Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის 16 წლისთავი


ანდრო ეული, პრაღა 16 წელი გავიდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფიდან, მაგრამ ამ უპრეცედენტო ავარიის შედეგად გამოწვეული რადიაციული დასხივება კვლავინდებურად საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

თანაც, არა იმდენად უკრაინაში, სადაც ეს ავარია მოხდა, რამდენადაც მეზობელ ბელორუსიაში.

ბელორუსიის ტერიტორიის თითქმის მეოთხედი რადიაციითაა დასხივებული, რაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის აპრილში მომხდარმა კატასტროფამ გამოიწვია. 1700 კვადრატული კილომეტრის ფართობი ბელორუსიაში, მთლიანად ევაკუირებულია დღემდე, მავთულხლართებითაა შემოღობილი და პოლიციელთა გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშაა. თუმცა, ამ მოწამლული ზონიდან რადიაცია კარგა დიდ მანძილზე ვრცელდება.

ათმილიონიან ბელორუსიაში, ყოველი ხუთი მოსახლიდან ერთს რადიაციული დასხივება აქვს მიღებული. ბელორუსი მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩერნობილიდან გამოჟონილი რადიაციის 70 პროცენტი ბელორუსიამ მიიღო. როგორც ოპოზიციური მოძრაობის, ”ბელორუსიის სახალხო ფრონტის” ლიდერი ვინჩუკ ვიაცორკა აღნიშნავს, 140 000-მდე ადამიანი დღესაც რესპუბლიკის იმ რეგიონებში ცხოვრობს, სადაც რადიაციის დონე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 15 კიურის აღემატება, მაშინ როცა ევროპაში რადიაციის საშუალო დონე ერთ კვადრატულ კილომეტრზე ერთ კიურიზე ნაკლებია. რუსეთმა და უკრაინამ კარგა ხნის წინათ გაიყვანეს ხალხი მაღალი რადიაციის შემცველი რაიონებიდან. მოელიან, რომ უახლოეს წლებში 12 000 ადამიანი, უმეტესწილად ბელორუსიის მკვიდრი, ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადდება.

ოფიციალური პირები მინსკში აცხადებენ, რომ დასავლეთმა, ანტი-დემოკრატიულ მმართველობაში რომ ადანაშაულებს ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას, თითქმის მთლიანად შეუწყვიტა ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ყოველგვარი დახმარება. ხოლო ”ბელორუსიის სახალხო ფრონტის” ლიდერს ვინჩუკ ვიაცორკას მიაჩნია, რომ ბელორუსიის მთავრობა თავად აფერხებს დასავლეთიდან დახმარების მიღებას.

პრეზიდენტმა ლუკაშენკამ პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომლის თანახმად რესპუბლიკაში მოქმედმა ყველა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ორი წლის წინათ ქალაქ გომელის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორს იური ბანდაჟევსკის მექრთამეობის
ბრალდება წაუყენეს და დააპატიმრეს. როგორც ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, ამ თვალსაჩინო მეცნიერის სასამართლო პროცესზე არ ყოფილა წარმოდგენილი ბრალდების დამადასტურებელი სამხილი. სინამდვილეში ბანადაჟევსკი იმიტომ დააპატიმრეს, რომ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, რატომ გახშირდა რესპუბლიკაში კიბოთი დაავადების შემთხვევები. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იური ბანდაჟევსკის განთავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც ვინჩუკ ვიაცორკა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც 1996 წელს მოწყობილი რეფერენდუმის წყალობით ლუკაშენკამ კიდევ უფრო გაიფართოვა უფლებამოსილება და, თან პრეზიდენტობის ვადაც უარჩევნებოდ გაიხანგრძლივა, ბელორუსიის ხელისუფლებამ მოადუნა მაღალი რადიაციის შემცველ რეგიონებზე კონტროლი: ხალხს აღარ უკრძალავენ ამგვარ ზონებში დასახლებას, ხოლო ზოგიერთ რაიონში მთავრობის ინიციატივით მარცვლეულის კულტურები აქვს დათესილი ხალხს.

ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი რუზა გონჩაროვა, 1986 წლიდან მოყოლებული გამოკვლევას აწარმოებს რესპუბლიკის იმ რეგიონებში, სადაც უჩვეულოდ მაღალია რადიაციის შემცველობა. გონჩაროვას თქმით, მრავალ სასურსათო ნაწარმში, რომელიც ბელორუსიაში იყიდება, უაღრესად მაღალია რადიაციის შემცველობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

ქალაქ გომელის მკვიდრი ვიქტორ კორნიენკო აცხადებს, რომ ბელორუსიის იმ რაონებში, სადაც უაღრესად მაღალია რადიაციის დონე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული ლტოლვილები სახლდებიან. ამ იმიგრანტების უმრავლესობა არალეგალურად ჩადის ბელორუსიაში, მაგრამ ხელისუფალნი ხშირად თვალს ხუჭავენ ამაზე, თუ ჩასული იმიგრანტები მაღალი რადიაციის ზონებში სახლდებიან.

რაც შეეხება ოფიციალური მინსკის უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დასავლეთმა უკანასკნელ წლებში თითქმის მთლიანად შეუწყვიტა ბელორუსიას ჰუმანიტარული დახმარება, ბელორუსიის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, სტანისლავ შუშკევიჩმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია ამჟამად, ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ”ბელორუსია მიჩნეულია არადემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ შეუწყვიტა ჩვენს რესპუბლიკას დასავლეთმა დახმარების მიწოდება.”
XS
SM
MD
LG