიტე ხვიჩიამ შეცვალა. ამ აბსოლუტურად არაფრისმთქმელ ექსცენტრიკას, შეზავებულს მუსიკალურ ჰიტებად ქცეული სიმღერებით, ფენომენალური წარმატება ჰქონდა [ხმა. მუსიკა ფილმიდან “მხიარული რომანი”]. ლევან ხოტივარს შეეძლო ისტორიის დინებას გაჰყოლოდა, უფრო სწორად, “გაყინული დროის” მეხოტბე გამხდარიყო ქართულ კინოში, მაგრამ მან ეს არ გააკეთა – გადასაღები მოედანი თავის შვილებს დაუთმო. შვილებმა “ლაზარე”, “სერენადა” გადაიღეს. ლევან ხოტივარმა ისიც კარგად იცოდა, რომ დრო წარმავალია, მარადიული კი მხოლოდ მაღალი ხელოვნებაა. თუმცა ვერ დაიჯერებდა, ალბათ, რომ “უდიპლომო სასიძო” საქართველოში 21-ე საუკუნეშიც ემახსოვრებოდათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG