Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება სამხედრო ვალდებულების კანონს ძირფესვიანად ცვლის


უწყებიდან უწყებაში სამწლიანი მოგზაურობისა და მრავალმხრივი ფილტრაციის შემდეგ საერთაშორისო სამხედრო ექსპერტებისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების მიერ მომზადებულმა კანონპროექტებმა, როგორც იქნა, პარლამენტამდეც მიაღწია.

16 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი იმ კანონპროექტების განხილვა მოაწყო, რომლებიც ძირფესვიანად ცვლის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობას და, გარდა ამისა, რამდენიმე არატრადიციული სიახლის დაკანანონებასაც ითვალისწინებს.

"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" დღეს არსებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას განსაზღვრავს, საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 17 სექტემბერს მიიღო.

მაგრამ სინამდვილეში თუ როგორ არეგულირებდა ეს კანონი ვითარებას, ამაზე, შორს რომ არ წავიდეთ, უხარისხოდ ჩატარებული სამხედრო გაწვევები და აქედან გამომდინარე პრობლემების გახსენებაც საკმარისია. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი კანონპროექტები, უწინარესად, სამხედრო კომისარიატების სტრუქტურულ და ფუნქციონალურ რეორგანიზაციას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად ცვლილებათა არსი განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელიც სამშაბათის საკომიტეტო მოსმენაზე რეფორმის მთავარი იდეოლოგისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს ითავსებდა.

როგორც გაირკვა, კანონპროექტის თანახმად, სამხედრო კომისარიატების ფუნქციონალურ მოვალეობათა ნაწილი - კერძოდ, სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა გაწვევა - უნდა გადაეცეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ფუნქციაში რჩება რეზერვისტების აღრიცხვა. ამ ცვლილებით სამხედრო უწყება რამდენიმე პრობლემის გადაჭრას ვარაუდობს.
[დავით თევზაძის ხმა] "პირველ რიგში, როცა საუბარია რიცხოვნების შემცირებაზე, რეალურად შემცირდება რამდენიმე ასეული კაცით რიცხოვნება ჯარში იმ ადამიანებისა, რომლებიც, ვთქვათ, ფუნქციონალურად ბრძოლის წარმოებაში ჩაბმულნი არ არიან. და მეორე ეფექტი ის გახლავთ, რომ საბოლოოდ ჩამოვიცილებთ იმ ლაქას, რომელიც ამ პროცესებს თან სდევეს. ამიტომ ჩვენ ამას განვიხილავთ, ასევე, როგორც ერთ-ერთ ანტიკორუფციულ ღონისძიებას"[სტილი დაცულია].
თუმცა ცვლილებები მხოლოდ სამხედრო კომისარიატებს არ ეხება. კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით არის წარმოდგენილი მთელი რიგი მუხლები, რომლებიც სამხედრო წოდებათა მინიჭებას, საკონტრაქტო სამსახურის ფორმაზე გადასვლას და პროფესიონალ სერჟანტთა ინსტიტუტის როლის ამაღლებას შეეხება. შესაბამისად, ეს ინსტიტუტი რომ უფრო მიმზიდველი გახდეს, დასავლური სამხედრო გამოცდილების გათვალისწინებით, სამოქმედოდ შემოდის სპეციალური წოდებები, სერჟანტ-ლეიტენატის წოდების ჩათვლით. რაც შეეხება სამხედრო სასწავლებელდამთავრებულ ოფიცერთა შემადგენლობას, მათსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთვალდებულება განისაზღვრება 3 ან 5 წლიანი კონტრაქტით, ნაცვლად სავალდებულო ოცწლიანი სამსახურისა.


მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სამხედრო სამსახურის ყველა სეგმენტში ცვლილებების შესახებ არათუ მომწიფებული, არამედ გადამწიფებულიც კია, პარლამენტარები ფიქრობენ, რომ კანონპროექტებს საგაზაფხულო სესიაზე გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდებათ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება კანონპროექტს "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ", რომელიც სამხედრო სამსახურის გადავადების მსურველებს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ყოველწლიურად ორასი ლარის გადახდას აკისრებს. ძირითად წინააღმდეგობას კი კანონპროექტის მომხრეები სოკოებივით მომრავლებული იმ სასაწავლებლების ხელმძღვანელობის მხრიდან ელოდებიან, სადაც მამრობითი სქესის კონტინგენტის მიზიდვის ლამის ერთადერთ ფორმას სწორედ სამხედრო სამსახურის გადავადება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG