Accessibility links

პაუელის მისიამ ახლო აღმოსავლეთში სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების სენატის წამყვანი წევრები აცხადებენ, რომ არ სურთ ჩარევა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და სახელწმიფო მდივნის კოლინ პაუელის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მცდელობებში.



ბევრი მიმომხილველი სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან აკრიტიკებს ბუშს იმის გამო, რომ ის ბოლო დრომდე არ ერეოდა აქტიურად რეგიონის საქმეებში. მათი აზრით, ვაშინგტონის უფრო ინტენსიური ჩარევის შემთხვევაში არ მოხდებოდა კონფლიქტის ესკალაცია დღევანდელ მასშტაბებამდე.

ზოგიერთი კრიტიკოსი ბუშს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მაშინ, როცა პრეზიდენტი თვით დევნის ტერორისტებს ავღანეთში, ის მოითხოვს, რომ ისრაელი არ გამოეპასუხოს ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებშიც მისი მოქალაქეები იღუპებიან.

სახელმწიფო მდივანი პაუელი ახლა რეგიონში ყველა მხარესთან შეხვედრას ცდილობს. კვირას ის შეხვდა პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს მის შტაბ-ბინაში, ქალაქ რამალაში.

შეხვედრა შაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო იმის გამო, რომ არაფატმა არ დაგმო უმალვე პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც თავი აიფექთა პარასკევს. აფეთქებაში 6 ისრაელი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.

პაუელისა და არაფატის შეხვედრა სამ საათს გრძელდებოდა, მაგრამ პაუელმა ვერ შეძლო არაფატის დაყაბულება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. არაფატის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ სანამ ისრაელის ძალები არ დატოვებენ პალესტინელთა ტერიტორიებს, ცეცხლის შეწყვეტაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისრაელის ძალები უკვე ორნახევარი კვირის განმავლობაში ახორციელებენ ტერორისტთა ინფრასტურუქტურის განადგურების სამხედრო ოპერაციას პალესტინელთა ქალაქებში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, რომელსაც პაუელი კვირას საღამოს შეხვდა იერუსალიმში, არ თქვა, როდის აპირებს პალესტინელთა მიწებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის ბრძანების გაცემას.

პაუელთან წინა შეხვედრაზე შარონმა წამოაყენა წინადადება რეგიონული კონფერენციის მოწვევის შესახებ შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, მოროკოსა და ევგიპტის და, ცხადია, ისრაელისა და პალესტინელთა მონაწილეობით. ცნობებით, მან გამოხატა სურვილი, რომ არაფატმა არ მიიღოს მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში.

ორშაბათს პაუელი ლიბანსა და სირიაშია. სირია მთავარი მხარდამჭერია “ჰეზბოლასი”, რომელიც სამხრეთი ლიბანიდან ესხმის თავს ისრაელს და არის საშიშროება, რომ ეს თავდასხმები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს საერთაშორისო განზომილებას მიანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ პაუელის მისიას შესაჩნევი შედეგი არ მოუტანია, სენატორები ამერიკის ორივე მთავარი პოლიტიკური პარტიიდან თავს იკავებენ კრიტიკისგან.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა: “ვაცადოთ. თუ კარგი შედეგები იქნება, შესანიშნავია. თუ არა, მერე ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლებაო.”

ბაიდენის კომიტეტის წამყვანმა წევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჩაკ ჰეიგელმა ამერიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საჭიროა მიეცეს პაუელს შესაძლებლობა როგორც უნდა, ისე წარმართოს მისი უაღრესად ძნელი მისია.
[ჰეიგელის ხმა] “…ეს საკითხი ყველა პრეზიდენტს აწუხებდა, ჯერ კიდევ ჰარი ტრუმენს (1940იანი წლების მიწურულიდან). ვერავინ ვერ მოახერხა მისი გადაჭრა. და ეს ვერ მოგვარდება ერთი ვიზიტის განმავლობაში. ალბათ ვერც ერთ თვეში. ამას ბევრი დრო მოუნდება.”

ჰეიგელი თვლის, რომ თუ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა, საჭიროა რეგიონში ამერიკელი ან ნატოს მეთვალყურეების გაგზავნა.

კიდევ ერთი სენატორი კი, დემოკრატი ჩარლზ შუმერი თვლის, რომ დასავლელი მონიტორები იქ ვერას გახდებიან, ვინაიდან შეუძლებელია თვითმკვლელ/ი ტერორისტებზე მეთვალყურეობის დაწესება.

ბაიდენი საუდის არაბეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმასაც შეეხო. ამ ინიციატივის თანახმად, თუ ისრაელი დაიხევს 1967 წელს დაკავებული ყველა ტერიტორიიდან, რეგიონის არაბული სახელმწიფოები მზად არიან მასთან ურთიერთობათა ნორმალიზებისთვის.

ბაიდენი ამ ინიციატივას სკეპტიკურად ეკიდება. ”ეს ის ქვეყნებია, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტებს, რომელბიც თვალს ხუჭავენ ტერორზე და ზოგჯერ იფარებენ ტერორისტებსო”, თქვა ამერიკელმა სენატორმა.
XS
SM
MD
LG