Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ენა ყოფილ საბჭოთა კავშირში გავლენას კარგავს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში გესაუბრეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში რუსული ენის სტატუსის შესახებ.

აღვნიშნეთ, რომ რუსულის შენარჩუნების ტენდენციები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირია. მაგალითად შუა აზიის რესპუბლიკებში, სადაც მოსახლეობაში რუსულენოვანთა წილი მნიშვნელოვანია, რუსული ისევ შედის მოდაში.

სხვა სურათს ვხედავთ სამხრეთი კავკასიის სამ რესპუბლიკაში – აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში – სადაც მოსახლეობის შემადგენლობა, შუა აზიასა და უკრაინასთან შედარებით, ჰომოგენურია. სომხეთში, მაგალითად, რუსები მოსახლეობის ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ.

ამ რესპუბლიკებში შეიმჩნევა ტიტულური ენების დომინირება ცხოვრების ყველა სფეროში, რასაც, როგორც აღნიშნავს ვაშინგტონელი ექსპერტი რიჩარდ გირაგოსიანი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ, ვთქვათ, ქართული და სომხური ანბანები კირილიცაზე რამდენიმე საუკუნით უფროსია.

გირაგოსიანი, რომელიც უშვებს ყოველთვიურ ბიულეტენს სახელწოდებით ”ტრანსკავკასია: ქრონოლოგია”, აღნიშნავს აგრეთვე, რომ ამ რესპუბლიკებში, შერეული ქორწინების შემთხვევაში, უმცირესობიმ წარმომადგენლები, რუსების ჩათვლით, ცდილობენ ტიტულური ენის შესწავლას.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტის თქმით, სამხრეთ კავკასიაში არის სექტორები, სადაც რუსული განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის თამაშს. ეს განსაკუთრებით ეხება სამხედრო სფეროს.

[გირაგოსიანის ხმა] “თუ გადავხედავთ, ვთქვათ, სომხეთის და, გარკვეულწილად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, დავინახავთ, რომ რუსული ენის ცოდნა იქ დიდად ფასობს. მთიანი ყარაბაღის სეპარისტული რეგიონის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კორპუსი უმთავრესად დაკომპლექტებულია რუსულენოვანი ეთნიკური სომხებით, რომლებიც, როცა კონფლიქტმა იფეთქა, ჩავიდნენ იქ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან. საინტერესოა, რომ რუსულის ცოდნა კავკასიაში, განსაკუთრებით სომხეთსა და საქართველოში, კარიერისთვის ხელშემწყობ უპირატესობად ითვლება.”

ასეთი აზრისაა ამერიკელი ანალიტიკოსი გირაგოსიანი. მაგრამ უფრო ფართო გაგებით, განაგრძობს ის, რუსული ენა თანდათანობით გამოდის ხმარებიდან. ეს ტენდენცია ყველაზე მკაფიოდ სომხეთში შეიმჩნევა, თუმცა ერევანს, პოლიტიკურ დონეზე მოსკოვთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს. ამჟამად სომხეთში მხოლოდ ხუთი რუსული სკოლაა, აქედან 4 განკუთვნილია სომხეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო პერსონალის ბავშვებისთვის. ერევანში მუშაობს რუსულენოვანი უნივესიტეტი, რომელშიც მხოლოდ 700 სტუდენტი სწავლობს. ძირითადად, უმაღლესი განთლება სომხეთში სომხურ ენაზეა.

გარდა ამისა, იზრდება ინგლისურის როლი. მართალია, რუსულ ენაზე სწავლების მასშტაბების შემცირება საბიუჯეტო სიძნელეებს მიეწერება, ამბობს გირაგოსიანი, მაგრამ ეს ფაქტორი არ მოქმედებს, როცა საქმე უცხო ენას ეხება. ხდება ინგლისურის, გერმანულისა და, ნაკლები ინტენსივობით, ფრანგული ენების შესწავლა.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ სომეხი სტუდენტები ინგლისურს უკეთ ფლობენ, ვიდრე რუსულს. ამას ხელს უწყობს ინტერნეტი, რომელიც, თუმცა ყველა რესპუბლიკაში ერთანაირად ხელმისაწვდომი არ არის, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებში, უმთავრესად ინგლისურ ენაზეა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ თვალსაწიერ მომავალში რუსული კვლავაც იქნება საურთიერთო ენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მაგრამ მისი დომინანტური როლი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება.

მომავალ გადაცემაში გესაუბრებით რუსული ენის შესახებ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში.
XS
SM
MD
LG